ვარსკვლავების სამჭედლო - აკადემია, რომელსაც შეიხების ფული არც სჭირდება

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია 

„კამპ დე ლოჟ“ - იგივე პსჟ-ს აკადემია, პარიზის გარეუბანში მდებარეობს. ადგილმდებარეობასა და შენობას უნიკალური ისტორია აქვს, ის 1904 წლის ივნისში ფრანგმა სამხედროებმა ააშენეს. 1970 წელს, როდესაც სტუდ სენტ-ჟერმანი და საფეხბურთო კლუბი პარიზი ერთმანეთს შეერწყა, ეს ადგილი პსჟ-ს საწვრთნელი ბაზა გახდა, 5 წლის შემდეგ კი აკადემია ამუშავდა.

 

შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, აკადემია წარმატებით მუშაობდა და ამ სპორტს ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი აჩუქა (მაგალითად, ლუის ფერნანდესი), მაგრამ 2000-ანი წლების შემდეგ ნათელი გახდა, რომ შენობა განახლებას საჭიროებდა. 2008 წელს, პარიზულ კლუბს ახალი აკადემიის გახსნა 5 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

 

„საფრანგეთში უფრო თანამედროვე აკადემია არ მინახავს“ - ეს სიტყვები ამ აკადემიის აღზრდილ ვარსკვლავს, ადრიენ რაბიოს ეკუთვნის.

 

ასეთი წარმატების შემდეგ, პსჟ-მ საფრანგეთის სხვადასხვა წერტილში კიდევ 19 აკადემია გახსნა, რომელშიც 5500 ბავშვი ვარჯიშობს. ბიჭებისა და გოგონების ასაკი 4-დან 17 წლამდე მერყეობს.

 

პსჟ-ს აკადემია ტიაგო სილვასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს იმდენად მოეწონათ, რომ შვილები ფეხბურთის სასწავლად სწორედ აქ შეიყვანეს.

 

 

ახალი ბაზის გახსნის შემდეგ, პსჟ-ს აკადემია მაღალი დონის ფეხბურთელებს რეგულარულად ზრდის, თუმცა მედიის კრიტიკის ქარ-ცეცხლში მაინც ეხვევა. რატომ? ფიქრობენ, რომ პირველ გუნდში მხოლოდ ჩამოყალიბებული ვარსკვლავები უნდა თამაშობდნენ.

 

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პსჟ-ს აკადემია საფრანგეთში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამაზე ფაქტებიც მოწმობს, მაგალითად გასულ სეზონში, პარიზული კლუბი ლიგა 1-ში მისი აღზრდილი ფეხბურთელების პირველ გუნდში თამაშის რაოდენობით, გატარებული წუთებით და მატჩებით, როგორც ეროვნულ გუნდში, ასევე სასკოლო შეჯიბრებებზე პირველ ადგილზეა.

 

2018/19 წლების სეზონის ლიგა 1-ში, პსჟ-ს აკადემიის 12 აღზრდილი თამაშობდა. ბევრმა საკმაოდ დიდი დროც მიიღო: დიაბი - 25 თამაში, კიმბემბე -24, ნკუნკუ - 22, არეოლა - 21, დაგბა - 17, რაბიო - 14.

 

ეს არ არის მხოლოდ ერთი თაობის აღმავლობის შედეგი, ოცდამეერთე საუკუნეში პარიზელებს თავისი აღზრდილებით შესანიშნავი შემადგენლობა ეყოლებოდათ, ისინი სხვა გუნდებში რომ არ გაეშვათ.