ვან BESTენი (+VIDEO)

დღეს  ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს იუბილე აქვს. ზუსტად 55 წლის წინ დაიბადა ქალაქ უტრეხტში. ეს კაცი ხანდახან გამოდის ხოლმე ტელევიზიით, ექსპერტია. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი, დიდ ფეხბურთელზე ვწერთ: ჰოლანდიელ მარკო ვან ბასტენზე.

ალბათ, არასოდეს არცერთ ფეხბურთელს არ ჩაუტარებია ევროპის ჩემპიონატი ასე მძლავრად და ფეერიულად. ევრო–1988–ზე რინატ დასაევის კარში მის გატანილ გოლს პატარა ბიჭები ვიმეორებდით, უფრო სწორად ვცდილობდით, მიგვემსგავსებინა. ეს ევროპის ფინალში, რომელშიც ჰოლანდიის მფრინავმა ნაკრებმა საბჭოეთს მოუგო და პირველი დიდი ტიტულიც ჩაიხუტა. პირველი და ჯერჯერობით, ბოლოც...

 

თითქოს სიმბოლური იყო, რომ აიაქსში დებიუტისას დიდი იოჰან კრუიფი შეცვალა, მაგრამ ტრაგედიაა, რომ ასეთმა ფეხბურთელმა ფაქტობრივად 28 წლის ასაკში დაასრულა კარიერა. ტრავმამ არ მოასვენა. ვან ბასტენი ძალიან დააკლდა 90–იანების ფეხბურთს.

 

14 წლისა იყო, როცა  პირველად მიაკითხა ტრავმამ და ექიმებმა მამამისს ურჩიეს კიდეც, ფეხბურთი დაივიწყეთო. თუმცა მამამ არ მოისვენა, სხვა ექიმთან წაიყვანა და ერთ წელიწადში ისევ ავარჯიშდა ბიჭი.

 

სამი წლის წინ მწვრთნელობასაც შეეშვა. გულზე პრობლემები ჰქონდა. იმ პერიოდში ჰოლანდიის ნაკრებში დენი ბლინდის თანაშემწედ მუშაობდა. ამბობდნენ, მარკომ მამის გარდაცვალება ძალიან განიცადა, დეპრესიაში ჩავარდა და მწვრთნელობასაც ამიტომ ვეღარ დაუდო გულიო.

 

ისე, დასაევს რომ გაუტანა, ყველაზე ხმაურიანი გოლია, მაგრამ უფრო ლამაზებიც გაგვახსენდება. უფრო რთულად გასატანი იმ ფინალამდე შეაგდო, მასპინძელ გერმანელებთან ნახევარფინალში, ბოლო წუთებზე: საოცარი მოძრაობა, ჩაწოლა და ბურთის კარისკენ მოტრიალება.

 

ნეტავ, ასეთი რამდენიმე ცხრიანი იყოს თანამედროვე ფეხბურთში.