როდრი GO

იდეალური ჰეთ თრიქი


ორი კვირის წინ, რეალის „ბაბუამ,“ ხორხე ვალდანომ, კლუბის ორი ჭაბუკი ბრაზილიელი შეადარა: 
„ისინი განსხვავებულები არიან. ვინისიუსი უფრო მძლავრია, როდრიგოს კი ბუნებამ მეტი ნიჭი დაამადლა. მათ ერთი რამ აერთიანებთ, ორივეს დიდი მომავალი აქვთ,“ - თქვა ლეგენდარულმა არგენტინელმა.

ცოტა უცნაური შედარებაა. სინამდვილეში ვინისიუსი უფრო „ნაღდი ბრაზილიელია,“ ძალიან უყვარს ბურთი, ხშირად ერთობა და ხან პარტნიორები ავიწყდება, ხან - კარის მისამართი. როდრიგო ერთი წლით უმცროსია, მაგრამ მეტად დაღვინებული ჩანს და არა მხოლოდ მინდორზე.

 

 

როდრიგოს სამეფო კლუბში გადასვლა თითქოს შეუმჩნეველად მოხდა. გასულ ზაფხულს ყველა პოგბას ან ერიკსენის მადრიდულ მომავალზე საუბრობდა და ბრაზილიელი გარემარბის 45 მილიონიანი ტრანსფერი თითქოს ჩრდილში მოექცა. 

ამ დროს ზიდანმა რეალში გარდაქმნა დაიწყო. მაგრამ მალევე შეაჩერა ძირითადის მოთამაშეების ტრავმიანობის გამო. ამას ბეილთან ახალი კონფლიქტი და აზარის ჭარბი წონა დაემატა. ფრანგი სპეციალისტი იძულებული გახდა ყველა მოთამაშე პოტენციურად ძირითადის ფეხბურთელად განეხილა. აქ გამოჩნდა რა კარგი ვინმე ყოფილა როდრიგო.

რეალში მოხვედრისთანავე 18 წლის ბრაზილიელი კასტილიაში ათამაშეს (რეალის ახალგაზრდული გუნდი), ტრავმა მიიღო და მხოლოდ სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა სარეზერვო გუნდში. ორი მატჩი ჩაატარა და ერთ კვირაში მთავარ გუნდში გადაიყვანეს.

როდრიგომ პირველად ოსასუნასთან ითამაშა პრიმერას მეექვსე ტურში და მინდორზე გასვლიდან 93 წამში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. საგოლე ეპიზიდისას მან არა ოსტატობით, არამედ ეფექტურობით დაგვამახსოვრა თავი: ბურთიც ათრია, მცველს კორპუსი განსწავლულად ჩაუდგა და შორეულ კუთხეში გაიტანა. არც ერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებია. საოცარი სიმშვიდე გამოავლინა 18 წლის ყმაწვილის კვალობაზე.

 

ბავშვობაში, სანტოსის ფუტსალის გუნში თამაშისას, ის თავის კერპად ნეიმარს მიიჩნევდა. ოღონდ მხოლოდ მინდორზე. ცხოვრებაში ის აბსოლუტურად განსხვავებულია. ცოტას ლაპარაკობს. ეს მამამისის დამსახურებაა. ერიკი, ადრე თავადაც ფეხბურთელი გახლდათ და ეცადა შვილის სახალხოობა მინიმუმადე დაეყვანა.

საერთოდ, ეტყობათ, რომ ოჯახი სწორად აზროვნებს. როცა როდრიგო რეალში გადავიდა, ესპანული მედია აღნიშნავდა, ის კასტილიას არ იკადრებს და პირველ გუნდში თამაშს მოითხოვსო. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. უკვე ძირითადის ფეხბურთელს დროებით ახალგაზრდულში დაბრუნება მოუწია და მან თქვა: ჩემთვის პრობლემა არ არის, სადაც დამავალებენ, იქ ვითამაშებო.

ეფექტურობა ვახსენეთ და 18 წლის ასაკში ძნელია ეფექტური იყო. უფრო იოლია ბურთით იცეკვო და ფინტებით თავბრუ დაახვიო მოწინააღმდეგეს. ის უნივერსალია. მარჯვენაფეხაა, თუმცა მარცხენა ფრთაზეც უყვარს თამაში. „ჩემთვის სულ ერთია რომელ ფრთაზე ვიქნები, მთავარია გუნდისთვის სასარგებლო ვიყო,“ - ამბობს როდრიგო.

 

ჩვეულებრივი სწორი სიტყვებია, მაგრამ მათ უკან სინამდვილე იმალება. რეალის ძირითადში გატანილი გოლებიდან, ორი მარცხენა ფეხით შეაგდო, ერთიც თავით.

წუხელ გალათასარაისთან ხომ იდეალური ჰეთ თრიქი შეასრულა: ერთი ბურთი ცაციათი შეაგდო, მეორე მარჯვენათი და მესამე თავით.

ეს გოლები მნიშვნელოვანი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილით გაიტანა. ბრაზილიელმა კლასიკურ ცენტრფორვადად ითამაშა, როცა ბენზემამ მცველები გაიტყუა. კარიმის მიერ გათავისუფლებულ ზონაში შეიჭრა და თავით (სიმაღლე 174 სმ) აიღო მეტოქის კარი. მეორე დრიბლინგის კვალად გაიტანა, მესამე კი ბენზემასთან ორშეხებიანი კომბინაციის კვალად.

ესაა რეალის უნივერსალი...