ოთხი ამბავი ფეხებზე...

და ჩაფხუტიან თავზე

ევერტონსა და ტოტენჰემის მატჩის 78 წუთზე სტუმართა კორეელმა შემტევმა სონმა, უხერხული ვარდნა შეასრულა და მეტოქე ანდრე გომეშს მარჯვენა ფეხი მოტეხა. შემაძრწუნებელი სანახაობა იყო. სონმა ტირილიც კი დაიწყო ნანახისგან და კიდევ კარგა ხანს აწყნარებდნენ.

ევერტონმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ პორტუგალიელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გომეში რამდენიმე დღეს დარჩება ჰოსპიტალში, შემდეგ კი კლუბის მედიკოსების დაკვირვებით, სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს. ვარაუდობენ, რომ 26 წლის ნახევარმცველი სრულად გამოჯანმრთელდება და კარიერას გააგრძელებს.

ახლა მძიმე და უმძიმესი ტრავმის კი კიდევ რამდენიმე ამბავი გავიხსენოთ.

 

დევიდ ბასტი (1996)

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა ფეხბურთის ისტორიაში. ქოვენთრის მცველმა დევიდ ბასტმა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველ დენის ირვინთან შეჯახების შემდეგ ფეხი ორ ადგილზე მოიტეხა, თანაც მოტეხილმა ძვალმა კანი გახია და გარეთ გამოვარდა. BBC-მ და SkySports-მა, რომლებსაც ტელერეპორტაჟი მიჰყავდათ, უარი თქვეს ეპიზოდის განმეორებით ჩვენებაზე.

 


თამაში 15 წუთით შეწყდა. ეს დრო დევიდის საკაცით გაყვანასა და მინდორზე სისხლის გაწმენდვას მოუნდა. მანჩესტერის მეკარეს პეტერ შმაიხელს კი რამდენიმე კვირა ფსიქოლოგთან მოუწია სიარული, იმდენად დიდი შოკი მიიღო. ბასტს პროფესიონალური ფეხბურთი მას შემდეგ აღარ უთამაშია. მას ფეხის ამპუტაციის საშიშროება დაემუქრა და კარიერა სამუდამოდ დაასრულა.

 

ჰენრიკ ლარსონი (1999)
შოტლანდიურ სელტიკში თამაშისას, შვედმა შემტევმა ჰენრიკ ლარსონმა საშინელი ტრავმა მიიღო, რომელსაც შეიძლებოდა მისი კარიერა დაესრულებინა. უეფას თასის მატჩში, ფრანგული ლიონის წინააღმდეგ, ჰენრიკმა ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო.

 

აღდგენას რვა თვე დასჭირდა. თუმცა, ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ, ლარსონი დაბრუნდა და სრულფასოვნად გააგრძელა კარიერა. მეტიც, 2000-01 წლების სეზონში ყველა ტურნირში 53 გოლი გაიტანა და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.

 

ლუკ ნილისი (2000)

2000 წლის ზაფხულში ბელგიელი შემტევი ლუკ ნილისი პსვ-დან ბირმინგემის ასტონ ვილაში გადავიდა. ქომაგები მისგან ბევრს ელოდნენ, რადგან შესანიშნავ ფორმაში იყო და ბევრი გოლიც გაჰქონდა. ის სეზონის დასაწყისშივე დაშავდა.

 

 

იფსვიჩის მეკარე რიჩარდ რაიტს შეეჯახა და მარჯვენა ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო. ეს მისი მესამე მატჩი იყო პრემიერლიგაში. და როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელიც. 2001 წელს მან კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

 

პეტრ ჩეხი (2006)

ჩელსის მეკარე, პეტრ ჩეხი, რედინგთან მატჩის დროს, ნახევარნცველ სტივენ ჰანტს შეეჯახა და მძიმე ტვინის შერყევა მიიღო. ის მაშინვე წაიყვანეს ჰოსპიტალში და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 

 

თავიდან ექიმები მას კარიერის დასრულებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ  სამი თვის შემდეგ დაბრუნდა. ის მინდორზე საგანგებო ჩაფხუტით გამოჩნდა, რომელიც თავის ქალის შესუსტებულ ადგილებს იცავდა. ამ ჩეხმა 2019 წლამდე, კარიერის დასრულებამდე ითამაშა.