ეკატერინე გორგოძე - ტრავმით მოგებული ტურნირი

ეკატერინე გორგოძე - სამომავლო გეგმებზე, წარუმატებელ პერიოდზე, უზბეკ მეწყვილეზე ...

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ რამდენიმე დღის წინ წყვილებში ნანტის 60 ათასიანი ტურნირი მოიგო. როგორც გაირკვა 28 წლის ჩოგბურთელი ტურნირზე ტრავმით გამოვიდა. ჩვენებურმა აკგულ ამანმურადოვასთან ერთად ფინალში რუსი იანა სიზიკოვა და გერმანელი ვივიან ჰეისენი 2 სეტში 7:6; 6:3 დაამარცხა.

 

ამ დ სხვა თემებზე სასაუბროდ Leadersport.ge ქართველ ჩოგბურთელს სპორტსმენს დაუკავშირდა.

 

- ფინალამდე რა გზა გაიარე?

 

- სიმართლე გითხრათ ნანტის ტურნირზე მონაწილეობას არ ვგეგმავდი. რამდენიმე თვის წინ ტრავმა მივიღე და მას შემდეგ ტკივილებით ვთამაშობდი. ქულები საკმაოდ მქონდა დასაცავი. ნანტის ტურნირამდე დაახლოებით 1 თვე საქართველოში ვიყავი და წელზე ვმკურნალობდი. ამ დროს აკგულ ანანმურადოვი დამიკავშირდა და წყვილში თამაში შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი. უზბეკმა იცოდა, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ ვიყავი და თუ წელი შემაწუხებდა თამაშს შევწყვეტდი. პირველი თამაში გამიჭირდა, საერთოდ არ მიყვარს დარბაზში ასპარეზობა, მითუმეტეს სწრაფ კორტზე. შემდეგ ნელნელა მოვუმატე და აი ნახევარფინალი ძალიან საინტერესო გამოვიდა. იმაზე უკეთ ვითამაშე ვიდრე ველოდი.

 

- ფინალზეც რომ ვისაუბროთ. გადამწყვეტი მატჩი იყო და ალბათ დაძაბულობაც ახლდა თან.

 

- დიახ, ნამდვილად ასეა. როცა ფინალში ხარ დაძაბულობა და მოგების სურვილი ასმაგდება. მე და ჩემმა მეწყვილემ ემოციები კარგად გავაკონტროლეთ. ძალიან ტაქტიკური და ლამაზი მატჩი გამოვიდა.

 

- ზოგადად შენს მეწყვილეს როგორ დაახასიათებდი?

 

- მე და აკგულს ერთად აქამდეც გვითამაშია. უზბეკთან ერთად ჯერ 25 ათასიანი, ხოლო შემდეგ 80 ათასიანი ტურნირების ფინალები ვითამაშე. მოგვწონს ერთად ასპარეზობა და ვცდილობთ წყვილში ხშირად ვიყოთ ხოლმე.

 

- შენი სამომავლო გეგმები როგორია?

 

- სავარაუდოდ წელს კიდევ ერთ ტურნირს ვითამაშებ, შემდეგ წელზე მკურნალობას გავაგრძელებ და ესპანეთში გავემგზავრები. ესპანეთიდან პირდაპირ ავსტრალიის ღია პირველობაზე წავალ.

 

- როგორც ვიცით სპორტული ოჯახიდან ხარ. ვინ იყო შენი ჩოგბურთზე შესვლის ინიციატორი?

 

- ჩემი ჩოგბურთელობა მშობლების იდეა იყო. ასევე უნდა ავღნიშნო ბებია, რომელსაც ვარჯიშზე ხშირად  დავყავდი.

 

- ადრეულ ასაკში საქართველოში ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ ჩოგბურთელად ითვლებოდი, შემდეგ მცირე ჩავარდნა გქონდა და ახლა კვლავ წარმატებული პერიოდი გიდგას. რის ხარჯზე მოახერხე ძალების მოკრება და ფორმაში ჩადგომა?

 

- წარუმატებელი პერიოდი არამხოლოდ მე, არამედ ნებისმიერ ჩოგბურთელს აქვს. ამ დროს მთავარია საკუთარ თავში ძალა იპოვო და სირთულეები დაძლიო. ამ პერიოდსაც ჰქონდა თავისი მიზეზები, პირველ რიგში ის რომ არ მყავდა მწვრთნელი არ მქონდა საშუალება იმ ტურნირებზე მიმეღო მონაწილეობა, რომელზეც მინდოდა. რაც შეეხება წარმატებულ პერიოდს, ეს ჩემი მეორე ნახევრის და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. 2019 წელი ჩემთვის კარგი არ ყოფილა. ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, როგორც სპორტული ასევე არასპორტული თვალსაზრისით. მიხარია, რომ ყოველდღურად ვპროგრესირებ და შრომა მიფასდება.