ახალი თაობა: ვინ? სად? რამდენი?

რამდენად ენდობიან ახალგაზრდებს საქართველოს ჩემპიონატში? 

რამდენად ენდობიან ახალგაზრდებს საქართველოს ჩემპიონატში? საინტერესო თემაა, რადგან ეროვნული ლიგის, როგორც პროდუქტის, ერთ–ერთი მიზანი ახალგაზრდების წამოწევა და ძლიერი ჩემპიონატისთის გაზრდაა. ელიგა ფინანსურად ვერ შეედრება ევროპის ნორმალურ ლიგებს, მაინც მიმწოდებელის ფუნქციას ასრულებს.

 

მოდით გადავხედოთ ათივე გუნდის შემადგენლობას. ჩამოვწერთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც არაუმეტეს 20 წლისანი არიან და უმაღლესში თამაშობენ: ზოგი რეგულარულად, ზოგიც ნაკლებად. ჩამოვწერთ მათ, რომლებსაც მინიმუმ 4 მატჩი მაინც აქვთ ჩატარებული.   

 

დინამო თბილისი: ნიკა ნინუა გუნდის ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. არა მხოლოდ გუნდის, მთლიანად ელიგისაც. ზაფხულამდე ხანდახან უწევდა თამაში 17 წლის ირაკლი აზაროვს. ზოგადად, დინამოს 2001 წელს დაბადებულთა კარგი ბირთვი ჰყავს  და ისინი 19–წლამდელთა ლიგაში გამოდიან. ჩისკო რამდენიმე მათგანს მთავარი გუნდის ვარჯიშებზე იბარებს, აჩვევს...  არადა, კარგი იქნებოდა, დინამოს დუბლები ჰყოლოდა, კაცების წინააღმდეგ თამაში სხვა სკოლაა.    

 

ბათუმის დინამო: ისეთს არავის უწევს თამაში, 20 წლის, ან უფრო ნაკლების რომ იყოს. ყველაზე ახალგაზრდები ვლადიმერ მამუჩაშვილი და თორნიკე გაფრინდაშვილი (22–22) არიან.  

 

საბურთალო: ნიკა მალის დიდი პროგრესი აქვს და ეროვნული ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველადაც დავასახელებდით. ბოლო დროს კარგად ათამაშდა მარჯვენა შემტევი იური ტაბატაძე, სასტარტოში ჰყავს გიორგი ჭიაბრიშვილს და გოლიც გაიტანა ლოკომოტივთან.  გიორგი გულიაშვილს შეცვლაზე 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ჯამში ერთი ტაიმი გამოუვიდა, მაგრამ დუბლებში ბომბარდირი და ლიდერია.

 

 

ლოკომოტივი: მეკარე დემეტრე ბულისკერიას მუდმივი პრაქტიკა აქვს.  ტრავმა აქვს თორნიკე ძებნიაურს, თორემ ძირითადში უწევდა თამაში. ხანდახან თამაშობენ  ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (მან ტრავმა მოირჩინა) და ბექა დარცმელია.  თავდასხმაშიც ჰყავთ ახალი თაობა: შოთა შეყილაძე და რევაზ ინჯგია, რომელსაც ტრავმის გამო გაუცდა პერიოდი.

 

დილა: ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელია გიორგი კუცია. ნახევარცველ ნიკა გაგნიძეს 14 მატჩი მოუგროვდა, აქედან 3 სასტარტოში. ფორვარდ ნუგზარ სპანდერაშვილს 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქედან 11 თავიდანვე დაიწყო, დანარჩენი – შეხვლებზე.

 

ჩიხურა: მიხეილ ერგემლიძე ჰყავთ. ამ ფორვარდს 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ოღონდ გოლის გარეშე. ტრავმა ჰქონდა, მოიშუშა და ბათუმის დიანმოსთან გასულ ტურში ითამაშა: ბოლო 17 წუთი.

 

ტორპედო: 16 წლის მეკარე დავით ასათიანზე იმდენი ეწერა, თავს აღარ შეგაწყენთ. საკმარისია ითქვას, რომ საბურთალოსთან ორ შეხვედრაში ორი პენალტი მოიგერია. მცველი ვახტანგ ნებიერიძე იშვიათად ჩნდება მინდორზე. ასევე, ნახევარმცველი თამაზ შარვაშიძეც.

 

სიონი: ცენტრალური მცველი ლაშა უგრეხელიძე მეტწილად სასტარტოშია.

 

რუსთავი: გიორგი მამარდაშვილი გუნდის პირველი მეკარეა. ასევე სასტარტოში თამშობენ მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე და ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე. პაატა კიტეიშვილი კი ხან სასტარტოშია, ხან შეცვლაზე. რუსთავის საუკეთესო მეგოლეა (9 ბურთი) ბექა ქავთარაძე. მოკლედ, რუსთავში ახალგაზრდებს ენდობიან.

 

ვიტ ჯორჯია: ლაშა ნანობაშვილი, ირაკლი ზარიძე, დავით კიკალიშვილი, ზურაბ მუსელიანი – თითქმის სულ სასტარტოში არიან. პირველი ორი ცენტრალური ნახევარმცველია, მესამე მარჯვენა მცველი, მეოთხე კი თავდამსხმელი. რამდენიმე შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა შუახაზელი ბექა აშორდია, ასევე  ზაფხულამდე იშვიათად თამაში უწევდათ ზვიად ნაჭყებიასა და მეკარე ნიკა ქავთარაძეს.