ჩიხურა – კიდევ ერთი სიურპრიზი ელიგაში

საოცარია წლევანდელი ეროვნული ლიგა... ლიდერმა ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო. ბათუმის დინამოს მიჯრით სამი ფრე ჰქონდა, ახლა კი სულაც წააგო. ივანწმინდაში ჩიხურასთან 0:2.

გია გეგუჩაძის გუნდი ამ წუთისთვის ლიდერია, მაგრამ ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული: თბილისის დინამო ტორპედოს თუ მოუგებს, ორი ქულით გაუსწრებს, ხოლო საბურთალო დილას თუ აჯობებს, გაუთანაბრდება. მოკლედ, ბათუმელთა შანსები ნელ–ნელა უფერულდება.

 

არადა, ზღვისპირელებს ჰქონდათ სათამაშო უპირატესობა და მომენტებიც, იცოცხლეთ... პირველ ტაიმში ერთი ასპროცენტიანი მომენტი შეიქმნა, როცა ჩიხურას მეკარე დინო ჰამზიჩმა ჯაბა ჯიღაურს მკვდარი ბუღთი აუღო. იმ მომენტში ჯოვინო ფლამარიონმა გაილაღა, მერე ჯიღაურს თავზე დაასვა ბურთი და ბოსნიელმა მეკარემ გაიბრწყინა.

 

კიდევ, იყო ეპიზოდი, როცა ლადო დვალიშვილის დარტყმული ჩიხურას მცველ დავით მაისაშვილს ხელზე მოხვდა, მსაჯმა კიკაჩეიშვილმა კი პენალტი არ დანიშნა.

 

მე–60 წუთზე ფლამარიონი პირისპირ გადიოდა მეკარესთან და შოთა კაშიამ წააქცია, მაგრამ მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. ბათუმელები აპროტესტებდნენ...

 

და მალე გოლი მაინც გავიდა, მაგრამ გავიდა ფავორიტის კარში: კარგი კონტრშეტევა, მარკოზაშვილის დაფარული პასი, სარდალიშვილის პაუზა, გადაცემა და გიორგი ფანცულაიას ცარიელ კარში გააქვს – 1:0.  

 

კიდევ ერთი საკვანძო მომენტი 75–ე წუთზე შეიქმნა. ჰამზიჩმა ჯოვინოს თავური მოიგერია, დამატებაზე კი ბრაზილიელმა ახლოდან ააცილა.

 

დრო გადიოდა, ჩიხურა ორგანიზებულად თამაშობდა, წვრილ–წვრილ ჯარიმებსაც არ ერიდებოდა და საბოლოოდ, მოგებამდე მიიყვანა საქმე. თუმცა მატჩის მშვენება იყო მეორე გოლი, რომელიც რატი არდაზიშვილმა შექმნა: შექმნა და დაასრულა. მშვენიერი ინდივიდუალური გოლი იყო.

 

ბათუმელები მსაჯობასაც აპროტესტებდნენ და მოედნის ცუდ საფარზეც ჩიოდნენ. მართლაც ცუდი მინდორია, ფერადი და მწვანე–მოყავისფრო, მაგრამ ფაქტია, თბილისის დინამომაც აქ ითამაშა ჩიხურასთან.

 

 

ჩიხურა – დინამო (ბათუმი) 2:0


გოლები: 1:0 ფანცულაია (68), 2:0 არდაზიშვილი (89)