1956 წლისთვის: უნგრეთში რუსებს აგინეს... უნგრეთში რუსები დაიჭირეს...

სამი ათასი მოკლეს, სამი ათასჯერ... 

უნგრეთში რუსეთის საელჩო იტყობინება, რომ ევროპის ლიგის ფერენცვაროში - ცეესკას მატჩის წინ ბუდაპეშტის პოლიციამ რამდენიმე რუსი ქომაგი დააკავა. ბევრსაც, სტადიონისკენ გზა მხოლოდ მაშინ გაუხსნა, როცა შეხვედრა რამდენიმე წუთის დაწყებული იყო...

გეუცნაურათ? ალბათ, არა. ბუდაპეშტში ხომ ცეესკამ ითამაშა, რუსული არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის ფეხბურთის გუნდმა. აბა. გინახავთ ან გსმენიათ, რომ რუსი არმიელების გუნდს და ქომაგებს სადმე ზარ-ზეიმით დახვედროდნენ?!

 

 

რუს ქომაგებს დიდი რია-რია მოუწყვიათ. ჯერ კიდევ მეტროში მათ პოლიციელები წყლით გაწუწეს, ერთს თავიც გაუტეხეს და ქალაქის შენობები  საკლუბო ლურჯ-წითელ ფერად შეღებეს. რუსებს პოლონური ვიძევისა და სერბეთის პარტიზანის ფანები ეხმარებოდნენ, მასპინძლების „დამხმარე რაზმი“ კი ბუდაპეშტში ასევე პოლონეთიდან, კერძოდ შლიონსკიდან ჩავიდა. შლიონსკი და ვიძევი დაუძინებლები მტრები არიან. ჰოდა, ატყდა ვაი-უშველებელი. საქმეში პოლიციის საცხენოსნო რაზმი ჩაერია და ფატალურ შედეგებამდე საქმე აღარ მისულა.

ეს ყველაფერი ქალაქში. აი, სტადიონზე კი...

უნგრელებმა ქვეყნის უზარმაზარი დროშა გამოფინეს, რომლის შუაგულიც ამოჭრილი გახლდათ. სწორედ ამგვარი - შუა ნაწილიდან ამოღებული კომუნისტური გერბი - დროშა იყო იმ აჯანყების სიმბოლო, რომელსაც 1956 წლის 23 ოქტომბრიდან 9 დეკემბრამდე საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ უნგრეთის სახალხო არმია ხელმძღვანელობდა. 

 

 

უნგრული აჯანყება პოლონეთის სოლიდარული იყო. ბუდაპეშტში სტალინის რვამეტრიანი ძეგლი ჩამოაგდეს, ხალხი რადიო-ეთერში იჭრებოდა და რევოლუციურ მოწოდებებს აკეთებდა. დაიწყო საერთო-სახალხო დემონსტრაცია, იყო შეიარაღებული დაპირისპირებები, რომელიც საქმეში საბჭოთა ჯარის ჩარევით, 3 ათასამდე ადამიანის დაღუპვით და 20 ათასამდე დაჭრილით დამთავრდა.

თავად ცეესკას ქომაგებს კი ფერენცვაროშის სტადიონზე ბარე 3 ათსჯერ მაინც მოუხდათ მათი შეურაცხმყოფელი შეძახილების მოსმენა... რაა გასაკვირი...