ბაიერნი ერთხელ გეპატიჟება...

ვინ არის თანაშემწე ფლიკი

უმწვრთნელოდ დარჩენილი ბაიერნის დავთარში ახალი კანდიდატურა გაჩნდა. გაჩნდა კი არა მიუნხენელთა ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ პსჟ-ს გერმანელ თავკაც ტომას ტუხელს და გუნდის გაძღოლა შესთავაზეს. ბაიერნმა თავაზიანი უარი მიიღო. მწვრთნელმა ული ჰიონესისა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს წარმომადგენლებს უთხრა, რომ ამ სეზონის ბოლომდე პარიზიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს, დანარჩენი შედეგზე იქნება დამოკიდებული, თუმც ზაფხულში მაინც დავილაპარაკოთო. 

ცნობილი ფაქტია, რომ ბაიერნის თავკაცად ნიკო კოვაჩის დანიშვნამდე რუმენიგე სწორედ ტუხელის კანდიდატურას ემხრობოდა, მაგრამ ჰიონესის უფრო წონიანმა სიტყვამ მიუნხენში ხორვატი მწვრთნელი ჩაიყვანა. ბავარიელთა პრეზიდენტი ახლა, ეგებ, ნანობს კიდეც მაშინდელ გაჯიუტებას, მაგრამ გატეხილს რაღა გაამთელებს?!

 

ამასობაში კი პეპ გვარდიოლას სიტყვები გავრცელდა, რომელიც მან ბაიერნის შეთავაზებაზე აიაქსის თავკაცის ერიკ ტენ ჰაგის მკვახე უარის კომენტირებისას თქვა: 

„ბაიერნი ერთხელ გეპატიჟება და უარი არ უნდა დაგცდეს. თავის დროზე მიუნხენელები მოულოდნელად დამიკავშირდნენ და გუნდის გაძღოლა შემომთავაზეს. იმის მიუხედავად, რომ უახლოესი პერიოდის განვალობაში მუშობის განახლებას არ ვაპირებდი, შვებულება შევწყიტე და მოსალაპარაკებლად გავემგზავრე. „ბაიერნი“ უდიდესი კლუბია. მის სიტყვას დიდი ფასი აქვს. მიუნხენში სამი დაუვიწყარი წელიწადი გავატარე.“

გვარდიოლას სიტყვები ტომას ტუხელის ბოსტანში გადაგდებულად შეგვილია ჩავთვალოთ... რაც შეეხება ტენ ჰაგისა და მანს სიტის ახლანდელი მწვრთნელის ურთიერთობას, ჰოლანდიელი ბაიერნში სწორედ გვარდიოლას დამხმარე იყო და ხშირად უთქვამს, ესპანელისგან ბევრი ვისწავლეო.

და კიდევ: გერმანელმა ჟურნალისტებმა ბაიერნის გაძღოლაზე აზრი ფრანგ არსენ ვენგერს ჰკითხეს. ბევრისმნახველმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ გერმანელთა სურვილის შემთხვევაში არც კი დაფიქრდება, ისე მიუჯდება მოლაპარაკებათა მაგიდას. 

 

ბაიერნის მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად აქამდე პროფესორი რალფ რანგნიკი ითვლებოდა. იქნებ გახსოვთ, თავის დროზე ის ლევან კობიაშვილის შალკეს თავკაცობდა და  ისეთ ფეხბურთს ათამაშებდა, გუნდს ბევრი ახალი ქომაგი რომ შესძინა... თუმც რანგნიკის კარიერაში მხოლოდ შალკე არ ყოფილა - მისი ჰოჰენჰაიმი, შტუტგარტი, ჰანოვერი და ცხადია, ლაიფციგი ფრიად თვალსასეირო ფეხბურთით გამოირჩეოდნენ. ის ახლაც ლაიფციგშია, ოღონდ დირექტორატში და სწორედ ამჟამინდელი სამსახურის გამო, მიუნხელში გადაბარგებაზე უარი თქვა.

ოლიმპიაკოსთან ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის წინ კი ითქვა, რომ შესაძლოა პირველი წრის, ან სეზონის ბოლომდე ბაიერნის სათავეში ჰანსი ფლიკი დარჩეს, ის, ვინც ახლა ასრულებს მწვრთნელის მოვალეობას. ჰანსი ფლიკი გერმანულ ფეხბურთში უცხო არ გეგონოთ - 2014 წლის ტრიუმფისას გერმანიის ნაკრებში ის იოახიმ ლიოვის თანაშემწე გახლდათ. არ უნდა იყოს ფლიკი ბავარიისთვის ცუდი კანდიდატურა.
აი, ასეთია სადღეისო ბავარიული ამბები...