ტოპ 5 მწვრთნელი გასაგდებ ზონაში...

მწვრთნელის გზა ბეწვის ხიდზე გადის

ტოპ 5 ჩემპიონატში, მხოლოდ ბუნდესლიგაა ის ერთადერთი ტურნირი, სადაც 10 ტური ჯერ არ გასულა - იქაც მხოლოდ 2 შეხვედრაა დარჩენილი.  საკლუბო ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგის სტარტმა უკვე გვაჩვენა, რომელი გრანდი როგორ ფორმაშია და სიურპრიზებს რომელი გუნდისგან უნდა ველოდოთ.

 

ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია, რომ ფავორიტად მიჩნეული გუნდები სეზონს კარგად ვერ იწყებენ. ასეთ შემთხვევებში, დამსახურებების მიუხედავად, პასუხს მწვრთნელებს სთხოვენ ხოლმე.

 

წარმოგიდგენთ 5 სპეციალისტს, რომლებიც შესაძლოა მალე თანამდებობიდან გაათავისუფლონ...

 

ერნესტო ვალვერდე

 


 

ვალვერდე გულშემატკივრებს მაშინაც არ ესიმპატიურებოდათ, როდესაც გუნდს შედეგი ჰქონდა -  პრობლემები მის სათამაშო ფილოსოფიასთანაა დაკავშირებული. ესპანელი სპეციალისტი როდესაც კატალონიურ გრანდში მოვიდა, პირველივე წელს ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო, მეორე წელს „მხოლოდ“ ლა ლიგა, ახლა კი გამოკვეთილი ფავორიტი ესპანეთშიც არ არის... ბარსელონასთვის საბედნიეროდ, კარგად ვერც კონკურენტები თამაშობენ და ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებენ, თუმცა მეექვსე ადგილთან სხვაობა სულ რაღაც 3 ქულაა. ამას თუ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონებში რომასთან და ლივერპულთან განცდილ მარცხს, ლა ლიგაში ბოლო ტურში ლევანტესთან წაგებულ შეხვედრას დავუმატებთ (უკვე სამი მარცხი დაგროვდა), დავინახავთ რომ ვალვერდე გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

 

ზინედინ ზიდანი

 

 

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთი კაცი, რომელმაც ეს ტურნირი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი კანდიდატია. მოიგო რეალთან ერთად და შესაძლოა ამ კლუბიდან გაუშვან. თან რა დრო დასჭირდა ამისთვის? 2,5 სეზონი... რომელ წლებში? 2015/16; 16/17; 17/18... ტრიუმფით წასული მწვრთნელი დააბრუნეს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ნაბიჯმა არ გაამართლა... რეალმა ლიდერების გარეშე მოთამაშე პსჟ-თან 3:0 წააგო, ბოლო სამ ტურში კი მხოლოდ ლეგანესს მოუგო, მალიორკასთან წააგო და ბეტისს ფრედ ეთამაშა.

 

ამ შედეგს ობიექტური მიზეზებიც აქვს, ზიდანმა ის ფეხბურთელები ვერ მოიყვანა, რომლებიც უნდოდა (მაგალითად, პოლ პოგბა), გუნდიდან კი ისინი ვერ გაუშვა, ვისი გაშვებაც სურდა (ბეილი, ხამესი)... შექმნილ ვითარებას ფლორენტინო პერესი გაითვალისწინებს? როგორც წარსული გამოცდილება გვასწავლის, ეს დიდებული საფეხბურთო მოღვაწე მოთმინების უნარით არ გამოირჩევა...

 

ნიკო კოვაჩი

 


 

2013 წლის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნში ძალიან მაღალი სტანდარტია დაწესებული. ჯერ იყო და იუპ ჰაინკესმა ამ გუნდში ჯადოსნური „ტრებლი“ შემოგვთავაზა, პეპ გუარდიოლას გუნდი ნახევარფინალს მიღმა არ რჩებოდა, კარლო ანჩელოტიმ და კიდევ ერთხელ დაბრუნებულმა იუპ ჰაინკესმა რეალთან 4 დიდი ომი გადაიტანეს... ამ სპეციალისტების შემდეგ, ნიკო კოვაჩის გუნდი შთამბეჭდავად ვერ გამოიყურება. ხორვატ სპეციალისტს ფანტაზიის დეფიციტს უწუნებდნენ, თუმცა გასულ სეზონში ბუნდესლიგისა და თასის მოგებამ პოსტი შეუნარჩუნა. წელს ერთადერთ პოზიტივად ტოტენჰემთან ლონდონში მოგებული თამაში (2:7) შეგვიძლია მივიჩნიოთ (ტოტენჰემის პრობლემას შემდეგი მწვრთნელის განხილვისას დავუბრუნდებით). ბაიერნმა ბუნდესლიგაში 10-დან 5 ტურში გამარჯვებას რომ მიაღწია, ეს პერსონალურად რობერტ ლევანდოვსკის დამსახურებაა, რომელმაც სუპერ თასის გარდა, ამ სეზონში რომელ შეხვედრაშიც მონაწილეობა მიიღო, ყველაში გოლი გაიტანა... პოლონელი ფორვარდის გენიალური თამაში მხოლოდ იმას ჰყოფნის, რომ ბაიერნი ბუნდესლიგის ცხრილში დღეს მეოთხე ადგილზეა...

 

მაურისიო პოჩეტინო

 


 

პოჩეტინოს ტოტენჰემი 2015-16 წლების შემდეგ, პრემიერლიგის ოთხეულში სტაბილურად სულ არის - ეს ჩემპიონთა ლიგა და მილიონებია. საერთოდაც, გასულ წელს, დეზებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშეს... სწორედ პოჩეტინოს დამსახურებაა, რომ საშუალო დონის პრემიერლიგური გუნდი გრანდად იქცა, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება წარსულს ჩაბარდეს. დღეს ტოტენჰემი საშინელ ფორმაშია, 10 ტურში მხოლოდ 3 გამარჯვება მოიპოვეს, 4-ჯერ დამარცხდნენ, სამჯერ კი შეხვედრები ფრედ დაასრულეს. გუნდი არც ჩემპიონთა ლიგაზე დაფრინავს, 3 ტურში 1 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი (ბაიერნთან, საკუთარ კედლებში 2:7) აქვთ...

 

შესაძლოა პოჩეტინოსა და ტოტენჰემის გზები გაიყოს და აღმოჩნდეს, რომ ეს ყველაფერი ორივე მხარესთვის უკეთესია.

 

უნაი ემერი  

 


 

არსენ ვენგერსაც დაახლოებით ასეთი შედეგი ჰქონდა, როცა გაათავისუფლეს. არსენალი ლეგენდას თუ ასე მოექცა, გასაკვირი სულაც არ იქნება, იგივე შედეგი ემერის შემთხვევაშიც დადგეს. ესპანელ სპეციალისტის მთავარი პრობლემა, რასაც ყოველთვის უწუნებდნენ, ის არის, რომ გადამწყვეტ მომენტებში რისკის გაწევას ერიდება - უმეტესწილად, ეს მიდგომა არ ამართლებს. ახლა მას სტაბილურობაც დააკლდა. არსენალმა პრემიერლიგაში ბოლო 5 ტურიდან მხოლოდ 1 მოიგო და, ეს გუნდი, ბევრი კარგი ფეხბურთელის ყოლის მიუხედავად, ისეთ ფეხბურთს ვერ თამაშობს, როგორსაც ქომაგები ელოდებიან...

 

აღნიშვნის ღირსია კარაბაოს თასის შეხვედრა, სადაც მეთოფეები ლივერპულის გადახალისებულ შემადგენლობას 4:2-ს ამარცხებდნენ და, საბოლოოდ, პენალტების სერიაში ტურნირს გამოეთიშნენ...

 

სულშერი...

 


 

რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ სულშერს ეს შედეგი აპატიონ? 11 ტური, 3 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი, თანაც მანჩესტერი კარგ ფეხბურთს ვერ თამაშობს. ბოლო ტურში ბორნმუთთან წაგება ბოლო წვეთი უნდა იყოს... თუ ბრაიტონთან თამაშსაც აცდიან?