ფულის გზა

ვინ როგორ ითაფლებოდა?

ფიფა-უეფას კორუმპირებული სტრუქტურებისა და ჩინოვნიკების შესახებ ბოლო დროს ბევრი რამ შევიტყვეთ. გუდას პირი მოეხსნა და ახლა ლამის ყოველდღე ვრცელდება მორიგი ამორალურობის ამბები. ვრცელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

აი, ბოლო სკანდალური ამბავი, რომელიც, ალბათ სკანდალურიც აღარ არის, ისე მიგვეჩვიეთ სპორტული ფუნქციონერების ხელმრუდობას. გამოქვეყნდდა მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის სერგეი კაპკოვის მიმოწერა რომელიც მისი კომპიუტერული სისტემის გატეხვის შემდეგ გასაჯაროვდა. წერილებში ნათლად ჩანს მეთოდები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლების წევრები იყენებდნენ, 2010 წელს, ფიფას მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიმართ, რათა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიეღოთ. წერილების ავტორი რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგკომიტეტის გენდირექტორი ალექსანდრე ჯორჯაძეა.

 

 

დოკუმენტებში დაწვრილებითაა წარმოდგენილი ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრების დოსიეები. ასევე წერია თუ რომელ ჩინოვნიკს როგორ უნდა მიუდგნენ. მაგალითად, ფრანც ბეკენბაურზე ზემოქმედება „უხვი ძღვენის“ მირთმევით შეიძლება, მისი მრჩეველის მეშვეობით. მიშელ პლატინიზე უეფას კომერციული პარტნიორების მეშვეობით, იოზეფ ბლატერზე კი მისი ნათესავის მეშვეობით, რომელის კომპანიაც ფიფას სატელევიზიო უფლებებს ფლობს. სხვა წერილში წერია, რომ ბეკენბაუერის ხმის ყიდვა 3 მილიონ ევროდაა შესაძლებელი...

მოკლედ, ცხადი ხდება, რომ რუსეთის მხარემ ძალიან დიდი ფული დახარჯა ფიფას ჩინოვნიკების „მოსათაფლად“ და აკი, შარშან მუნდიალსაც უმასპინძლა.