ლევან კობიაშვილის LIVE: მსაჯობაზე, ვაისზე, ტორპედოზე, ინფრასტრუქტურაზე...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი FACEBOOK LIVE- ში ჩაერთო და გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა. რა თქმა უნდა, ყველა კითხვას ფიზიკურად ვერ გასწვდებოდა.

–მოხარული ვარ, რომ ასეთი საინტერესო და დაძაბულია ეროვნული ლიგის სეზონი. არა მხოლოდ ზედა ადგილებისთვის, არამედ ქვედა ნაწილშიც. იმედი მაქვს, ხარისხობრივად უკეთესი ჩემპიონატები წინ გველის.  

 

ინფრასტრუქტურაზე... ვისურვებდი, რომ ტემპი ჩქარი იყოს, მაგრამ  ჩვენ ამ მხრივ მუშაობას ვაგრძელებთ და დავაანონსებთ ეტაპობრივად, თუ რას გავაკეთებთ. კონკრეტულად ბავშვთა ფეხბურთის მიმართაც.

 

ბავშვთა ფეხბურთის მერე რატომ ქრებიან ნიჭიერი ფეხბურთელები და ხომ არაა ეს ცუდი პროცესი მწვრთნელების ბრალი?

 

...პირველად შეიქმნა ბავშვთა სკოლების კატეგორიზაცია. ოთხი კატეგორიაა. ყველას ეცოდინება, როგორ სკოლაში მიჰყავს ბავშვი. შესაძლოა, აქაც არის პრობლემები, მაგრამ ესეც დაიხვეწება და გაჯანსაღდება. ძალიან მალე ვარკეთილში დავასრულებთ  და გავხსნით სტადიონებს. იქ კარგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. ზოგადად თბილისის ყველა უბანში ვაკეთებთ, უბრალოდ, დრო დასჭირდება. ჩვენ სადაც ვაშენებთ, იქაური უბნის სკოლები უფასოდ შევლენ ამ სტადიონებზე და ივარჯიშებენ. ნამდვილად გვიღირს, რომ ეს ხარჯი გავწიოთ. ფოთში ვაშენებთ აკადემიას, ზუგდიდში, ლანჩხუთში... ნიჭიერი ფეხბურთელები უცხოეთშიც საკმაოდ იკარგებიან. ორი წლის წინ საქართველოში 19–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი იყო: ინგლისი–პორტუგალია. იმ 19–წლამდელებიდან შესაძლოა ერთი ფეხბურთელი იცნოთ, ჩელსის მეისონ მაუნტი. დანარჩენები ქვედა ლიგაში არიან. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ტალანტების დაკარგვის პრობლემებზე არ ვიმუშვებთ და არ გვაწუხებს.         

 

ჩიხურა–დინამო ბათუმის თამაშის გარშემო. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ მსაჯ კიკაჩეიშვილზე?

ჩემთვის გაუგებარია ბათუმის დინამოს ხელმძღვანელის პოზიცია და განცხადებები. გასაგებია ცხელ გულზე, მაგრამ მეორე დღეს გაგრძელდა. რაღაც ჩარჩოები არსებობს, რასაც არ უნდა გავცდეთ. კარლო ანჩელოტი იტალიაში დასაჯეს იმის გამო, რომ მსაჯი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. მესმის, ბათუმელთა გულისწყრომა რამაც გამოიწვია. ადრეც ვთქვი, რომ ჩემი ხედვით პენალტი იყო დასანიშნი, რადგან საჩხერელთა ფეხბურთელს ხელზე მოხვდა ბურთი. ყველა ქვეყანაში მიღებულია ფორმა, რომ მსაჯის ქმედება ქულებით ფასდება დელეგატის მიერ. თუ დაბალ ქულას იღებს, მსაჯი ისჯება და გარკვეულ დროს ტოვებს, ან ქვედა ლიგაში იმსაჯებს. თუ რაიმე ფაქტი იცოდნენ ბათუმელთა წარმომადგენლებმა, უნდა ეთქვათ. როცა ამბობ, რომ მსაჯი მიზანმიმართულად ცუდად მოიქცა, უნდა დაასაბუთო. აიაქსი–ჩელსი ავიღოთ. გამოვიდა აიაქსის პრეზიდენტი და მსაჯს მიკერძოება დააბრალა?  მოედნის საფარს რაც შეეხება, ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს მასპინძელმა გუნდმა. მაგრამ იქ ტარდებოდა თამაშები და ასე ხელაღებით თამაშის შემდეგ საფარზე საუბარი არ შეიძლება. იქ მარტო ბათუმის დინამოს არ უთამაშია. ორივე გუნდს შეეხო. საჩხერეში კეთდება მოედანი. გეთანხმებით, არც მე მომწონს ის მოედანი, მაგრამ ცალსახად ფედერაციისკენ და კობიაშვილისკენ გაიშვირო ხელი, არასწორია. მითუმეტეს, როცა ინფრასტრუქტურის კუთხით ბევრს ვმუშაობთ.

 

შესარჩევის მატჩებს თუ უმასპინძლებს ბათუმის სტადიონი?

 

აუცილებლად. ბოლო წლებში იყო შემთხვევები, ნაკრებმა გორშიც ითამაშა და ქუთაისშიც. რა თქმა უნდა, თბილისის სტადიონების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რეგიონებშიც ჩავატაროთ ასეთი თამაშები.  

 

ტორპედოს თემაზე და გერმანული აინტრახტის აქციონერების შესაძლო მოსვლაზე.  

 

აღმასკომზე გადავწყვიტეთ, რომ ფინანსურად კლუბს დავხმარებოდით. მაგრამ ეს არაა საკმარისი. გუნდი წარუმატებლად თამაშობს და დარწმუნებული ვარ, ეს არაა ის ადგილი, სადაც უნდა იყოს კლუბი. იტალიიდან იყო ჩამოსული ინვესტორების ჯგუფი, იყვნენ ჩვენთან და ისაუბრეს. დღესაც აქვთ ინტერესი, თუმცა არსებობს კითხვები და ეს უკვე მერიის კომპეტენციაა. და იმ პიროვნებების კომპეტენციაც, რომლებიც დღეს კლუბს განაგებენ. არ ვიცი, როდის იტყვის ეს ჯგუფი საბოლოო პასუხს, თუმცა მათ მეორედ ჩამოსვლის სურვილიც გამოთქვეს. ასევე, გერმანიიდან იყო ინტერესი, თუმცა პირადად მე მათ არ შევხვედრილვარ. კიდეც ვიცი, რომ ქართველების ჯგუფსაც აქვს სურვილი, რომ ტორპედო მათ ხელში გადავიდეს.  

 

ფონდის საქმიანობა. აკონტროლებთ თუ არა თანხას, რომელიც სახელმწიფოდან მიდის კლუბებში?

 

დიახ, რა თქმა უნდა. ფონდის მიერ გაცემული თანხა კონტროლდება. ეს თანხა 100 პროცენტით ხელფასებისთვის არაა განკუთვნილი. საამისოდ დაახლოებით 50 პროცენტის დახარჯვა შეუძლიათ, დანარჩენი კი უნდა გამოიყენონ ტრანსპორტირებაში, კვებაში, ეკიპირებაში, შეკრებებში და ასე შემდეგ. ინფრასტრუქტურისთვის თუ დახარჯავენ, ძალიან კარგი, მაგრამ საამისოდ არ ჰყოფნით თანხა. თუმცა მოხარული ვარ, რომ გამონაკლისები არსებობს. ფედერაცია კლუბების მენეჯმენტში ვერ შევა. კერძო კლუბი როცა არის, რა გითხრათ, ჩვენ როგორ უნდა ჩავერთოთ, არ ვიცი. ტორპედოს პრეზიდენტის ქმედებები ფედერაციის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. მე ნამდვილად ვერ მივიღებ მონაწილეობას, თუ ვის მისცემენ კლუბს.

 

რუსთავის სტადიონზე.

 

რუსთავში არის აკადემია და ეძლევათ საშუალება, რომ იქ ითამაშონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტადიონის პრობლემა არ უნდა გადაიჭრას. მზად ვართ, ამ სტადიონზე შევცვალოთ საფარი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში ხელმძღვანელობა შემოვა და სტადიონის რეაბილიტაციას დაიწყებს.

 

ვლადიმირ ვაისზე. 

 

მისი მუშაობა მოგვწონს და ვენდობით. მოლოდინი, რა თქმა უნდა, მეტია. ვაისს აქვს მოქმედი ხელშეკრულება. ასე რომ, ერთად ვმუშაობთ და წასვლა–არწასვლა აქტუალური თემა არაა.