ნაკრების ორი ფეხბურთელი დინამოსთან ერთად ვარჯიშობს

დინამო ტორპედოსთან სათამაშოდ ემზადება

 

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ფარგლებში 3 ნოემბერს გასამართ შეხვედრაში თბილისის დინამო ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს.

დინამოელთათვის აღნიშნული დაპირისპირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თბილისური კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო მათი მთავარი კონკურენტი - ბათუმის დინამო მხოლოდ 1-ქულიანი უპირატესობით ინარჩუნებს პირველ პოზიციას. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 4 ტურია დარჩენილი.

რაც შეეხება ტორპედოს, ქუთაისური გუნდი ღრმა ფინანსურ კრიზისში იმყოფება, რის გამოც კლუბმა საუკეთესო ფეხბურთელები დაკარგა. აღნიშნული პრობლემის შედეგად ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელს, კახაბერ ჩხეტიანს, სარეზერვო შემადგენლობის გამოყენება უწევს.

ქართული დერბისთვის დინამოს ფეხბურთელები დიღმის ბაზაზე ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ დინამოელებთან ერთად ვარჯიშს შეუერთდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ლიდერი - გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერები MLS-ში ასპარეზობენ. მათ გუნდმა, „სან ხოსე ერსქვეიქსმა“ MLS-ის დასავლეთ კონფერენცია მე-8 ადგილზე დაასრულა და ტურნირს დაემშვიდობა, რის გამოც გურამმა და ვაკომ ნაადრევად დაასრულეს მიმდინარე სეზონი. ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად ისინი თბილისის დინამოსთან ერთად ვარჯიშობენ და ემზადებიან მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის.