ფეხბურთი ტყიბულში: ბუმზეც და გაჭირვებაზეც

წლევანდელ ეროვნულ ლიგაში ყველაზე დიდი ნამატი, ვფიქრობთ, ბათუმის დინამოს გულშემატკივარია. ატმოსფერო, რაც ქალაქშია თამაშების დროს. არის რაიონები, სადაც ფეხბურთისადმი საკმაო ინტერესია.

პერიოდულად სხვადასხვა რაიონის გუნდებზეც გავაკეთებთ სტატიას. ამჯერად ტყიბულის მეშახტეზე, რომელსაც 33 წლის ლევან ჯოხაძე წვრთნის და კარგი სახელიც აქვს ქომაგებში. ტყიბულში გულშემატკივარი დადის და გუნდს გასვლით თამაშებზეც უჭერენ მხარს. მეშახტე ლიგა3–ში გამოდის, სადაც ერთი პერიოდი უიმედო ატსაიდერად ჩანდა, მაგრამ ბოლო ტურებში ზედიზედ მოიგო თამაშები.

 

ოთხი ტური დარჩა, ორი გუნდი პირდაპირ ვარდება და საფრთხე 5 გუნდს ემუქრება. გადარჩენა გაუჭირდება გორს, რომელიც ბოლოზეა და 4 ქულით ჩამორჩება სხვებს. დაახლოებით თანაბარ სიტუაციაში არიან ხობის კოლხეთი, ბორჯომი, ქედის ბეთლემი და მეშახტე.  

 

ჯოხაძეს დავუკავშირდით. თბილისელი სპეციალისტია, რომელიც შარშანდელი აგვისტოდან მუშაობს მეშახტეში:

 

თავიდან ვმუშაობდი თბილისის ოლიმპის სკოლაში, მერე თბილისის დინამოს აკადემიაში და დინამო 2–ში მალხაზ ჟვანიას ასისტენტად. კიდევ, ცხინვალის ლიახვში, რომელიც უმაღლესში გადავიდა, მაგრამ ლიცენზიის არქონის გამო ვერ ითამაშა ზედა ლიგაში. ვიყავი თელავში ასევე ჟვანიას თანაშემწედ, მერე სამტრედიაში ბადრი კვარაცხელიას ვეხმარებოდი. A ლიცენზია მაქვს და ვაპირებ, პროლიცენზიის კურსებზე გავიდე.

 

ვიდეოებიდან და სოციალური ქსელებიდანაც ჩანს, რომ ტყიბულში ფეხბურთისადმი ინტერესი არის.

 

დიახ, ფეხბურთი ძალიან უყვართ. მინიმუმ 500 კაცი ყოველთვის არის სტადიონზე, ზოგჯერ კი 700–ს სცილდება. ამინდსაც გააჩნია. კიდევ იმასაც გააჩნია, წინა თამაში როგორ ჩავატარეთ. თუ მოვიგეთ, ხალხი ემატება. ალბათ ისიც მოქმედებს, რომ სხვა გასართობი არც არის ტყიბულში. ბოლოს ბორჯომს გასვლაზე მოვუგეთ და იქაც იყვნენ ქომაგები. ქალაქის მერიამ ავტობუსი გამოჰყო. ჩოხატაურშიც იყვნენ ბახმაროსთან მატჩზე.

 

ეს კარგია, მაგრამ სტადიონია ცუდ მდგომარეობაში. ამ სტადიონის გარდა რა ინფრასტრუქტურაა ქალაქში? 

 

არის კიდევ ერთი მოედანი. ორივე ცუდ მდგომარეობაში: როგორც საფარი, ასევე ტრიბუნებიც. პრობლემას ქმნის ხელოვნურსაფარიანი მოედნის არქონა. ხელოვნური რომ იყოს, უამინდობაში კარგი იქნებოდა. ბუნებრივი კარგი ხარისხის ვერ არის და წვიმაში ფუჭდება.

 

სადაც თამაშობთ, იმ სტადიონის კეთილმოწყობა არ იგეგმება? 

 

რამდენადაც ვიცი, პროექტი შედგენილია. ტენდერზეა გატანილი.

 

ბავშვებში იგრძნობა ინტერესი? 

 

აი, ამ მხრივ მართლაც ჩანს ბუმი. სხვადასხვა ასაკობრივში 120 ბავშვი თუ ჭაბუკი ვარჯიშობს. ისინიც ამ ორი სტადიონით შემოიფარგლებიან.

 

მეშახტეში რამდენი ადგილობრივი ფეხბურთელი გყავთ?

 

ორნი: გივი ბრეგაძე და მანუჩარ ჩუბინიძე. არის კიდევ მეკარე გვენეტაძე, მაგრამ მას თამაში არ უწევს. ჯერ ახალგაზრდაა.

 

ზოგადად, თბილისიდან ჩასულებს რაიონში ცხოვრება უჭირთ. თქვენს შემთხვევაში როგორაა საქმე?

 

არის ეს მომენტი. რთულია ჩამოყვანა, რადგან რა ხელფასსაც თბილისში აძლევენ, იგივეს თუ აქ გადაუხდი, ბუნებრივია, თბილისს აირჩევს. ურჩევნია, სახლთან ახლოს იყოს. ამიტომ კლუბი ზოგჯერ იძულებულია, მეტი ხელფასით დააინტერესოს ფეხბურთელი. ამდენი თანხა კი არაა... მეშახტეშიც არიან თბილისელები, მაგრამ ცოტანი. მეტწილად სხვადასხვა რაიონებიდან გვყავს მოთამაშეები, ქუთაისიდან, ვანიდან და ასე შემდეგ. (მეშახტეში აფრიკელი ლეგიონერებიც არიან. შემტევები: კამერუნელი მეგოლე დანიელ ზამბო–ზამბო და კოტდივუარელი ალენ კუაკუ).

 

მათ შორის, უმაღლეს ლიგაში ნათამაშევი ბიჭებიც გყავთ...

 

ასეთი ორია: ცოტნე ხარაბაძე და ზურაბ გელაშვილი. ასაკობრივ ნაკრებებშიც იყვნენ. დანარჩენებიდან ბევრს ლიგა2–ში აქვს ნათამაშევი.

 

საერთოდ, ლიგა3–ზე რომ გვითხრათ, დონით ბევრად ჩამორჩება ლიგა 2–ს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ჩანს, ლიგა2–ში რამდენიმე გუნდი მძიმე მდგომარეობაშია.

 

ტურში ერთხელ ზედა ლიგის თამაშებსაც ვესწრები და უნდა ვთქვა, რომ სხვაობა მცირეა. ლიგა 3 საკმაოდ დაძაბულია. მარტვილის მერანი გამორჩეული იყო. ვფიქრობ, ჩვენი ლიგიდან მეორე–მესამეზე გასულებს (სამგურალი და დიდი ალბათობით, არაგვი) ფლეი–ოფში ლიგა2–ის გუნდებთან კარგი შანსი ექნებათ. მეტი თუ არა, ნაკლები შანსი ნამდვილად არა...

 

მანამდე კი მეშახტეს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს.

 

კალენდარი ცოტა რთული გვაქვს. მომდევნო ორ ტურს ლიდერებთან ვატარებთ, მერანთან და სამგურალთან. ოთხი ტური დარჩა და ვატყობ, მინიმუმ 6 ქულა უნდა ავიღოთ. შესაძლოა, ესეც არ გამოდგეს საკმარისი. თუმცა იმედიანად ვართ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.   

 

ჩვენის მხრივ დავამატებთ: ვინც არ იცის, მეშახტე 1980 და 1981 წლებში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბუნებრივია, ის კლუბები თამაშობდნენ, რომლებსაც იმ დროს საბჭოეთის უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგაში არ უწევდათ გამოსვლა. იყო დრო, სსრკ–ის მეორე ლიგაში თამაშობდნენ კიდეც. ტყიბულელებმა  ასევე ორჯერ მოიგეს საქართველოს საბჭოთა თასი. მეშახტეს 1965–1967 წლებში ცნობილი ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.  ერთ დროს ტყიბულის სტადიონი ივსებოდა, 15 000–18 000 კაცი დადიოდა...