ლევან შენგელია - ნაკრებში, დინამოში, თურქეთში...

ყველაფერი მოსალოდნელზე უკეთაა

ბოლო სანაკრებო მატჩებში ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი, მათ შორის ლევან შენგელიაც. 24 წლის ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდში 2 შეხვედრა ჩაატარა და მშვენიერი შთაბეჭილება დატოვა.

 

შენგელია ზაფხულში თბილისის დინამოდან ქონიასპორში გადავიდა. მანამდე მან ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში 50 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. დაგვეთანხმებით, შესანიშნავი სტატისტიკაა.

 

ქონიასპორში ტრანსფერზე, ეროვნულ გუნდზე და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ, შენგელიას თურქეთში დავუკავშირდით.

 

- როგორც ვიცით, ქონიასპორის გარდა კიდევ რამდენიმე გუნდი გიწვევდა. რატომ მაინცდამაინც თურქული კლუბი?

 

- ჩავთვალე, რომ იმ ჩემპიონატებს, საიდანაც შემოთავაზებები იყო, თურქეთის სუპერლიგა სჯობს. ქონიასპორში გადმოსვლას არ ვნანობ. პირიქით, ყველაფერი მოსალოდნელზე უკეთაა. ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებდი, ბევრ ადამიანს ვკითხე აზრი და საბოლოოდ,  ქონიასპორი ვარჩიე.

 

- ადაპტაციის პერიოდმა როგორ ჩაიარა?

 

- სამი დღის ჩამოსული ვიყავი და უკვე დებიუტი მქონდა. ყველა კარგად, თბილად დამხვდა - მწვრთნელი, ფეხბურთელები, გულშემატკივრები...ერთი ისაა, რომ ჯერ ბოლომდე გახსნილი კიდევ არ ვარ. ზოგადად, მიჭირს ახალ გუნდთან მალე შეგუება, თუმც მალე ყველაფერი დალაგდება. როცა კლუბს იცვლი, უნდა დაამტკიცო, რომ კარგი ფეხბურთელი ხარ და ამის შემდეგ აღარც ადაპტაციის პრობლემა იქნება.

 

- მწვრთნელზე ვთქვათ. ზოგადად როგორი ფეხბურთის მოყვარულია კოჩამანი და შენგან რას ითხოვს?

 

- გუნდური ფეხბურთის მიმდევარი სპეციალისტია. მე რაც შემეხება, ჩემგანაც და ფლანგის სხვა ფეხბურთელებისგანაც ითხოვს, რომ თამაში ფლანგიდან შუაში გადავიტანოთ. არ გვთხოვს, რომ ადგილზე 3 კაცი მოვატყუოთ და შემდეგ გავაგრძელოთ შეტევა.

 

 

- ქონიასპორის გულშემატკივრებზე რას გვეტყვი?

 

- თურქეთში ერთ-ერთი გამორჩეული ქომაგები გვყავს. ჩვეულებრივ თამაშებზე შინ სტადიონის 80% ივსება. აი, როცა რომელიმე გრანდს ვეთამაშებით, თავისუფალი ადგილი აღარ რჩება. ძალიან მომთხოვნი გულშემატკივრები არიან, როცა ხედავენ, რომ საქმეს რაღაცას ვაკლებთ, ხშირად უკმაყოფილებას გამოხატავენ. ვთვლი, რომ ეს კარგია და სამართლიანი ფანები გვყავს.

 

- ზოგადად თურქეთის ჩემპიონატზე როგორია შენი შთაბეჭილებები?

 

-  კარგი ჩემპიონატია. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ ფეხბურთელმა მოუმატოს. მშვენიერი გარემოა და იმედი მაქვს ამ შანსს გამოვიყენებ. მცირე ხნის განმავლობაში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღდეგ მომიწია თამაში. მაგალითად, კვარეჟმა და ადებაიორი. აქამდე მათ მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი, დღეს კი მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ვართ.

 

- დინამოზე მინდა გკითხო. აქამდე ბევრ გუნდში გითამაშია, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში, თუმცა საუკეთესო პერიოდი აშკარად დინამოში გქონდა. შენი აზრით რამ განაპირობა ეს?

 

- დინამოში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. ეს პირველ რიგში ჩისკოს დამსახურებაა, რომელმაც ზუსტად იცოდა ჩემი ძლიერი თუ სუსტი მხარეები და ამის გამოყენების საშუალება მომცა. ძალიან ბევრს მესაუბრებოდა და მიხსნიდა თუ როგორ უნდა მემუშავა საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც იყო, თუმცა ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესპანელი სპეციალისტის გვერდში დგომა იყო.

 

 

- სანაკრებო ამბებზე გადავიდეთ, ნაკრებში დებიუტი ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული გრძნობაა და გამონაკლისი არც შენ იქნებოდი.

 

- შესანიშნავი გრძნობაა ეროვნულ გუნდში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მოედანზე შევდიოდი. ნაკრები სხვა სპეციფიკაა, კლუბში შეგიძლია დაშვებული შეცდომა ერთ კვირაში გამოასწორო, ეროვნულ გუნდში კი მცირე დროს ატარებ და შეცდომას მალე ვერ გამოასწორებ. შენი შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.

 

- ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, რამდენიმე დღეში გიბრალტარს ეთამაშეთ. წესით მარტივად უნდა მოგეგოთ, თუმცა ასე არ მოხდა.

 

- მესამე გოლის გატანაც გვინდოდა და ამის გამო უკან ზონები გახსნილი დაგვრჩა, რითიც მეტოქემ ისარგებლა და კონტრშეტევაზე გაგვიტანა. შემდეგ სტანდარტულიდან შეგვიგდეს, მართალია გუნდებს შორის სხვაობა დიდი იყო, მაგრამ ასეთ დროს ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია გატანა.

 

 

- ჯგუფის ბოლო თამაში შვეიცარიასთან არის, ამ მატჩთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვს?

 

- ყველა შეხვედრის წინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ძნელია იმის თქმა რა მოხდება შვეიცარიაში. დიდი იმედი მაქვს შესარჩევ ციკლს კარგად დავასრულებთ.

 

- ეხლა ყველანი მარტში დაგეგმილ ერთა ლიგის ნახევარფინალზე ვფიქრობთ...

 

- მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ასეთ შანსი ჯერ არ გვქონია, იმედია ამ მატჩს ჯანმრთელად და კარგ ფორმაში შევხვდებით.