საქართველოში... მეკარემ ერთ მატჩში 6 გოლი გაიტანა!

საინტერესო ფაქტი მოხდა საქართველოს რეგიონული ლიგის ზედა ჯგუფში. სამი წლის წინ შექმნილმა თბილისმა 9:1 მოუგო ერთ დროს უმაღლესლიგელ გურჯაანის ალაზანს, 6 გოლი კი ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა: დევი გაბიჩვაძემ.

6 გოლი ძალიან ბევრია და მითუმეტეს როცა სხვა უცნაურ შემთხვევასთანაც გვაქვს საქმე: გაბიჩვაძე... მეკარეა.  არა მხოლოდ ეს 6 ბურთი: წინა ტურში კოლხთან (8:0) სამი გოლი მიითვალა...

 

დიახ, 25 წლისაა და ამ სეზონს თუ არ ჩავთვლით, თითქმის სულ მეკარედ იდგა. საქმე ისაა, რომ დევი თავდასხმაშიც კარგად თამაშობს და იმის გამო, რომ თბილისს წინ უფრო უჭირდა, ვიდრე კარში, გაბიჩვაძეს ბოლო თვეები შეტევაში ათამაშებენ. კარში სხვა დგას – ლუკა მიქაძე. გაბიჩვაძესაც გააქვს და გააქვს, ამ სეზონში გუნდის მთავარი მეგოლეა. 

 

თბილისს ახალგაზრდა ლევან მარშანიშვილი წვრთნის და დევის წინ დაყენება მისი  გადაწყვეტილებაც იყო.  ისე, გაბიჩვაძე საქართველოს პირველი ლიგის (ახლანდელი ლიგა 2) გუნდებში გახლდათ.