წყვილი კოშკები

წყვილი კოშკების პირველი გარჩევა ლამაზი იყო. 

ორლანდოს და დენვერის გარჩევაში ორი მაღალი, ელეგანტური ბიჭი გავიდა ცენტრში. მსაჯმა გადახედა ხუთეულებს, ჩაუკრა თვალი ტექნიკურ პერსონალს და დაიწყო თამაში.

ორლანდო და ნიკოლა ვუჩევიჩი. დენვერი და ნიკოლა იოკიჩი. საუკეთესო მსროლელი კლასიკურ ცენტრებში და საუკეთესო პასი მეხუთე ნომრებში. ვუჩევიჩი ფლორიდაში 4 წლით დარჩა და 100 მილიონ დოლარს მიიღებს. კარგი კუში. დენვერი და იოკიჩი ცხოვრების ბოლომდე ერთად გაიღვიძებენ.

დენვერი უკეთესია. მეტი სიღრმე, მეტი კარგი მსროლელი, უფრო აგრსიული ფარმ-სისტემა. ორლადომ ნიკოლას და აარონ გორდონს მაგარი კონტრაქტები და ნდობა მისცა. ვუჩევიჩმა ბოლომე გაქაჩა, ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე გახდა. გორდონმა უნდა მოუმატოს. გორდონს აქვს მარაგი და აკლია სიმტკიცე, სიმშვიდე.

ეს მოვა. ან - არ მოვა და გორდონი ორლანდოსთვის ბალასტი იქნება.

იოკიჩმა ბოლო წუთებზე ორი მაგარი ჩააგდო. ჯამალ მარიმ ბოლო 2 წუთში 6 ქულა აიღო და დენვერმა ამ მოგებით ორმატჩიანი წარუმატებელი სერია მოკლა.

იოკიჩი უფრო მეტია. ვუჩევიჩი - უფრო ელეგანტური. ჩემთვის უფრო ახლოა ვუჩევიჩი, ამერიკისთვის - იოკიჩი. ორივემ ჩააგდო ბოლო მსოფლიო. ორივეს მაგარი რეგულარული ექნება. და, ორივე შევა ფლეი ოფში.

წყვილი კოშკების პირველი გარჩევა ლამაზი იყო. ველოდებით შემდეგ ეპიზოდს.

 

დღის მატჩი

ორლანდო - დენვერი 87:91 (26:17, 19:23, 18:29, 24:22).

ორლანდო: ვუჩევიჩი (24, 7 მოხსნა), გორდონი (21, 9 მოხსნა).

დენვერი: მარი (22), იოკიჩი (20, 7 მოხსნა, 4 პასი).