რაგბიში საუკეთესოები დაასახელეს

ტოკიოში სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეულები დააჯილდოვეს

2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ტოკიოში სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს. გამორჩეული გუნდის ტიტული სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მიიღო. სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან სამხრეთ აფრიკელებმა მსოფლიო პირველობა არავის დაუთმეს.

 

2019 წლის საუკეთესო მორაგბედ სამხრეთ აფრიკელი პიტერ-სტეფ ტუ დოი დაასახელეს. მისი ნაკრების წარმატებაში ტუ დოიმ უდიდესი წვლილი შეიტანა და ჯილდო დამსახურებულად მოიგო.

 

წლის საუკეთესო მწვრთნელობა ქურციკთა თავკაცს რასი ერასმუსს ერგო პატივად. 47 წლის სპეციალისტმა გუნდს მსოფლიო თასი მოაგებინა და ვერავინ იტყვის, რომ ჯილდო დაუმსახურებელია.

 

წლეულს საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბის წოდება, რომეინ ნტამაკმამ მიიღო. ფრანგმა ტულუზას რიგებში ტოპ 14 მოიგო, საფრანგეთის ნაკრებში კი 12 მატჩში 52 ქულას მოუყარა თავი.

 

ამ წლის საუკეთესო მსაჯად უეინ ბარნსი დაასახელეს, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის და ჩელენჯ ქაფის ფინალები იმსაჯა, გასულ მსოფლიო თასზე კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა მატჩი განსაჯა.

 

წლის ლელოს ავტორად თი ჯეი პერენარა დაასახელეს. ახალმა ზელანდიელმა უელსის წინააღმდეგ თანამემამულეების შესანიშნავი კონტრშეტევა მშვენივრად დაასრულა.