დინამო ცხრილის სათავეში მოექცა

ეხლა უკვე ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს თბილისის დინამოა

თბილისის დინამო პირველ ადგილს დაუბრუნდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა უშუალო კონკურენტების, ბათუმის დინამოს და საბურთალოს წაგებებით ისარგებლა და ტორპედო შინ  2:1 დაამარცხა.

 

პირველი სახიფათო მომენტი დედაქალაქელთა კართან შეიქმნა. მატჩის დაწყებიდან 1 წუთიც არ იყო გასული, როცა დოლიძემ დაარტყა, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა კარს. შემდეგ უპირატესობას დინამო დაეუფლა, რაც 2 გატანილ გოლში აისახა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორივეჯერ ყოფილმა ტორპედოელმა, ლევან კუტალიამ აიღო იმერელთა კარი.

 

თამაშის ბოლოს ტორპედო გააქტიურდა. 94-ე წუთზე მასპინძელთა კარის ბადე გიორგი კიკნაძემ შეარხია.

 

აღსანიშნავია, რომ ლევან მჭედლიძემ, რომელიც თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, ტრავმა მიიღო და 80-ე წუთზე მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.

 

დინამოს 66 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია, ბათუმის დინამო 64 ქულით მეორეზეა, ხოლო სამეულს 61 ქულით საბურთალო ასრულებს. რაც შეეხება ტორპედოს, ჩხეტიანის გუნდს 40 ქულა აქვს და პლეი-აუტის ზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებს.