საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ვერცხლის მედლებს დაეუფლა

ბათუმში ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატი დასრულდა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ვერცხლის მედლები მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკეებმა 7 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს, ერთხელ დამარცხდნენ და 15 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ. ოქროს მედლებს რუსეთის ნაკრები დაესაკუთრა, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა, სამეული კი 14 ქულით აზერბაიჯანის ნაკრებმა დაასრულა.

 

ცალკე აღსანიშნავია ნანა ძაგნიძე, რომელმაც 9 პარტიაში 7 ქულას მოუყარა თავი და მთელ ჩემპიონატზე ქალთა პარტიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ასევე გამოსარჩევია მერი  არაბიძე, რომელმაც მეოთხე დაფაზე პირველობა არავის დაუთმო. გეტყვით იმასაც, რომ ლელა ჯავახიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები ქალებისგან განსხვავებით წარმატებით ვერ დაიკვეხნის. ჩვენმა თანამემამულეებმა 10 ქულა დააგროვეს და მე-11 ადგილზე გავიდნენ. ვაჟთა შორისაც ოქროს მედლები რუსეთის ნაკრებს ერგო. ევროპის ჩემპიონებმა პირველობა 15 ქულით მოიპოვეს, 2-3 ადგილებს კი 14-14 ქულით ინგლისისა და უკრაინის ნაკრებები იყოფენ.