ჟოაუ მარიო: "რასიზმის გამო უნდა აპატიმრებდნენ"

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა იტალიურ რასიზმზე ისაუბრა

სერია ა–ს მე–11 ტურში ვერონას გულშემატკივრების მხრიდან გაისმა რასისტული შეძახილები ბრეშას ფორვარდის, მარიო ბალოტელის მიმართ. ამ ფაქტს მოსკოვის ლოკომოტივის ნახევარმცველი, ჟოაუ მარიო გამოეხმაურა და იტალიის ჩემპიონატში არსებულ რასიზმზე ისაუბრა.

 

„ჩემი აზრით, იტალიის ხელისუფლება ამ პრობლემას სათანადოდ არ ებრძვის. სამწუხაროდ, იტალიაში ეს ყოველკვირეულად ხდება. ამ ქმედების გამო დამნაშავეებს უნდა აპატიმრებდნენ. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ დაუშვებელია რასობრივი ნიშნით სხვა პირის შეურაცხყოფა. იტალიაში ფეხბურთი ყველას უყვარს, ამიტომ აუცილებელია ცვლილებების განხორციელება“, – თქვა მარიომ.

 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ინტერის საკუთრებაშია. მან იტალიის ჩემპიონატში 64 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ამჟამად ის იჯარის წესით მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობს. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჟოაუ მარიომ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზეა 1 გატანილი გოლი და 3 საგოლე პასი.