მართალი ბალო

რატომ გადიოდა ბალოტელი მოედნიდან

ბალო რის ბალო იქნებოდა, თავისებურები არ ჩაეტარებინა, თუმცა ამჯერად ვერც გაამტყუნებ. საქმე ის არის, რომ კვირას, იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში, ვერონასა და ბრეშას შორის, ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი  მიიღო, რა დროსაც ტრიბუნებიდან რასისტული სიტყვების ღრიალი და მაიმუნის პოზის მაგვარი მოძრაობების დემონსტრირება დაიწყეს, მარიო ბალოტელიმ კი არც აცია, არც აცხელა და ბურთი მთელი ძალით მათკენ დაარტყა, შემდეგ კი გასახდელისკენ წავიდა და ანიშნა, თამაშს აღარ გავაგრძელებო. თანაგუნდელები მას შემოეხვივნენ და მოედნის დატოვება გადააფიქრებინეს.

თამაში ცოტა ხნით შეწყდა, სტადიონის დიქტორმა კი გამოაცხადა: თუ რასისტული გამონათქვამები არ შეწყდება, მატჩი აღარ გაგრძელდებაო. ამ დროს მატჩის 54-ე წუთი იყო.

მერე ბალოტელიმ თქვა: უნდა რცხვენოდეს იმ ხალხს, ვინც ასე იქცევაო. თანაგუნდელებს კი მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

 

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა ბოლო დროს, სერია A-ს მატჩებში. ასეთი ინციდენტი მოხდა რომა - ნაპოლის შეხვედრისასაც და ყველას გვახსოვს ინტერის ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს აღშფოთება სეზონის დასაწყისშივე, რომელიც იტალიიდან საერთოდ წასვლა დააპირა.

ვერონამ ბრეშას ის თამაში 2:1 მოიგო. სტუმართაგან ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე სწორედ ბალოტელიმ გაიტანა.

მატჩის შემდეგ, ვერონას მწვრთნელმა ივან იურიჩმა განაცხადა, არანაირი რასისტული გამოხტომები ბალოტელის მიმართ არ ყოფილაო. მას კლუბის პრეზიდენტი, მაურიციო სეტიც დაეთანხმა.

ბალოტელიმ კი თავის ინსტაგრამ გვერდზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, ერთი ინციდენტს ასახავს, მეორე კი ტრიბუნიდანაა გადაღებული.

 

„მადლობა ყველა ჩემს თანაგუნდელს და გულშემატკივარს, რომლებმაც გულწრფელად გაიზიარეს ჩემი აღელვება და გვერდში დამიდგნენ. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ნამდვილი ადამიანები ხართ და არა ისეთი, ვინც მომხდარს ურცხვად უარყოფს,“ - წერს ბალოტელი.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოს კი მიაწერა:„როგორ არ გრცხვენიათ ასეთი სიტყვების სკანდირება. სირცხვილი თქვენ. ხომ გყავთ მშობლები,  ცოლები, შვილები, ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები. მათი მაინც არ გრცხვენიათ? კიდევ ერთხელ სირცხვილი თქვენ.“

აგენტმა მინო რაიოლამ მყის დაუჭირა მხარი მის კლიენტს. ასევე მოიქცა ბრეშას მთავარი მწვრთნელი ეუგენიო კორინი. კლუბმა კი განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მკაფიოდ გაიგეს ეს სამარცხვინო გამონათქვამები და ელიან, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გამოიძიებას დაიწყებს ამ უმსგავსობის გამო.

„დღეს ასეთი რამ ჩვენს მოთამაშეს შეემთხვა. ხვალ იგივე სხვა გუნდის წევრს შეიძლება შეემთხვეს. ამიტომ, რასიზმის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ქმედითი და გაბედული უნდა იყოს. ფეხბურთი ყველასია და ნებისმიერი იმსახურებს პატივისცემას,“ - წერია წერილში.

 

მარიოს ძმა, ენოკიც გამოეხმაურა მომხდარს საკუთარ ინსტაგრამში: „ნაკლები ლაპარაკი და მეტი ფაქტები. დროა ვიმოქმედოთ. ნათელია, რომ რასიზმი რეალურად არსებობს და იტალია ამ მხრივ, სხვა ქვეყნებს ჩამორჩა. ჩემი ძმა ყოველთვის მთელი გულით იცავდა იტალიის ეროვნული გუნდის ღირსებას და სირცხვილია მის იმართ ასეთი მოქცევა.“

ბალოტელი სკუადრა აძურას მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმაც დაიცვა. „ფეხბურთი ადამიანების გაერთიანებას უწყობს ხელს და ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ მსგავსი საშინელებები აღარ გამეორდეს,“ - წერს თავის ტვიტერში მანჩინი.