კლოპის საიდუმლო

როგორ ავარჯიშებს კლოპი ფეხბურთელებს 11 9-ზე?

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში იმ შეხვედრებში, რომლებშიც ლივერპული მარცხდებოდა, კლოპის ბიჭებმა 10 ქულა მოიპოვეს.

 

·         2:1 ასტონ ვილასთან - მანეს გოლი 94-ე წუთზე

 

·         5-5 არსენალთან - ორიჯის გოლი 94-ე წუთზე

 

·         2:1 ლესტერთან - მილნერის გოლი 95-ე წუთზე

 

·         1:1 მანჩესტერ იუნაიტედთან - ლალანას გოლი 85-ე წუთზე

 

ლივერპულის ყველა ქამბექში აშკარად იგრძნობა, რომ მოთამაშეები თვითდაჯერებულნი არიან. როგორც გაირკვა, ეს არ არის უბრალო დამთხვევა - კლოპი სპეციალურად ავარჯიშებს გუნდს მსგავსი სიტუაციებისთვის.

 

როდესაც რობერტსონმა 87-ე წუთზე ასტონ ვილასთან ანგარიში გაათანაბრა, მან არ აღნიშნა გატანილი გოლი, შოტლანდიელმა ბურთს სტაცა ხელი და აჩქარებით ცენტრისკენ წაიღო. როგორც კი გვერდითმა მსაჯმა მაყურებელს შეატყობინა, რომ შეხვედრის ძირითად დროს 5 წუთი დაემატა, გულშემატკივრებმა უკმაყოფილების გამო ყიჟინა ატეხეს. ვილას ფანები მიხვდნენ, რომ მატჩის მოსაგებად ლივერპულისთვის ეს დროც საკმარისი იქნებოდა.

 

The Athletic-ის ჟურნალისტმა, საიმონ ჰიუზმა განაცხადა, რომ კლოპმა მოიფიქრა სპეციალური ვარჯიში, რომელიც გუნდს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებისათვის ამზადებს.

 

როგორც წესი, ვარჯიშზე ფეხბურთის თამაშის დროს გუნდები თანაბარი რაოდენობის მოთამაშეებით კომპლექტდება. კლოპმა ეს პრაქტიკა შეცვალა, ის გუნდებს შემდეგნაირად ანაწილებს - ერთში 11 ფეხბურთელია, ხოლო მეორეში 9. უმრავლესობაში მყოფ გუნდს აქვს 2-ბურთიანი ჰანდიკაპი.

 

9-კაციანი გუნდის მთავარი დავალებაა ანგარიშის გათანაბრება, შეხვედრის მოგება კი ითვლება დამატებით ბონუსად. ასეთ დროს განსაკუთრებით ვითარდება ფეხბურთელთა სისწრაფე და ფიზიკური მონაცემები, რადგან აღნიშნული ვარჯიში მოითხოვს მაღალ ინტენსივობას, ნებისყოფასა და მტკიცე ხასიათს.

 

როგორც გაირკვა, ამ ვარჯიშის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია დივოკ ორიჯი. ბელგიელ ფორვარდს იმდენად წარმატებით შეუძლია სტრესულ მომენტში გადაწყვეტილების მიღება, რომ თანაგუნდელები მას ხუმრობით მსოფლიოს ყველაზე მშვიდ ადამიანს ეძახიან.