მამის გული (+VIDEO)

37 წლის ეკვადორელი ყოფილი ფეხბურთელის, სილვანო ესტასიოს სახელ–გვარი ვერაფერს გეტყვით. ეკვადორული მასშტაბით ნორმალური დონის ფეხბურთელად ითვლებოდა, ეგაა, ქვეყნის მთავარ ნაკრებში ვერ ითამაშა.

 აი, მის შვილს, 17 წლის დენილსონ ესტასიოს კი მაგრად გაუმართლა. ჯერ ის ვთქვათ, რომ მამამ შვილს დენილსონი ბრაზილიელი გარემარბის საპატივსაცემოდ დაარქვა...

 

ამჟამად ბრაზილიაში 17–წლამდელთა მუნდიალი მიმდინარეობს. დენილსონ ესტასიო ეკვადორის ნაკრების შემადგენლობაშია, მაგრამ ბრაზილიაში გამგზავრების წინ პრობლემები შეექმნა. გაირკვა, რომ 17 წლის დენილსონს მშობლებისგან თანხმობა არ ჰქონია უცხოეთში მგზავრობაზე. რამდენიმე ფურცელზე ხელმოწერა აკლდა. მშობლები კი ეკვადორის დედაქალაქ კიტოდან (საიდანაც უნდა გაფრენილიყო ნაკრები) 156 კილომეტრის სიშორეზე ცხოვრობენ.

 

მამამ ეს ამბავი რომ გაიგო, სასწრაფოდ გადაწყვიტა კიტოში გადაფრენა, მაგრამ ეკვადორიში შიდა ფრენები აკრძალული იყო. ქვეყანაში პოლიტიკური არეულობაა. ავტობუსიც გამოირიცხა, რადგან მძღოლების უმრავლესობა საპროტესტო აქციაზეა და ისედაც, ბევრი ავტობუსი დაამტვრიეს.

 

და რა გააკეთა მამამ? მეგობრისგან მოტოციკლი ითხოვა და ჰერი–ჰერი დედაქალაქისკენ. თუმცა 45 კილომეტრში იძულებული იყო, გაჩერებულიყო: გზა გადაეკეტათ ბლოკპოსტების გამო. კიტომდე 100 კილომეტრზე მეტი რჩებოდა და სილვანომ გადაწყვიტა, ფეხით გაევლო. არც წყალი, არც საჭმელი, საშინელი სიცხე... მაგრამ 12 საათში მამა უკვე ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციაში იყო, ფურცლებზე ხელი მოაწერა  და შვილი მსოფლიო ჩემპიონატზე გაუშვა.  

 

„გამთენიისას 5 საათზე წავედი. სიცხეს რომ თავი დავანებოთ, ბევრი აღმართ–დაღმართი შემხვდა, მაგრამ განსაკუთრებული საფრთხე არ შემქმნია. მამაჩემიც იგივეს გააკეთებდა, მე რომ მსგავსი პრობლემა მქონოდა. ასეთივე მაგალითი მივეცი შვილს, რომელმაც ოცნება აიხდინა და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა“.

 

პირველ ტურში ეკვადორმა 2:1 მოუგო ავსტრალიას. დენილსონ ესტასიომ ბოლო 7 წუთი ითამაშა და მატჩის მერე ტიროდა: „ეს უბედნიერესი 7 წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში“.