UEFA-მ ევროტურნირების კვირის საუკეთესო ფეხბურთელები და გოლი დაასახელა

როდრიგომ და მუნირმა ჰეთ-თრიკები გაიფორმეს, დუგლას კოსტამ კი ლოკომოტივს შთამბეჭდავი გოლი გაუტანა

რეალ მადრიდის ახალგაზრდა ფორვარდი, როდრიგო, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 18 წლის ბრაზილიელი გალათასარაის წინააღმდეგ (6:0) შეხვედრაში, ჰეთ-თრიკი გაიფორმა. კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ასევე აშრაფ ჰაკიმი (დორტმუნდის ბორუსია), კეილორ ნავასი (პსჟ) და სონ ჰიუნ მინი (ტოტენჰემი) იბრძოდნენ.

 

რაც შეეხება რანგით მეორე ევროტურნირს, სევილიას შემტევი, მუნირ ელ ჰადადი, ევროპა ლიგის მე-4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დუდელანჟის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 24 წლის ფორვარდმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მისი კონკურენტები მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ესტებან გრანერო (ესპანიოლი) და ენცო კრიველი (ბაშაქშეჰირი) იყვნენ.

 

იუვენტუსის შემტევი, დუგლას კოსტა, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.