მარადონა პელეა?

მომავალში ვინმე ახალი გამოჩნდებოდა, მისთვის სხვა წოდება უნდა მიენიჭებინათ. მაგალითად, მთავარი ვეზირის...


მოდი და ასტროლოგებს ნუ დაუჯერებ. გეფიცები, თუკი ფეხბურთის მოყვარულ კაცს ვარსკვლავთმრიცხველი გეტყვის, რაღაცის ეტლი სადღაც სარტყელში შევიდა და ამიტომ იმ კვირაში „კალენვალის დატჩიკი“ გადაგეწვებაო, იმწუთას ახლის საყიდლად უნდა გავარდე.

და იცით, რატომ უნდა გვჯეროდეს ასტროლოგიის მაინცდამაინც ფეხბურთის მოყვარულებს? იმიტომ, რომ ვის, თუ არა ჩვენ, მოგვეხსენება, რომ გენიოსობა ზოდიაქოს ნიშნებსა და დაბადების თარიღზეა დამოკიდებული. ვინ, თუ არა ჩვენ, ვიცით, რომ 23-30 ოქტომბერი ფეხბურთის სამყაროსთვის ბრწყინვალე კვირაა: 23 ოქტომბერს პელე დაიბადა, ხოლო 30 ოქტომბერს მარადონა.

ოცდათერთმეტში მარკო ვან ბასტენიც კი არის დაბადებული, მაგრამ ამაზე დღევანდელ ბლოგში არაფერს ვიტყვი. ვან ბასტენის გამო კვირას დეკადად არ გადავაკეთებ. ეგრე, 11 ოქტომბერს ბობი ჩარლტონის დაბადების დღეცაა. მაშინ, მთელი ოქტომბერი წმინდა თვედ და ბარემ დასვენებად გამოვაცხადოთ.

ყველაფერი კი ქართულ საბჭოთა პრესაში ერთი გულუბრყვილო შეკითხვით დაიწყო: მარადონა პელეა? ასე გაიგო საქართველოს ფეხბურთის მოყვარული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომ სადღაც შორს, არგენტინაში, გამოჩნდა ვიღაც ყმაწვილი კაცი, რომელიც შეიძლება თვით პელეს ტოლი ფეხბურთელი გამოვიდეს.

მაშინდელ ეპოქაზე დღევანდელის მიხედვით ვერ იმსჯელებ. მაშინ ფეხბურთი ორმოცი წლით უმცროსი იყო. კაცობრიობას ჯერ კიდევ არ ჰყავდა ნანახი იგივე მარადონა, ზიკო, პლატინი, ბაჯო, რომარიო, ზიდანი, ღიპიანი და უღიპო რონალდო(უ)ები, მესი… მაშინ გადმოცემით ვიცოდით ტელევიზიამდელი ეპოქის შესახებ, რომელზეც დოკუმენტალისტების გადაღებული შავ-თეთრი კინოკადრების წყალობით თუ გვქონდა წარმოდგენა და ცოცხლად გვენახა მხოლოდ ბოლო თხუთმეტი წლის თამაშები, ისიც, დღევანდელთან შედარებით ცოტა. ზღვაში წვეთი.

მაშინ პელე მართლა მეფე გვეგონა. პირველი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. პირველი გენიოსი, რომელიც მთელმა დედამიწამ ნახა და აღიარა. მაშინ ხალხს მიაჩნდა, რომ მეფის გვირგვინი სამუდამოდ დაბინავებული იყო და თუკი მომავალში ვინმე ახალი გამოჩნდებოდა, მისთვის სხვა წოდება უნდა მიენიჭებინათ. მაგალითად, მთავარი ვეზირის.

და აი, ასეთ დროს უცებ ისმის კითხვა: მარადონა პელეა?

არც კი ვიცი, ეს კითხვა ასე ძლიერად ქართულ საბჭოთა პრესაში აგვიფეთქდა თუ საიდანმე წამოიღეს. დიდი შანსია, სხვაგანაც ეკითხათ. დედამიწა ხომ ძალიან დიდია.

და გამოჩნდა დიეგო, რომელმაც შექმნა ახალი, ულამაზესი ეპოქა. მე თუ მკითხავთ, მას პელე იოტისოდენად არ დაუჩრდილავს. ვერც დაჩრდილავდა. უბრალოდ თავად დამკვიდრდა მის გვერდით და დანარჩენებს სახეში შემოგვილაწუნა — ტიტულების სამუდამო მფლობელობაში გადაცემას თავი დაანებეთ, გენიოსები მოვდივართ და კიდევ მოვლენო. ასეთი გახლდათ გზავნილი. 

მარადონა პელე არ იყო. მე პელეს თამაში ჩანაწერებში მინახავს, მარადონასი კი რეალურ დროში და რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, ორ განსვავებულ ფენომენთან გვაქვს საქმე. ესთეტიკით, ტექნიკით, ძლიერი მხარეებით, კონტექსტით… ვერ შეადარებ. შეგიძლია აღწერო, დაახასიათო, მაგრამ აგული ერისთავივით „არაჩვეულებრივ გამოფენას“ ვერ მოაწყობ: ცხვირი ჰგავს? ჰგავს! ტუჩ-ნიკაპი?...

მე პირადად, ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობაში ფეხბურთი შემიყვარდა, ვუსმენდი ლეგენდებს (მაგალითად, როგორ გახია პაიჭაძემ მაიმუნი), დავდიოდი დინამოზე, დუბლებზე, ვუყურებდი ყველაფერს, რასაც საბჭოთა ტელევიზია გადასცემდა, ვჭრიდი ჟურნალებიდან ფოტებს, ვკამათობდი იმაზე, რაც ნანახი არ მქონდა და ერთ დღესაც გაზეთში წავიკითხე მკრეხელობა: მარადონა პელეა?

გასულ კვირაში პელე 79 წლის გახდა, დიეგო კო 59-ის. სხვაობაც, რომ ზუსტად 20 წელია.

აშკარად ასტროლოგია ურევია საქმეში.