ჯაკას ამბავი

როგორც უნდა იყოს, ფანობის ქსელური ენაც ნამეტანია და იმაზე გადარევაც რომ შენიანები გაგინებენ.

გრანიტ ჯაკას ამბავი რატომღაც არ ცხრება: აგე, ორი კვირა გახდება, რაც არსენალის დღემოკლედ კაპიტანი საკუთარ ფანობაზე განაწყენდა და კრისტალ პალასთან განიავებული თამაშისას შეცვლილმა ჯერ ხელები აუქნია, მიყვირეთ, მიყვირეთო, მერე ყურზეც მიიდო ხელი და ბოლოს  F…off-იც მიუგდო ემირატების ერთ ტერასას, თან კი მაისურაც გაბრაზებით გაიხადა და ისე გაუჩინარდა გვირაბში. გაუჩინარდა და გაუჩინარდა. ემერიმ კაპიტნობაც ჩამოართვა და მინდორზეც აღარ გამოუშვია. ორიოდ დღეში წერილობითი ბოდიშიც გამოაქვეყნა, ქსელი რომ ქვია, იქ და აწი რა? 

ჯაკამ ბუინგი, ანუ ხმაშეწყობილი უარყოფითი გუგუნი ვერ აიტანა. საკუთარი გულშემატკივრებისგან ძნელი მოსათმენია, თან ასეთი თამაშისას, როცა ორი ბურთით იგებ შინ და  შენზე პატარებმა გაგითანბრეს, ამ დროს კი კაპიტანს გცვლიან. თუმცა, ეს ბოლო წვეთი იყო, ნამდივლ სიმწარეს მეთოფეთა კაპიტანი თურმე ქსელებში იტანდა, სადაც უწერდნენ შენი ცოლი მოკვდესო, ქალიშვილს კიბო დაემართსო და ასეთებს და უარესებსაც. ჰოდა ბოდიში, ვეღარ მოვითმინეო. 

ძალიან დიდი დაწოლის ქვეშ იყო საერთოდაც, მაგას აბრალებდნენ ყველაფერს და ხშირად როგორც გამოხატავენ წერილობით, ხომ ცნობილია.

 

მედია და ძველი-ფეხბურთელ ექსპერტნი უმეტესად აღშფოთდნენ ჯაკას საქციელით, ფეხბურთელის ცხოვრება ეგაა. ვერ თამაშობ, გაგინებენო. თან კაპიტანი ხარ, შენი გუნდის გულშემატკივრებს ასე როგორ უნდა მოექცეო. მისი ყველა მოქმედება მცდარი იყოო. კრეიგ ბარლიმ ისიცა თქვა, ბედნიერი უნდა იყოს. არსენალში რომ თამაშობსო. ძველი დრო თუ ეგონა. ჯეიმი კარაგერმა კი მხარი დაუჭირა, ფანმა ფეხბურთელი მაშინ უნდა აკრიტიკოს, როცა ის თავს ზოგავს. ამ ბიჭს კი თავი არასოდეს დაუზოგავსო. საერთოდ კიდევ, ეს გრანიტ ჯაკა უბრალო ვინმე არ არის. სერბი ალბანელია, ლტოლვილი, მამა ციხეში უტანჯეს და მთელი ამბავი. არსენალში ყველას უყვარს, სწორედ გუნდმა აირჩია კაპიტნად. 

მენეჯრმა გადააყენა. ფეხბურთელებმა ახლაც საჯაროდ დაუჭრიეს მხარი.

ძველი ფეხbურთელები სულ იმას იმეორებენ, უნდა ესმოდეს, რომ ფანობა, რომელიც ტერასებზე დგას ამ კლუბშია შეყვარებული და ეს ნამდვილი სიყვარულიაო. ფანი რომ გლანძღავს, გწყევლის და გაგინებს, სინამდვილეში თავის სიყვარულს იცავს და საერთოდ, რას იყურები ამ ქსელბში, თავს რატომ იტვირთავ, თამაშს მიხედე და მაყურებელი გაახარეო. 

არსენალი დიდად ვერ ახარებს ერთგულ მაყურებელს. ასეც თქვეს, სინამდვილეში ეს ბუინგი არა იმდენად ჯაკას, არამედ ემერის წინააღმდეგ იყო მიმართული და ბიჭზე გადაიარაო.

როგორც არ უნდა იყოს, ფანობის ქსელური ენაც ნამეტანია და იმაზე გადარევაც რომ შენიანები გაგინებენ.

სტადიონის არსი ესეცაა უძველეს დროთაგან, რომ ხალხი იქ სხვა რამ სეირ-საქმეთა შორის საგინებლდაც მიდიოდა. თავისუფლების ადგილი იყო,  მოკლედ. გადმოდგებოდა ხალხი და მიაგინებდა ბიზნატიის კეისარსა და შერჩებოდა ხახვივით.  თან, აი,როგორაა, რახან პროფესიონალი ხარ: ის კაცი ფულს იხდის და შენ იმ ფულს იღებ. ასეა, კლასიკურად, ძველბურად. ამიტომ, ეგება მინდორზე ის მოითმინო, რასაც პაბში არ მოითმენ. ძნელი მოსათმენია, ათასები ითმენენ, გულში პასუხობენ. ერთეულები ვერ ითმენენ ბოლომდე. გამიგონია, რომ თბილისის დინამოს კალთბურთელთა კაპიტანი ერთხელ აუვარდა ერთ ეგეთ მაგინებელს, ძლივს გამორთვეს ხელიდანო. წაგებული თამაში იმ წუთის დამთაავრებული იყო. თავისიანის გინებაზე ვამბობ. ქსელებმა ხომ საერთოდ, გახსნა ხელ-ფეხი.

 

 

კანტონამ ხო გლიჯა. თუმცა, ის თავისიანი  არ იყო. მგონი, თანდათან იქით წავა, როგორც რასიზმზეა. ძალიან ნელა წავა, მაგრამ როცა ერთეულები მოითემენენ და ათასები არა, შეიცვლება. გასაგებია,რომ საფეხბურთო სუბკულტურა. გულსიხმობს ამ შენიანის და სხვისიანის გინებას, მარა ყველაფერი იცვლება და ეგეც, ალბათ წავა უფლებების დაცვისკენ. ახლა, მთლად ჩოგბურთივით მარტო ტაში და რამეები ფეხბურთში არასდროს გამოვა. თუმცა, ეგეც. გამიგონია, რომ ერთ განთქმულ ჩოგბურთელს დაუსტვინა ვიღაცამ აწ გამქრალ თბილისის კორტებზე და ამან ამოხედა და დაუძახა: გადმოგიღებ კორტებიდან და შენ მოგი... ამ ჯაკას F…..off-ზე მეტი ნამდვილად დაუძახა. გაისუსა ყველაო.

მოკლედ, როგორც ძველად ეწერა დაწესებულებების კედლებზე: პატივი ეცით დამლაგებლის შრომას. არავინ არ სცმდა. თითქმის. გასაგებია, რომ ფეხბურთელი მილიონერია. თუმცა, გინებას ხელფასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

აი, ამ ჯაკას, რო გაყოლოდა. გუნდი და რას გვაგინებთ, როგორც ვიცით, ისე ვთამაშობთო, რა მოხდებოდა?