ჯადოსნური ჰეთ თრიქის ამბავი

სორიანო სამობით


ესპანელი თავდამსხმელი ხონათან სორიანო ახლა 34 წლისაა. არაფერი იქნება უცნაური, თუ მის შესახებ არაფერი გსმენიათ. იმიტომ რომ, ალბათ ის 2010-2015 წლების ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია.

ხუთი წლის წინ, მას მესიზე მეტი გოლი გაჰქონდა, მაგრამ ტოპ-კლუბებისგან მიწვევები მაინც არ ჰქონია. მაინცდამაინც არც მედია წყალობდა.

სათაურში გამოტანილი ამბავი კი ზალცბურგში მოხდა, სადაც სორიანო 2012 წელს გადავიდა და ხუთი წელიწადი გაატარა. თუმცა, ტრანსფერამდე ორი კვირით ადრე, შემტევი არაფრით დათანხმდებოდა ავსტრიაში გადასვლას, რადგან გააფთრებით ცდილობდა ბარსელონას ძირითადში მოხვედრას.

სორიანი ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, ხანდახან ჩავისთან და ინიესტასთან ერთადაც ვარჯიშობდა, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ მათ მხარდამხარ თამაში არ ეწერა, ავსტრიაში წავიდა.

 

ზალცბურგმა ის 2012-ში სასაცილო 500 ათას ევროდ იყიდა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იყო ავსტრიული ბუნდესლიგის ისტორიაში.

რედ ბულის გუნდებს ორი რამ გამოარჩევს: დიდი ფული და  სკაუტების უზარმაზარი ქსელი. ყოველ მოთამაშეს რამდენიმე სკაუტი აფასებს 70 კრიტერიუმით - გამძლეობა, ზუსტი პასი, სისწრაფე, სათამაშო ინტელექტი და ასე შემდეგ.

„ჩვენი ამოცანაა მსოფლიოს ყველა ფეხბურთელზე გვქონდეს დოსიე, სადაც არ უნდა თამაშობდეს ის, - ამბობდა კლუბის სპორტული დირექტორი რალფ რანგნიკი. სწორედ მან მოძებნა იმავე 2012-ში სადიო მანე ფრანგულ მეცში.

პირველ წელს სორიანომ 15 მატჩში 5 ბურთი გაიტანა. შემდეგში 29, 38 შეხვედრაში. გუნდს როგერ შმიდტი წვრთნიდა. საჩემპიონო 2013-14 წლების სეზონში ზალცბურგელებმა 110 გოლი გაიტანეს და ავსტრიული ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარეს. სორიანო 31 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ევროპა ლიგაში 8 გოლით გამოიჩინა თავი.

ყველა ტურნირში მას 48 გოლი მოუგროვდა. ამდენი იმ სეზონში არავის გაუტანია. კრიშტიანუს და ლუის სუარესს 31-31 გაეტანათ და ოქროს ბუციც მათ გაიყვეს. იმიტომ, რომ ლიგის სტატუსიდან გამომდინარე, მათი მონაგარი ორზე გამრავლდა, სორიანოსი კი 1,5-ზე.

სწორედ იმხანად გადაიტანა სორიანომ ემოცია, რომელიც ცხოვრებაში არ დაავიწყდება. ეს 2013 წლის 20 აპრილს მოხდა. ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე, ზალცბურგი მეორე ადგილზე იყო და მეშუალედე ვოლფსბერგს მასპინძლობდა. შმიდტმა იცოდა, რომ იმ დღეს ლიდერის გარეშე მოუწევდა თამაში. ხონათანი ჰოსპიტალში ბრძანდებოდა ცოლთან, რომელსაც წუთი-წუთზე უნდა ემშობიარა. 

დაიწყო თუ არა მატჩი, შმიდტს აცნობეს, რომ სორიანო მამა გახდა, უკვე მესამედ. გოგონას აბრილი დაარქვეს. მაგრამ ეს ერთდერთი კარგი ამბავი არ იყო, მწვრთნელს აცნობეს, რომ ხონათანი სტადიონისკენ მოეშურება, რათა მეორე ტაიმში ითამაშოსო. საბედნიეროდ, ყოველი შემთხვევისთვის, განაცხადში თავიდანვე შეიყვანეს.

და ხონათანმა ნამდვილი წარმოდგენა მოაწყო, ჰეთ თრიქი შეასრულა და ცხადია, სამივე გოლი თავის ახალდაბადებულს მიუძღვნა.

 

ზალცბურგმა 6:2 მოიგო. ხონათანისთვის კი სამიანმა სიმბოლური მნისვნელობა შეიძინა - სამი გოლი, სამი ქულა და მესამე ქალიშვილი.

მაგიური ჰეთ თრიქის შემდეგ, სორიანო არ გაჩერებულა. სამჯერ ზედიზედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი. 2014-15 წლების სეზონში 46 ბურთი გაიტანა ყველა ტურნირში და ოქროს ბუცის ნომინანტთა შორის ისევ მოხვდა. მაგრამ ბუცი კრიშტიანუმ მოიგო (48 გოლი).

სორიანო არ მალავს, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაშზე ოცნებობს. 2016-ში As წერდა, თითქოს ხონათანს ბარსას მაშინდელი დამრიგებელი ლუს ენრიკე აკვირდებაო. თუმცა, არაფერი შეცვლილა. სორიანომ კატალონიის ნაკრებში ითამაშა ხუთჯერ. ეგ იყო და ეგ.

მერე ჩინეთსა და საუდის არაბეთში წაითამაშა და სამშობლოში დაბრუნდა. ახლა ის კატალონიური ჟირონას ფეხბურთელია და სეგუნდა დივიზიონში ბურთაობს.