მამა, მეფე, ღმერთი

...როცა ფერგი მანჩესტერში მივიდა

6 ნოემბერს 33 წელიწადი შესრულდა რაც ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი გახდა. ეს ის დრო გახლდათ, როცა მანჩესტერი ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობდა. ჩემპიონი კი 19 წელიწადი აღარ გამხდარიყო. 

ფერგი იქ აბერდინიდან მივიდა. შოტლანდიური კლუბიდან, რომელიც მთელ მსოფლიოს გააცნო. 1983 წელს კი თასების მფლობელთა თასი მოაპოვებინა და ისტორიაში ჩაწერა.

 

და აი, 1986 წლის 6 ნოემბერს მანჩესტერის დამრიგებელი გახდა და ეს თარიღი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გამოსარჩევ დღედ უნდა მივიჩნიოთ, რადგან აქედან დაიწყო დიდი მანჩესტერის შენება. 

თავიდან ის ძლიერ შეაშფოთა გუნდის წამყვანი ფეხბურთელების ფორმამ. ნორმან უაითსაიდი, პოლ მაკგრათი და ბრაიან რობსონი მეტად ეძალებოდნენ ალკოჰოლს და თითქმის არ ვარჯიშობდნენ. გუნდი 21-ე (ბოლოდან მეორე) ადგილზე გახლდათ ლიგაში. ამიტომ, უპირველესად მან დისციპლინის დამყარება განიზრახა. განიზრახა და შეასრულა. მერე თავად შეექმნა პრობლემები არასახარბიელო შედეგების გამო... რამდენიმე თვის შემდეგ მის გათავისუფლებასაც აპირებდნენ.

ფერგიუსონი-მანჩესტერის კავშირი 26 წელიწადს გაგრძელდა. და ამ პერიოდში შეიქმნა ეპოქა, რომელიც არცერთ ევროპულ კლუბს ჰქონია ისტორიაში. მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, ტიტულების მოხვეჭის მანქანა, საწარმო მრავალმილიარდიანი ბრუნვით. კიდევ ამბობენ, მანჩესტერი ნამდვილი ოჯახია, სადაც  მამა, მეფე და ღმერთი ერთი ადამიანია და ეს ადაიმანი ალექს ფერგიუსონიაო.

 

ეშმაკი ფერგის მწვრთნელობისას მანჩესტერმა 38 პრიზი მოიგო, აქედან 13-ჯერ პრემიერლიგა (რეკორდი) და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. 

ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის დიდი ფინალის შემდეგ დედოფალმა მას რაინდის წოდება უბოძა.