უტოპისტის ბლოკნოტიდან

... ტრიბუნაზე რამაზ შენგელიას რომ მოკრა თვალი და მომიტრიალდა, ხომ ის არისო. რომ დავუდასტურე რამაზის ეშხით კინაღამ მე გამომართვა ავტოგრაფი

ხვალ საქართველოს ნაკრები ისტორიაში 240-ედ ითამაშებს. 73 მოვიგეთ, 50 ფრე იყო, ხოლო 116 შეხვედრაში დავმარცხდით. ჩვენი წარმატება 41 პროცენტია. გოლები: 276-342.

ხვალ ვეთამაშებით შვეიცარიას, რომელსაც ადრეც შევხვედრივართ. სამჯერ დავტოლებივართ ერთმანეთს და შედეგი ასეთი გვქონდა: 0 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. წარმატება 16,67%. გოლები: 1 გავიტანეთ და 6 გავუშვით.

და თქვენი არ იყოს, მეც ძალიან მინდა ხვალ რომ მოვიგოთ. ჯერ ერთი გამარჯვება თავისთავად კარგია — სუფრასთან საქეიფოდ დაჯდომის წინ დროის მოსაკლავად ნარდს რომ თამაშობ, იქაც მოგება გინდა კაცს. მერე, ფიფას რეიტინგში კოეფიციენტი გიმაღლდება და ამით იქნებ ოდესმე, სადღაც, რაღაც ვიხეიროთ. და ბოლოს, ჩავხედოთ ამ ჩვენი „დ“ ჯგუფის ცხრილსა და კალენდარს. არა, ბოლოსწინა ადგილი არ აგვცდება, მაინც მეოთხეზე დავრჩებით და ჩვენს დაბლა მხოლოდ გიბრალტარი იფართხალებს, მაგრამ თუ მოვიგებთ, ქულებით შვეიცარიას დავეწევით და… მგონი, ძალიან გაგვიხარდება.

ვიცი, ამ უტოპიაზე რომ გაგეცინათ. ვიცი, რომ შვეიცარიას, რომელიც ისედაც ძალიან გვჯობია და თანაც შინ გვეთამაშება, ჩვენგან განსხვავებით ეს სამი ქულა სჭირდება კიდეც — მოიგებს და მეორე ადგილზე გავა. ნუ, თუ გიბრალტარმა დანიაში მასპინძლებს ბურთი თავზე არ გადააფხრიწა. თუ გადააფხრიწა და პირველზე იქნება.

და ისევ ვიცი რაც თქვით. ერთი ჩვენ მოვიგებთ შვეიცარიაში და მეორე გიბრალტარი დანიაშიო, მაგრამ რა იცი რა ხდება. აგერ, გრანიტ ჯაკა ნერვებზეა. არსენალში ფანებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად აგინეს. ნეტავ შენს შვილს კიბო დაემართოსო, ტრიბუნიდან უძახდნენ. ჰოდა, ხომ შეიძლება…


არა? მაინც არ შეიძლება? არსენალის ფანების ჯინაზე ჩვენს გაბრდღვნას და თავისთვის თუ სხვისთვის ათასი რაღაცის დამტკიცებას შეეცდება? 

ნუ, მაშინ აღარ ვიცი.

და ვითომ არც ის შეიძლება, ჩვენებმა შემთხვევით რომ გაიგიჟონ თავი? კარის გაჯახუნება მაინც ხომ გვჩვევია? მახსოვს, ქართულ პრესა-ტელევიზიაში ბევრჯერ თქმულა კარის კარგი გამჯახუნებლები ვართო. 

ასეა თუ ისე, ხვალ საქართველოს ნაკრები ისტორიაში 240-ედ ითამაშებს და მე, როგორც აურელიანო ბუენდიას მახსენდება ის დღე, როდესაც საქართველოს ნაკრებმა თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მოიგო. ეს 1991 წლის 2 ივლისს, კიშინიოვში მოხდა. მოლდოვა დავფლითეთ - 4:2. იქ გახლდით, ტრიბუნაზე. ჩინებული დარი იდგა. მაშინ მოლდოველებს ტოლად არ ვთვლიდით. ეგღა გვაკლდა. ჯერ კიდევ დიდი დინამოს „პახმელიაზე“ ვიყავით.

მახსოვს, ჩემს გვერდით მჯდომმა ადგილობრივმა გულშემატკივარმა გადაღმა ტრიბუნაზე რამაზ შენგელიას რომ მოკრა თვალი და მომიტრიალდა, ხომ ის არისო. რომ დავუდასტურე რამაზის ეშხით კინაღამ მე გამომართვა ავტოგრაფი.

გიგა ნორაკიძე იყო მაშინ ნაკრების მწვრთნელი. თამაშის მერე, სასტუმროსთან ავედევნე და სულ დეტალურად ვალაპარაკე. ყველაფერი გავარჩევინე, რა მოეწონა და რა არა. კეთილი კაცი იყო, სიტყვას ფასს არ დაადებდა. 

რა მახსოვს იცით? ასე მითხრა, ფეხბურთელებმა დავალება მხოლოდ პირველი 15 წუთით შემისრულეს, მერე კი თავის ჭკუაზე იბურთავესო. წარმოგიდგენიათ, რამდენად ვჯობდით მოლდოვას. თავის ჭკუაზე ბურთაობით მის მოედანზე ოთხი გოლი გავუტანეთ.  

იმ ამბიდან 10362 დღე გავიდა. ხვალ საქართველოს ნაკრები 240-ედ ითამაშებს და მე, თქვენი არ იყოს, ძალიან მინდა რომ მოვიგოთ.

რა ვიცი, რა გითხრათ, ალბათ უტოპისტები ვართ.