რუკაზე – ქართველები მონღოლეთიდან ფარერებამდე

სადაურსა სად წაიყვანო, ამაზეა ნათქვამი. ქართველი მწვრთნელები და ფეხბურთელები ეგზოტიკურ ქვეყნებში - ვინ, სად და როდის. ზოგჯერ გაგახსენდება რობინზონ კრუზო და მისი საოცარი თავგადასავლები.

თუმცა ჩვენ გვიკვირს და პალმებისა თუ ვეფხვების გარშემო თამაშობენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, ყველაზე მეტნი ბრაზილიელები არიან.

 

ამ სიაში ყველანი ვერ შევიყვანეთ და მომავალშიც გვექნება გაგრძელება. ახლა კი წარმოგიდგენთ ამ სიას:        

 

მონღოლეთი

გაიოზ დარსაძემ ორ მატჩში გაწვრთნა იქაური ეროვნული ნაკრები. ეს 2011 წელს. მუნდიალის შესარჩევების ისტორიაში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა მონღოლელებს: მიანმართან 1:0. თუმცა სტუმრად 0:2 დამარცხდა. დარსაძე, როგორც იცით, 2005 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა: ალენ ჟირესის მერე და კლაუს ტოპმიოლერის მოსვლამდე.

 

დარსაძე წლების განმავლობაში მუშაობდა სფფ–ის მწვრთნელთა განათლების კურსების ხელმძღვანელად. მონღოლეთში ფიფა–დან სპეციალური სასწავლო კურსით გააგზავნეს და იქ ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს ორ მატჩში.

 

  

 

ზვიად ციკოლია შარშანწინ მონღოლეთის კლუბ ერჩიმში თამაშობდა. მონღოლეთი ერთ-ერთი უსუსტესი ქვეყანაა ფეხბურთში და ჩემპიონატიც, აბა, რა უნდა ჰქონდეს. ციკოლია შარშან და შარშანწინ გამოდიოდა ერჩიმში, რომელიც იქაური შერიფივითაა, თითქმის სულ ჩემპიონი ხდება. ციკოლია საქართველოში მარტვილის მერანსა და ოზურგეთის მერცხალში თამაშობდა.

 

მონღოლეთი ძლიერია სუმოში, ცხენოსნობაში, ტყვიის სროლაში, ძიუდოში...  ძველად კი მონღოლური ურდოები მთელ მსოფლიოს აზანზარებდა და ეს საქართველომაც მწარედ იგემა.   

 

ბანგლადეში

აქ ნათამაშევი აქვს გიორგი ძნელაძეს. 1997 წელს გამოდიოდა დედაქალაქ დაკას კლუბში, აბაჰანი ლიმიტედში. სხვათა შორის, ამ კლუბს 36 000–იანი სტადიონი აქვს.

 

ძნელაძე 1968 წელს ხონში გახლავთ დაბადებული. საქართველოს ბევრ კლუბში თამაშობდა.

 

ბანგლადეში სამხრეთ აზიაშია. ბევრი რამით არის ცნობილი, მათ შორის, ბენგალური ვეფხვით. ფეხბურთისა კი რა გითხრათ, ფიფას რეიტინგში 192–ე ადგილზეა.

 

ტუნისი

ნუგზარ კვირტიამ კარიერის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში გაატარა, ახლაც იქაურ შულავანშია. 2014 წელს კი ტუნისის ზარზისში ითამაშა 6 მატჩი. ტუნისი აფრიკის ერთ–ერთი უძლიერესი საფეხბურთო ქვეყანაა, ხშირად გადის მუნდიალზე, მაგრამ აფრიკა მაინც აფრიკაა – ქართველთათვის ეგზოტიკური...

 

სამხრეთი აფრიკა

გიორგი ნერგაძემ 5 წელი გაატარა სამხრეთ აფრიკაში. ოთხი წელი იყო მოროკა სვალოუსში, მერე კი ბიდვესტ ვესტში. იქ თასიც მოიგო, ჩემპიონობამდე კი ცოტა დააკლდა და მეორე ადგილზე გავიდა.

 

 

ნერგაძე თბილისის დინამოს კაპიტანი გახლდათ და სწორედ დინამოს გერმანელი თავკაცის, რაინერ ცობელის, მიწვევით მოხვდა მოროკა სვალოუსში. ცობელი მოგვიანებით მოროკა სვალოუსის თავკაცი გახლდათ. გიორგიმ მშვენივრად ითამაშა სამხრეთ აფრიკაში, მოროკას ერთ–ერთი ლიდერი იყო...

 

ნერგაძე მაგრად თამაშობდა ქუთაისის ტორპედოში. წლეულსაც, მშობლიურ წყალტუბოს სამგურალში 8 მატჩი ჩაატარა. ახლა 36 წლისაა.

 

ვიეტნამი

ირაკლი კოხრეიძეს 2000–იან წლებში ნათამაშევი აქვს ვიეტნამისა და მალაიზიის ჩემპიონატებში.  

 

ფარერის კუნძულები

მამუკა ტორონჯაძემ და ვალერი იობაშვილმა ფარერების კლუბ სუდურუში ითამაშეს. მოგვიანებით, მთავარი მწვრთნელის თანაშემწეებიც გახდნენ.  

 

შემტევი ტორონჯაძე (ახლა 32 წლისაა) 2010 წელს იყო სუდურუში, მერე ქართულ გუნდებში ითამაშა, 2015 წელს სუდურუს დაუბრუნდა, ჩამოვიდა და ბორჯომში იყო, მერე კი კიდევ ფარერებზე – კლუბ სკალაში. ბოლო თვეებია, დუშეთის არაგვში გამოდის. დაახლოებით ასეთი გზა გაიარა 30 წლის იობაშვილმაც, ოღონდ წლეულს ჭიათურაში ითამაშა.  

 

ისე, ფარერებმა ერთ შესარჩევში ორჯერ მოუგეს საბერძნეთს, შარშან 21–წლამდელებში საქართველოსაც სძლიეს – 3:1.

 

ფარერები... ქვეყანა, სადაც თორმეტიდან ცხრა თვე ზამთარია და მზე სანატრელია. ზოგჯერ სტადიონზე ძლიეტრად თუ დაარტყამ, შესაძლოა, ზღვიდან ამოიტანონ ბურთი. თუმცა ფაქტია: ევროპის ჩემპიონ დანიის კაპიტანი ლარს ოლსენი, უკვე შვიდი წელია, ფარერის კუნძულების ნაკრებს თავკაცობს. ფარერები მსოფლიოში ყველაზე სუსტი ნაკრები ნამდვილად არაა.

 

სან-მარინო

კლუბ მურატაში 2009 წელს ითამაშა მარცხენაფლანგელმა გიორგი სალარიძემ. საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებში იყო ლევან ყენიასთან, ლევან მჭედლიძესთან, გიორგი მაკარიძესთან და სხვებთან ერთად. მერე იყო ჩიხურაში, გურიაში, სასკოსა და ბორჯომში. ახლა 28 წლისაა.

 

ტაილანდი

გიორგი ციმაკურიძემ ითამაშა ტოტ–ში (2010) და პათუმ იუნაიტედში (2012). ციმაკურიძე უკრაინისა და საქართველოს არაერთ კლუბში იყო. ასევე, სლოვაკურ ჟილინაშიც. ბოლო სამი წელია, მარტვილის მერანშია. გიორგი 35 წლისაა, კარიერის დიდი ნაწილი მარჯვენა მცველად აქვს გატარებული... იყო საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრების კაპიტანი.

 

ტაილანდში ასევე ნათამაშევი აქვს ზურაბ ცისკარიძეს, რომელმაც ორი წლის წინ ესპანეთი–საქართველოს დასამახსოვრებელ მატჩშიც (0:1) ითამაშა. ცისკარიძე სხვა კლუბში იყო: ბანგკოკ გლასში. ეს 2014–2015 წლებში.

 

ცისკარიძე, რომელიც ცნობილია 70 მეტრიდან გატანილი გოლებით, კანადისა და ამერიკის კლუბებშიც თამაშობდა.  ბოლო ორი წელია, შვედეთშია: კლუბ ესკილსტუნაში.  

 

ავღანეთი და მალდივის კუნძულები

ინტერვიუც გვქონდა გელა შეყილაძესთან. ახლაც მალდივის კუნძულების თავკაც პეტარ სეგრტის თანაშემწეა მალდივის ნაკრებში. ადრე კი ერთად მუშაობდნენ ავღანეთის ნაკრებში... როგორც იცით, სეგრტი იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი და ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდსაც უთავკაცა - ესტონეთთან 1:1, პორტუგალიასთან 0:2. ეს ათი წლის წინ.

 

 

შეყილაძე კი ჩვენი ნაკრების ყოფილი მცველია. იყო ბათუმის დინამოში, ბელგიურ ლიერსსა და რუზელარეში. ასევე, კიევის არსენალში.

 

მექსიკა

გიორგი მინაშვილი მექსიკის ცნობილი კლუბის, ამერიკის ასაკობრივში იყო, მერე კი მესამე დივიზიონის რამბოქსში ითამაშა და ტრავმის გამო დაასრულა კარიერა. ამჟამად ჩინეთში, ბეიჯინგ შუნ სტარ–ის აკადემიაში მუშაობს მწვრთნელად. მინაშვილი თბილისის დინამოსა და ლოკომოტივის აკადემიების დირექტორად მუშაობდა. ჩინეთში შარშან ზაფხულს წავიდა.  

 

აპოლონ ლემონჯავა! ის თავადაა ფეხბურთელი–ეგზოტიკა.  რომელსაც თითქმის ნახევარი მსოფლიო აქვს შემოვლილი და მეტწილად გასინჯვაზე. მოსკოვის სპარტაკი, ფეიენოორდი, ვიტესი, ატალანტა, შალკე, მარსელი, პარტიზანი, ბორდო, ალანია... ეს არასრული სიაა, სადაც გასინჯვაზეა ნამყოფი.

 

ლემონჯავამ რამდენიმე მატჩი ჩაატარა ბოსნიურ რუდარში, შემდეგ ჰოლანდიის ქვედალიგელ ლინდენში, ხორვატიის ველიკა გორიცაში, ინდონეზიის პელატიჰ პერსიბში.. მერე კი აღარსად ყოფილა.

 

სხვათა შორის, ლემონჯავას ერთი მატჩი საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშევი, ოღონდ ამხანაგურში. ეს 2011 წელს, როცა მწვრთნელი ოთარ გაბელია იყო. მოკლედ, საოცარი თავგადასავლები აქვს აპოლონს.