ბათუმის დინამოს მფლობელი: ვაგრძელებთ! ამდენ შრომას არამზადას არ გადავაყოლებ

ბათუმის დინამოს მფლობელმა არჩილ ბერიძემ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც იცით, 1 ნოემბერს ჩიხურასთან მარცხის (0:2) მერე ბერიძე ძალიან გამწარებული იყო და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მიატოვებდა კლუბს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ცუდი სტადიონი და საშინელი მსაჯობა: ეს დაასახელა მიზეზად.

 

ბერიძესთან ერთად იყო კლუბის დირექტორი ასლან ბალაძე:

 

ბერიძე: “ჩემპიონატს არ დავტოვებთ. ჩვენ ეტაპ–ეტაპ მოვდიოდით წარმატებისკენ. დიდი შრომა დაგვჭირდა, ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი და ვიღაც არამზადას არ გადავაყოლებ.

 

...ეს არაა მხოლოდ ბათუმის დინამოს პრობლემა. ფედერაციას არაფერს ვაბრალებ. პირიქით,  დავინახე ფედერაციის ხელმძღვანელთა სუფთა ხელები, ამიტომაც მოვედი ფეხბურთში. არ ვიცი, ვინ სთხოვა კიკაჩეიშვილს, რომ ასე ემსაჯა. ეჭვი მაქვს, ვიღაცამ, ან ვიღაცეებმა სთხოვეს. რა თქმა უნდა, კონკურენტი გუნდიდან.  

 

...არაა მხოლოდ პენალტზე. ყველა ცდება. მაგრამ კიკაჩეიშვილმა ხომ ნახა გასახდელში, რომ შეცდა?!  გამოდის და მეორე ტაიმში, ათ წუთში ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმას არ დებს და კაცს არ აძევებს. კიკაჩეიშვილმა წლეულს 33 მატჩი იმსაჯა. ამ დროს სხვა ავაზაშვილს, ერთი შეცდომა არ ეპატია და 25 მატჩი აღარ ამსაჯეს.

 

...ერთი კვირის წინ ათივე კლუბის ხელმძღვანელები შევხვდით ლევან კობიაშვილს. სფფ–ის პრეზიდენტი მხოლოდ ერთს ამბობდა, ერთმანეთს გაუფრთხილდით და ფეარ–პლეის წესები დაიცავითო.

 

...ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ კიკაჩეიშვილისთანა მსაჯებმა აღარ იმსაჯონ. სამუდამოდ უნდა აეკრძალოს მსაჯობა. ერთს რომ ასე დასჯიან, სხვა აღარ გააკეთებს იგივეს. 1000 და 1200 ლარს იღებენ თითო თამაშზე. ჯიბეზე რომ დაეტყობათ, მერე აღარ იმოქმედებენ ასე უსამართლოდ. კიკაჩეიშვილმა ჩიხურასთან ასე გამიზნულად იმოქმედა. კიდევ ვამბობ, ეს არაა ფედერაციის ბრალი.   

 

...მეორე პრობლემაა უვარგისი მოედანი. გვითხრეს, რომ თბილისის დინამომ, რომელიც ჩვენი კონკურენტია, სწორედ ასეთ მინდორზე ითამაშა. მე კი ვამბობ, რომ საბურთალოც ჩვენი კონკურენტია, მაგრამ ასეთ მინდორზე არ უნდა ათამაშონ. აი, პირდაპირ ვამბობ.

 

...გუშინ სასწორზე იდო კლუბის 30–წლიანი ოცნება. თუმცა არაფერი არ მთავრდება. გაგრძელდება მუშაობა პროექტებზე.

 

...ბათუმის დინამოს არ სჭირდება ტოტალიზატორზე თამაში და ძალიან საშინელი მოსასმენია. დებ საკუთარ რესურსს, აკლებ ოჯახს, მერე კი ასეთ ბრალდებას ისმენ. შეურაცხმყოფელია. ბათუმის დინამო აუცილებლად გახდება ჩემპიონი. ჩვენ როცა მოვედით, ელემენტარული სკამი არ გვქონდა. ახლა კი შემიძლია დაგათვალიერებინოთ, როგორი პირობები გვაქვს. 1400–მდე ბავშვი ვარჯიშობს და ამ ტოტალიზატორებზე უაზრო ლაპარაკი იმ ბავშვებს გულს უცრუებს.

 

...ეს წარმატება ზღვაში წვეთია, რაც მიზნები გვაქვს და სადაც ხვალ ვიქნებით. გვაქვს დაწყებული მუშაობა ვალენსიასთან და ევროპულ კლუბებთან.

 

...ფედერაციამ ფული დახარჯა, ჩამოიყვანა რუმინელი მსაჯები თბილისის დინამოსთან და ყველამ ნახა, რომ კარგად იმუშავეს. ეს სიგნალი უნდა ყოფილიყო ქართველი მსაჯების მიმართ, რომ – აი, არ გენდობით. ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია. შეადარეთ, როგორი მსაჯობა იყო თბილისის დინამოსთან და როგორი იყო ჩიხურასთან.

 

...ველაპარაკე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. ყველა იყო შოკში და განიცდიდნენ. ამას ვამბობ გენერალურ მდივანზე. ჩავიდა მსაჯი ივანწმინდაში და ისე იმსაჯა, რომ სახელი გაუტეხა ქართულ ფეხბურთს, ფედერაციას“.

 

შეგახსენებთ, 0:0–ზე მსაჯ გიორგი კიკაჩეიშვილს პენალტის დანიშვნა შეეძლო ბათუმელთა სასარგებლოდ, ასევე, მეორე ტაიმში სახიფათო ჯარიმა არ დადო ჯოვინო ფალამრიონის წაქცევისთვის.  ბათუმის დინამო უკვე აღარაა ჩემპიონატის პოტენციური ლიდერი. თბილისის დინამო ამ ტურში თუ მოიგებს, ორი ქულით გადაასწრებს ზღვისპირელებს.