100-მილიონიანი ამბავი

ლაუტარო მანჩესტერმა მოითხოვა

სანტერესო ამბავი მანჩესტერიდან: მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა და მისმა ამალამ კლუბის ხელმძღვანელობას ინტერიდან არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის დამატება მოსთხოვა....

მანჩესტერელები წუხან, რომ სეზონის დასაწყისში სწორედ ინეტრში გაასხვისეს რომელუ ლუკაკუ და ალექსის სანჩესი, თავად კი თავდამსხმელების დეფიციტი შეექმნათ. რეალურად, ახლა სულშერის განკარგულებაში ოდენ მარკუს რაშფორდი და ენტონი მარსიალია, ჭაბუკი მეისონ გრინვუდი კი უმაღლესი დონის მატჩებისთვის ჯერ მზად არ არის. 

ინგლისში ლაუტარო მარტინესის სავარაუდო სატრანსფერო თანხაც დაასახელეს - 100 მილიონი გირვანქა. 

22 წლის ლაუტაროს მართლაც ჩინებული სეზონი აქვს. ანტონიო კონტეს ხელში ის შარშანდელზე გაცილებით უკეთ ათამაშდა და უკვე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, არადა, შარშან ამის ნახევარი ჰქონდა. მის მაღალ შედეგიანობას მწვრთნელ ანტონიო კონტეს მიაწერენ, ზუსტი და შესაფერისი სათამაშო პოზიცია შეურჩიაო...

ითქვა ისიც, რომ ლაუტაროს გარდა მანჩესტერი, სავარაუდოდ, ზალცბურგიდან ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ეცდება. ეცდება, მაგრამ მანჩესტერელებს ამ ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად რეალი და იუვენტუსი გაუწევენ კონკურენციას. ეგ კი არა, ტურინში ეიმედებათ, რომ ჰოლანდი სწორედ მათ დარჩებათ, ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ხომ ჩვენი კარგი მეგობარიაო, ამბობენ იუვენტუსის კეთილისმსურველები... 

არადა, ისიც ბევრმა იცის, რომ მინო რაიოლა იუვენტუსზე უფრო ფულის მეგობარი არის...