შეცვლა 76–ე წუთზე: შვილი მამის ნაცვლად...

საინტერესო ფაქტი მოხდა ეროვნულ ლიგა 2–ში, შევარდენი–შუქურას შეხვედრაში. 76–ე წუთზე შევარდენის მეკარე გიორგი სომხიშვილი თავისმა ვაჟმა დავით სომხიშვილმა შეცვალა.

ამ დროს ანგარიში 0:2 იყო და ანგარიში აღარ შეცვლილა. შევარდენმა მორიგი მატჩი წააგო, მეოთხე ადგილზეა და ფლეი–ოფში თამაშის შანსი აღარ დარჩა.

 

მაგრამ აქ ფაქტია აღსანიშნავი: შვილმა შეცვალა მამა... გიორგი სომხიშვილი 39 წლისაა და ადრეც გვეწერა, რომ საქართველოს ჩემპიონატის რეკორდსმენია: 14 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში (კერძოდ, ყვარლის დურუჯში).

 

მეტიც, დიდი შანსია, სომხიშვილი ევროპის მასშტაბითაც იყოს რეკორდსმენი მეკარეებს შორის. ანუ, ყველაზე ახალგაზრდა კიპერი, ვისაც კი ოდესმე უმაღლეს ლიგაში უთამაშია. უბრალოდ, ამის გადამოწმება ფიზიკურად შეუძლებელია...    

 

რაც შეეხება პატარა სომხიშვილს, დავითი 16 წლისაა და 10 დეკემბერს გახდება 17–ის.

 

შევარდენის ფოტოგრაფის, მიშიკო კანკიას ფოტო

ლაშა გურგენიძე, დავით სომხიშვილი, თამაზ ოდიკაძე, გიორგი სომხიშვილი, გიორგი ჩოჩიშვილი