სად ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?

... ჰოდა, გამოდის ჩვენი მორაგბეები მაგრები ყოფილან. თან ძალიან


ჰაკა მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით ზელანდიელების. ჰოდა, იმ დღეს ხელები მოვიფშვნიტე, სკამზე გემრიელად მოვკალათდი, კარგად მოვემზადე და… ვაი, რაღაც არ მომეწონა. არადა ტი ჯეი პერენარამ ენაც ლაზათიანად გამოყო (სულ მაინტერესებს „ქისის“ ჯინ სიმონსზე გრძელი ენა თუ აქვს) და დევებმაც როგორც საჭიროა ისე დაიბრაგუნეს მჯიღები, მაგრამ რაღაც მეუცნაურებოდა. და უცებ მივხვდი: ინგლისელები გამწკრივდნენ უჩვეულოდ. კერძოდ როგორ, ეს ყველამ ნახეთ და ამიტომ აღარ ავღწერ.

არ ავღწერ, მაგრამ ინგლისელების გამწკრივებაში იგრძნობოდა, რომ ამ დღეს სხვა ჭკუაზე იყვნენ. ომს აპირებდნენ. ომს კი არა, გამარჯვებას. და ზელანდიელებმა თითქოს თამაში დაწყებამდევე წააგეს. ჰაკა გაბითურდა.

ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასე იყო, მე კი რაგბისა ბევრი არაფერი გამეგება. ვერაფერს გავაანალიზებ, ვერაფერს დავამტკიცებ. მარტო აღქმისა და ემოციის დონეზე შემძლია ლაპარაკი.

 

ახალი ზელანდიის მარტო ჰაკა კი არა, თვითონ თამაშიც მიყვარს. თან სპორტია და თანაც შოუ. ეს შავი ფორმაც აკვდებათ, ისე უხდებათ. ნაღდად სხვა სამყაროდან არიან, მაგრამ იმ დღეს ინგლისმა გადაურბინა, რაგბთა რაგბი ითამაშა.

მე, როგორც ზელანდიელების ჭინჭყლი გულშემატკივარი ახლა ვიტყვი, რომ შავები უფრო დაღლილები იყვნენ. ინგლისს ხომ ტაიფუნის გამო თამაში გაუუქმეს, თან საფრანგეთთან, მაგრამ თქვენ ყურადღებას ნუ მომაქცევთ. წეღან ხომ ვთქვი, რაგბისა არაფერი გამეგება მეთქი. თან, ვიღაც ამბობდა, ოლ ბლექსმა არასწორი შემადგენლობით ითამაშა და იმიტომ წააგოო. აბა, მე მაგდენი რა ვიცი.

მე ვიცი ჰაკა! მე მგონია, რომ ჰაკაზე ინგლისელების რაღაცნაირად დგომა ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო.

მოკლედ, მაგარი თამაში ვნახეთ. მერე ფინალიც გემრიელი გამოვიდა — სამხრეთმა აფრიკამ იმ სხვანაირად მდგომ ინგლისს ხოშიანად რომ მოუგო. სხვა შეხვედრებიც გემრიელი იყო. უელსს ვუყურებდი სიამოვნებით, ავსტრალიას… ერთი სიტყვით, ყველას რუსეთების გარდა. 

და საქართველო?

აქ, შემიძლია იოლად გამოვიდე. ვიტყვი, აბა, მე რა ვიცი, ხომ ვთქვი რაგბისა არაფერი გამეგება მეთქი და მორჩა, მაგრამ რას ვხვდები, იცით? რამდენ სათამაშო სახეობაში გამოვდივართ  მსოფლიოს ჩემპიონატზე რეგულარულად? არც ერთზე. კალათბურთელები თამაშობენ ხოლმე ევროპაზე და მგონი სულ ეგ არის, არა? ჰოდა, გამოდის ჩვენი მორაგბეები მაგრები ყოფილან. თან ძალიან.

მაგრამ, ამასთან ერთად კიდევ რას ვხვდები იცით? იმას, რომ დროა თამაშიც დავიწყოთ.  ჯერჯერობით ჩვენ რაგბის ვჭიდაობთ…

ასეთია ჩემი დილეტანტური მოსაზრება.

 

ახლა, ვიღაც მკითხავს, თუ დილეტანტი ხარ, ბლოგს რატომ წერდიო. იმიტომ, ვწერდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატმა შთაბეჭდილება მოახდინა, გულში ემოცია დამიგროვდა და ამოთქმა დამჭირდა. და კიდევ იმიტომ, რომ რაგბის ამ ჩემპიონატმა ფეხბურთის ძველი მუნდიალები გამახსენა. ჩემი ბავშვობის და სიყმაწვილის დროინდელი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში გადაღლილი, შვებულებებზე მეოცნებე „ქანცგაწყვეტილი ცხენები“ ძალისძალად არ გაყავდათ თავსმოხვეულ, ლამის უკვე ზედმეტ ტურნირზე. 

მაშინ მსოფლიო ფეხბურთი ხალასი და ფერადი იყო.

ნუ, თუ მეშლება ან გასაგებად ვერ ვთქვი და მაპატიეთ.