ლეგენდა ასანიძეზე

ეს დიდი კაცი საერთოდ არ შეცვლილა. 

2004. ათენი. კოლეგებთან ერთად ძალოსნობის დარბაზში ვართ. ცოტა ხანში დაიწყება მონაწილეების წარდგენა. ვიცით, რომ პიროს დიმასს ელოდებიან. და, ვიცით, რომ ტრავმის, დიდი ტკივილის და, უფრო დიდი მოლოდინის შემდეგ, ჩვენი ბიჭიც მედლებისთვის იჩხუბებს.

საქართველო იყო გია ასანიძე.

გიამ გაძლო. გია მოერია წონას, რკინას და კონკურენციას და საქართველომ ათენში მეორე ოქრო დაირტყა. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იყო მეორე თუ - პირველი. ასანიძემ და ზურა ზვიადაურმა ჩვენ ღირსება გადაგვაფარეს და უფრო მეტი ძალა, სიყვარული, პატივისცემა მოგვცეს. ეს ჩვენი დიდი გამარჯვება იყო.

მახსოვს ბედნიერი გია. სპორტსმენი ამ დროს ბედნიერია და არა - გახარებული. გიხარია ალგებრაში კარგი ნიშანი, ახალი კეტები ან - შარვალი და ოლიმპიადის მოგებით ბედნიერი და ამაყი ხარ. როგორც - გია. იქ, ათენში, სადაც ბევრი ქართველი მადლობას უხდიდა. რომ მოიგო და რომ გაძლო. ასანიძე გმირი გახდა.

გიასთან ვმეგობრობ. და, ეს დიდი კაცი საერთოდ არ შეცვლილა. უბრალოდ, შეიცვალა მისი სტატუსი. ლეგენდა-მწვრთნელი ლეგენდებს ავარჯიშებს და ერთი წამით არ აძლევს მოდუნების შანსს. ეს გიას სამყაროა.

მთელი ნაკრები გიას გარშემო შეიკრა და ის არ გაურბის პასუხისმგებლობას. ის მზად არის. რომ წარუმატებლიბის შემთხვევაში, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს.

ერთი პრობლემაა - ეს წარუმატებლობა არ მოდის და ალბათ, არც გამოჩნდება.

ლეგენდარული სპორტსმენი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გახდა.

ზედიზედ სამჯერ.

ლეგენდა.