გოლიათები იწყებენ - რას ველოდებით ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინისგან?

ველოდებით, იაპონიაში გოლიათები 800 კგ სიმძლავრით ერთმანეთს როდის შეეჯახებიან...

ნოემბრის მეორე კვირა დღე 10 რიცხვს დაემთხვა, რაც ნიშნავს კიუშუ ბაშო სტარტს სწორედ ამ დროს აიღებს. ასეა, დიდი ტურნირების დაწყების თარიღის გამოთვლა მარტივია, იანვრიდან მოყოლებული ყოველ მეორე თვეს, თვეში კი მეორე კვირა დღეს იმპერატორის თასის გათამაშება დაიწყება.

 


ეს ჩემპიონატი პასუხს ბევრ კითხვაზე გასცემს, მაგალითად: 2007 წლის შემდეგ, წინა წელს პირველად მოხდა, რომ ჰაკუჰომ 1 წლის განმავლობაში იმპერატორის თასი მხოლოდ 1-ხელ მოიგო. წელსაც ასეა, თეთრმა ფენიქსმა მხოლოდ ჰარუ ბაშოზე მოახერხა გამარჯვება და ეს ბაშო ბოლო შანსია, მისთვის უსიამოვნო ტენდენცია არ ჩამოყალიბდეს. შეიძლება სხვისთვის წარმატება, დიდი ჩემპიონისთვის ასაკის მატების (34 წლის) მანიშნებელი იყოს...

 

 


ჰაკუჰო არა მხოლოდ სუმოს, არამედ სპორტის ლეგენდაა, თუმცა ქართველებს ყველაზე მეტად ლევან გორგაძის ფიზიკური ფორმა გვაინტერესებს. სუბიექტურობაში რომ არ ჩამოგვერთვას, ცნობილმა ინგლისურენოვანმა სუმოს საიტმა www.tachiai.org-მა ტოჩინოშინზე შემდეგი სიტყვები დაწერა: 

 


„ტოჩინოშინს ჭიდაობის ბრწყინვალე სტილი აქვს და თუ ის ჯანმრთელად იქნება, 10 გამარჯვების მოპოვება ნამდვილად შეუძლია - მეტოქის მავაშის (ქამარს) აიღებს, ხელში აიყვანს და დოჰიოდან გადადგამს. ამ  დროს, ქართველ გოლიათთან მოწინააღმდეგე სრულიად უძლური ხდება.

 


ამგვარ სტილში ჭიდაობას კარგი ფიზიკური ფორმა სჭირდება, ლევანი ორივე ფეხზე მყარად უნდა იდგეს. ჩვენ 10 გამარჯვება მოწყურებულ ტოჩინოშინს სიამოვნებით დავაკვირდებით და ვნახავთ, ოძეკის რანგის დაბრუნებას შეძლებს თუ ვერა, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ მის ტრავმას უკვალოდ არ ჩაუვლია“

 

სუმოში 10 გამარჯვება იკოძუნას შესაფერის მიღწევად ითვლება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი ქართველზე ასეთ აღმატებით ხარისხში წერს, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ხდება ტრავმასთან დაკავშირებით? 

 


ტოჩინოშინმა ასანოიამასთან („ნაცუ“ – 2019 წლის მაისის ბაშოს გამარჯვებული), მიტაკეუმისთან („აკი“ – 2019 წლის სექტემბრის ბაშოს გამარჯვებული), აოიამასთან და ტოჩიოძანთან ერთად ივარჯიშა - შედეგი კი ჩვენთვის სასიხარულო დააფიქსირა: 10 მოიგო და მხოლოდ 4 წააგო. ასანოიამა, რომელიც მავაშში (ქამარში) კარგად ჭიდაობს, 4:1 დაამარცხა. 

 

Image may contain: 2 people

 


ასევე, აღსანიშნი და გასახარია, რომ ჩვენებური თავად ჰაკუჰომაც ავარჯიშა (ბუცუკარი).

 


ქართველმა გოლიათმა 10 კილო დაიკლო და 170-ზე ჩამოვიდა, თუმცა სუმოტორისთვის ეს წონა არაფერს წარმოადგენს და მუდმივად ცვალებადია.

 


ლევანმა ტრავმაზე ისაუბრა და თქვა, რომ მართალია დაზიანება ბოლომდე მოშუშებული არ აქვს (სავარაუდოდ, მისი კარიერის ბოლომდე ასეც იქნება) თუმცა დიდი ხანია ასე კარგად არ ყოფილა

 


„იმედი მაქვს, ტკივილი ბაშოს მიმდინარეობისას აღარ შემაწუხებს. ფსიქოლოგიური ზეწოლა დიდია, რადგან ოძეკის რანგი დასაბრუნებელი მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გამომივა“

 


მთავარი საფიქრალი ტრავმის გამიზეზებაა. შესაძლოა ტოჩინოშინი ნებისმიერმა წაქცევამ ტრავმის რეციდივამდე მიიყვანოს, თუმცა შიში ქართველს არ ახასიათებს და მეტოქეს ყოველთვის ლომივით ერკინება. მისი შანსიც მის ძალაშია, ლევანმა ისე უნდა შეუტიოს, როგორც იცის და ასე კარგად გამოსდის. 

 


ეს წარმატების და ლევან გორგაძის ფორმულაა.  

 

 

რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს, გაგამარუს. თეიმურაზ ჯუღელის მდგომარეობა ძალიან რთულადაა, ისე, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა. მას წყალი ჩამდგარი ორივე მუხლში აქვს, საშინელი ტკივილები აწუხებს და დოჰიოზე გასვლა ასეთ პირობებში უწევს. ქართველი გოლიათი არ ნებდება, თუმცა, ისე ჩანს, რომ ახლა ყველაზე მეტად გაუჭირდება...

 


მოკლედ მიმოვიხილოთ სხვა სუმოტორების მდგომარეობაც

 


ჰაკუჰო ბაშოს წინ შესანიშნავად ემზადება და მეტოქეებს ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს. მაგალითად, ფენიქსი აბის 7-ჯერ შეხვდა და ყველა მოუგო... 

 

 


ჰაკუჰოს მსგავსად, კიუშუ ბაშოსთვის იოკოძუნა კაკურიუც ემზადება. ორივე დიდმა ჩემპიონმა ტრავმა მოიშუშა და როდესაც დოჰიოზე ისინი არიან, ფავორიტი არ შეიძლება სხვა იყოს.

 


ოძეკი ტაკაიასუსა და ოძეკი ტაკაკეიშოს ტრავმები ისევ აწუხებთ. თუ ტაკაკეიშოს უფლება აქვს, რომ ამ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსიროს, ისე რომ ოძეკის წოდება არ დაკარგოს, ასეთი ფუფუნება ტაკაიასუს არ გააჩნია...

 


მივყვეთ ტაკაიასუს სპარინგებს

 

ტაკაიასუ 1:6 ტოჩინოშინი

 

ტაკაიასუ 1:9 გოეიდო

 

ტაკაიასუ 4:2 ტომოკაძე

 

ტაკაიასუ 13:14 რიუდენი

 

ტაკაიასუ 5:17 არაისო (ექს იოკოძუნა კისენოსატო) 

 


ტაკაიასუს ბალანსი შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის და საერთო ჯამში მხოლოდ ტომოკაძეს მოუგო. იაპონელი ოძეკის მდგომარეობა არა ცუდი ფორმით, არამედ ტრავმებითაა გამოწვეული. ის ბოლომდე იბრძოლებს და ბაშოს მიმდინარეობა გვაჩვენებს მოვლენები როგორ განვითარდება, კიუჯოს (ტურნირიდან თავის მოხსნა) გამოაცხადებს თუ შანსი ბოლომდე დარჩება... 

 


ოძეკი გოეიდო დიდი ხანია ჩემპიონობისთვის აღარ იბრძვის, მისი მთავარი საფიქრალი დადებითი ბალანსია (8 გამარჯვება), რათა ოძეკის წოდება საფრთხეში არ ჩააგდოს. 33 წლის ჩემპიონი იოკოძუნობას ვერ შესწვდება და სხვა საფიქრალი, ალბათ. არც არაფერი უნდა ჰქონდეს...

 


კიუშუ ბაშოზე იჩინოჯოს ვერ ვიხილავთ. პერსპექტიულ რიკიშის ხერხემლის პრობლემა აქვს და 35 კილოც დაიკლო (მისი ამჟამინდელი წონა 190 კგ). ის ახლა მაკუუჩის (უმაღლესი დივიზიონის) ფსკერზე იმყოფება და იანვარში ასპარეზობა უკვე ჯურიოში (რანგით მეორე დივიზიონი) მოუწევს. 

 

 


სეკივაკე მიტაკეუმიზე პროგნოზის გაკეთება რთულია, შეიძლება ჩემპიონი გახდეს, ან 7:8-ზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსიროს. მართალია, იაპონელმა იმპერატორის თასი 2-ჯერ მოიგო, მაგრამ არც ერთ ბაშოზე მისი კონკურენტები კაკურიუ და ჰაკუჰო არ ყოფილან. მოტივაციის პრობლემა ისედაც არ უნდა ჰქონდეს, თუმცა დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. 

 


დასამტკიცებელი სხვებსაც ბევრი აქვთ.

 


უნდა გვახსოვდეს, რომ სუმო ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სპორტია და წარმატებულ ასპარეზობას ბევრი ფაქტორის თანხვედრა განაპირობებს. ყველაფერი ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს, შეგვიძლია იმპერატორის თასი ყოველ წელს ჰაკუჰოს გადავცეთ, თუმცა, ვახსენეთ, რომ ბოლო 11 გათამაშებიდან მან "მხოლოდ" ორი მოიგო. ის კი მართალია, რომ ფენიქსისთვის ცოტა, კაკურიუს ტიტულების მესამედის ტოლია (6 იმპერატორის თასი).
მოუთმენლად ველოდებით გოლიათები დოჰიოზე როდის გამოვლენ, საშუალოდ 800 კილოგრამი სიმძლავრის ტაჩი-აი (თავდაპირველი შეჯახება) ექნებათ და რამდენიმე წამის განმავლობაში ბრწყინვალე სანახაობას შემოგვთავაზებენ. 
ამ რამდენიმე წამის გამო ლოდინი ნამდვილად ღირს.

 

ლევან გორგაძე პირველ ორ დღეს მეორე მაეგაშირებს, მეისეისა და მიოგირიუს დაუპირისპირდება...

 


10 ნოემბერს კიუშუ ბაშო იწყება...