კაილ ჰაინსი: განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია

არ მესმის, როგორ შეიძლება დაიღალოს, შეცვლა მოითხოვოს მოთამაშემ, რომელიც უზარმაზარ ხელფასს იღებს?! 

დიუკის წინააღმდეგ, კოლეჯში ფრიადებზე სწავლის დროს, ახალაგზრდა კაილ ჰაინსმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. საუკეთესო - პროფესიონალებში გადასვლამდე. ახალგაზრდამ ლეგენდარული კოლეჯის ამაყ გუნდს 20 ქულა აარტყა. 5 მოხსნასთან, მაგარ დაცვასთან ერთად. დიუკის მთავარმა მწვრთნელმა, საკოლეჯო კალათბურთის დონმა მაიკ კჟიჟევსკიმ ჰაინსი შეაქო, ეს ბიჭი კარგი იქნება. საკმარისი კომპლიმენტი ამერიკის ნაკრების მომავალი მწვრთნელისგან, რომელსაც თავს ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი და კევინ დიურანტი უხრიდნენ.

ჰაინსი გერმანიის გავლით (ბროზე) ოლიმპიაკოსში გადავიდა. და, ტევტონურ კალათბურთში მოიგო ყველა ინდივიდუალური პრიზი - ფინალური სერიის MVP, ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP, გახდა გერმანიის ჩემპიონი, მოიგო გერმანიის თასი და სუპერთასი.  სოლიდური კოლექცია პირველწლიანი ბიჭისთვის ევროტურზე. ჰაინსმა ოლიმპიაკოსშიც დაგლიჯა.

საბერძნეთში ჰაინსი მეგადამცველი გახდა. ოლიმპიაკოსმა ორჯერ მოიგო ევროლიგა და ჰაინსი ევროლიგის უნივერსალური ჯარისკაცი გახდა. პრობლემა პირველი ნომრისგან? ჰაინსი ამ პრობლემას მოაგვარებს. მეორე ნომერი ბევრ ქულას იღებს? დაუძახეთ კაილს. ვინ დაიჭერს ყველაზე აგრესიულ მსუბუქ ან მძიმე ფორვარდს? ჰაინსი! ცენტრებში ჰაინსი კლდე იყო. რომელსაც ასკდებოდნენ და იშლებოდნენ.

საბერძნეთის შემდეგ ამერიკელი გადადის ცსკა-ში.

რუსული არმიის მეგაორგანიზებული გუნდი. სადაც ჰაინსი განსაკუთრებით დააფასეს. სადაც ჰაინსი გახდა ლეგენდა. სადაც ჰაინსი ევროლიგის საუკეთესო დამცველად დაასახელეს. დიამანტიდისთან ერთად, ამერიკელი ევროლიგის ყველა დროის საუკეთესო დამცველად ითვლება.

ბიჭმა ეს დაიმსახურა.

ცსკა-ში ბევრი მეგობარი მყავს. როდესაც კლუბს კაილთან გასაუბრება ვთხოვე, არ არის პრობლემა, დაელაპარაკე, ჰაინსი ძალიან საინტერესო ადამიანია, მიპასუხეს კლუბში.

ეს კაილ ჰაინსთან ექსკლუზივია.

ავკრიფეთ.

 

მიმდინარე სეზონზე.

კაილ ჰაინსი: ბევრი მოთამაშე შეიცვალა. ცსკა არ გახდა უკეთესი ან - უარესი. ჩვენ, უბრალოდ, შევიცვალეთ, მაგრამ ყოველთვის დავრჩებით ერთ ოჯახად. ცსკა ყველას ყურადღებას აქცევს. აქ ყველა მოთამაშეს, კლუბის ორგანიზაციის ყველა წევრს პატივს სცემენ და ეს არ იცვლება. უბრალოდ, ეს კლუბის პოლიტიკაა. და, მე ამაყი ვარ, რომ ამ ორგანიზაციის წევრად ვრჩები.

ახალ მოთამაშეებზე.

კ.ჰ: ისინი პროფესიონალები არიან. ყველას კარგად ვიცნობ, ყველას პატივს ვცემ. ბუნებრივია, რომ აკლიმატიზაციას ყველა თანაბრად ვერ გაივლის, რაღაც დრო უნდა გავიდეს. გუნდი თამაშობს. გუნდი არ აქცევს ყურადღებას ტრავმებს და ცდილობს, ყველა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატაროს.

ანუ, ყველა თამაში მოიგოს?

კ.ჰ: დიახ, ცსკა ყველა თამაშში მოსაგებად გადის მოედანზე. ეს კლუბის ტრადიციაა.  

უილ კლაიბერნის ტრავმაზე.

კ.ჰ: ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. მინდა, უილს გამოჯანმრთელება ვუსურვო, მაგრამ ცსკა-ში არ არიან შეუცვლელები. ეს სისტემაა, სადაც ყველამ უნდა დაიცვას კლუბის ინტერესები და თუ ვინმე მწყობრიდან გამოდის, იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე - შეუძლია. ტრავმები სპორტის, კალათბურთის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ როდესაც კლუბს აქვს ერთი მიზანი და ეს მიზანი ყველაფრის მოგებაა, ამ ნიუანსებს ყურადღებას არ აქცევ. უბრალოდ, გადიხარ მოედანზე და იგებ.

კოსტა კუფოსის ფაქტორზე.

კ.ჰ: გამოცდილი მოთამაშე, რომელსაც NBA-ში დიდი პერიოდი აქვს გატარებული. კუფოსი  კარგი დამცველია. გუნდი მას ენდობა. კუფოსმა მიიღო ტრავმა, სეზონის სტარტი გამოტოვა, მაგრამ ის დაბრუნდა და ეს მნიშვნელოვანია. ცსკა უკეთესი გახდება.

კონკურენტებზე.

კ.ჰ: ჩვენ საკუთარ თამაშს, ჩვენ პლიუსებს და მინუსებს ვაქცევთ ყურადღებას. ნაკლებად ვფიქრობთ სხვებზე. ეს არის ცსკა-ს მოთამაშეების მიდგომა, თუმცა, მწვრთნელები, ბუნებრივია, ყველა გუნდს დეტალურად სწავლობენ და ჩვენ ამომწურავ ინფორმაციას გვაძლეევნ. ბარსელონა ძლიერია ამ კომპონენტში, არმანი უკეთესია აქ, ბაიერნი - უფრო, სხვა კომპონენტში. ყველა გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ პირველ რიგში, ცსკა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე ფიქრობს.

როდესაც ოლიმპიაკოსთან ერთად ცსკა-ს უგებდით, კლუბის ფანებისთვის ერთ-ერთი ცუდი, ბოროტი პერსონაჟი იყავით. როგორ შეიცვალა ურთიერთობა გულშემატკივრებთან?

კ.ჰ: ეს სპორტია. შენ იცავ მხოლოდ იმ გუნდის ინტერესებს, სადაც ხარ დაკონტრაქტებული. მე პროფესიონალი ვარ. იყო კარიერის ეტაპი, როდესაც სხვა გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ დღეს ცსკა-ს წევრი ვარ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩვენი კლუბის ფანებთან. ამას ხელს უწყობს ცსკა-ს პიარ-დეპარტამენტიც. ყველაფერი მშვენივრად არის.

 

 

ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი შურისმაძიებლებიდან (Avengers)?

კ.ჰ: ალბათ, ალბათ... ჰალკი.

ბოლოს რა ფილმს უყურეთ?

კ.ჰ: ალბათ, კინოპრემიერას გულისხმობთ?

დიახ.

კ.ჰ: ცოლთან ერთად „ალადინი“ ვნახე. კარგი იყო, გავერთეთ.

რა მუსიკას უსმენთ?

კ.ჰ: მე ძველი სკოლის ჰიპ-ჰოპი მომწონს. 2Pac, Dr Dre. კლასიკა. თქვენ რას უსმენთ?

არა ჰიპ-ჰოპს, უფრო მძიმე მუსიკას.

კ.ჰ: როგორც, მაგალითად, Linkin Park?

არა, უფრო მძიმეს. რაც თქვენ ახსენეთ, ის ჯგუფი არის ანდრეი ვორონცევიჩი და მე რასაც ვუსმენ - კაილ ჰაინსი.

კ.ჰ: ყველაფერი გასაგებია.

კაილ, თქვენ ითვლებით ერთადერთ დამცველად ევროპაში, ვისაც ხუთივე პოზიციის მოთამაშის დაჭერა შეუძლია.

კ.ჰ: და, მე ვამაყობ ამით. მე ვამაყობ, რომ ცსკა-ს მწვრთნელები მე მენდობიან და ვცდილობ, შეცდომები არ დავუშვა.

თქვენ შედიხართ საკოლეჯო კალათბურთის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი, ვისაც კარიერაში 2 000 ქულა, 1 000 მოხსნა და 300 დაფარება აქვს აღებული.

კ.ჰ: და, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. კოლეჯი ძალიან ბევრს გვაძლევს. ჩემთვის კოლეჯი არა მხოლოდ სპორტში წინსვლის შანსი იყო. პირველ რიგში, მე განათლებას ვაქცევდი ყურადღებას. განათლება სპორტში, ყველაფერში დაგეხმარება. ნაკითხ, განათლებულ ადამიანთან ურთიერთობა უფრო მარტივი და სასიამოვნოა. ვცდილობდი, რომ დრო თანაბრად გადამენაწილებინა და ბევრი მიმეღო კოლეჯისგან. იმ ჯგუფში კი ჩემს გარდა შედიან ტიმ დანკანი, დევიდ რობინსონი, დერიკ კოულმენი, პერვის ელისონი და ალონზო მურნინგი.

თქვენ ჩემი ორი საყვარელი მოთამაშე დაასახელეთ.

კ.ჰ: ალბათ, სან ანტონიოს გულშემატკივრობთ?

დიახ.

კ.ჰ: NBA-ში სამაგალითო ორგანიზაციაა.

ლებრონ ჯეიმსი თუ კავაი ლეონარდი?

კ.ჰ: დღეს, კავაი ჩემპიონია, მაგრამ ლებრონი სხვა დონეზეა.

თქვენი საყვარელი დამცველები?

კ.ჰ: როდესაც კალათბურთს ვუყურებ, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ თავდადებას და ენერგიას, რომელსაც გუნდი კონკრეტული მოთამაშისგან იღებს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება დაიღალოს, შეცვლა მოითხოვოს მოთამაშემ, რომელიც უზარმაზარ ხელფასს იღებს?! ითამაშე იმდენი, რამდენიც გუნდს სჭირდება! მწვრთნელები მშვენივრად ხედავენ შენს კონდიციებს და როდესაც საჭირო იქნება, დაგასვენებენ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის სამაგალითო დამცველებად ყოველთვის დარჩებნიან დენის როდმანი და ბრიუს ბოუენი.

კიდევ ერთი სან ანტონიოდან!

კ.ჰ: დღეს თქვენი დღეა! ისე, სპერსში დენისიც იყო.

დიახ, ორი არასრული სეზონით. კაილ, არის მოთამაშე, ვინც ყველაზე მეტ პრობლემას გიქმნით?

კ.ჰ: არიან სხვადასხვა ტიპის მოთამაშეები. ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული. გააჩნია, როგორ მოემზადები კონკრეტული შეხვედრისთვის და როგორ გახვალ მატჩზე. პრობლემა შეიძლება, ნებისმიერმა შეგიქმნას.

კაილ, დიდი მადლობა დროისთვის, მოთმინებისთვის. ოთხთა ფინალამდე?

კ.ჰ: მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ოთხთა ფინალამდე? რატომაც არა!