ოლივიე ანტონიოსთან

ინტერი გაძლიერებას იწყებს

ანტონიო კონტეს ინტერში ჩელსის ფრანგი ფორვარდის ოლივიე ჟირუს გადაბირება მოსურვებია. იტალიაში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, ვინც წუხს, რომ ფრენკ ლამპარდი ხშირად არ ათამაშებს და უმეტესად შეცვლებზე შეჰყავს. 

კონტემ იტალიელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი წლიდან ყველა პოზიციაზე სურს გუნდის გაძლიერება, უფროსებისგან კი თანხმობა მიუღია. ჰოდა, მწვრთნელსაც თავის დავთარში ყველაზე სასურველ ფეხბურთელად ფრანგი ფორვარდი მოუნიშნავს.

 

ინტერის სურვილი ერთია და, სხვა საქმეა რას ამბობენ ჟირუს ტრანსფერზე ლონდონში. იქ იტალიელთა სიტყვას, ცხადია, დიდი აღფრთოვანებით არავინ შეხვედრია, თუმც არც დიდი წინააღმდეგობისა დატყობიათ რამე. 

ჟირუს ტრანსფერი თუ არ შედგა, ამბობენ, კონტეს სათადარიგო ვარიანტად პეტერბურგის ზენიტიდან არტიომ ძიუბას ან სპალიდან ანდრია პეტანიას აყვანას განიხილავსო. 

ჩელსიში ლამპარდის მისვლის შემდეგ ჟირუმ პრემიერლიგაში სულ ოთხი მატჩი ჩაატარა, თუმც ღირებული არაფერი შეუქმნია. კონტეს ჩელსიში კი ფრანგი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.