რეალმა ინგლისელ ვარსკვლავს დაადგა თვალი

მადრიდელებს მიზნის მისაღწევად 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ

ბოლო პერიოდში ბევრჯერ დაიწერა, რომ რეალს შემადგენლობის გაძლიერება სურს. გერმანული პრესის ცნობით, ბლანკოსს დორტმუნდიდან ჯეიდონ სანჩოს გადაბირება აქვს გადაწყვეტილი. ესპანელები სერიოზულად არიან ინგლისელით დაინტერესებულები და ზაფხულში სანჩო სამეფო გუნდის მთავარი სამიზნე იქნება.

 

სანჩო ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მასზე დიდი მოთხოვნაა. რეალის გარდა 19 წლის შემტევის დამატება მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს. აქვე გეტყვით, რომ დორტმუნდი გარემარბს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

 

ახალგაზრდა შემტევი მანჩესტერ სიტის აღზრდილია და გერმანელებმა იგი 2017 წელს გადაიბირეს. ჯეიდონი დორტმუნდის მთავარ გუნდში წინა სეზონიდან თამაშობს. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფეხბურთელმა 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.