1000

როგორ დაიწყო ინგლისი, როგორ დაიწყო ნაკრები

ინგლისის ნაკრები ჩერნოგორიასთან თავის მე-1000 მატჩს ჩაატარებს ისტორიაში. ევრო 2020-ის შესარჩევ შეხვედრაში, უემბლიზე, ინგლისელები საგანგებო მაისურებით ითამაშებენ, რომლებზეც ყველა ფეხბურთელისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერია ამოტვიფრული

მართლაც შთამბეჭდავი ციფრია. ალბათ საინტერესო იქნება გავიხსენოთ როგორ იწყებოდა ყველაფერი, როგორი იყო სულ პირველი საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში ეროვნულ გუნდებს შორის.

ის 1872 წლის 30 ნოემბერის დღის ორ საათზე გაიმართა გლაზგოში, West of Scotland Cricket Ground-ზე. შოტლანდიამ ინგლისს უმასპინძლა და მეტოქეები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. 

ეტყობა ინტერესი დიდი იყო, რადგან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, გლაზგოს ყველაზე გავლენიანმა ყოველდღიურმა გაზეთმა, რამდენიმე წერილი მიუძღვნა მოვლენას. ფეხბურთის წესების შესახებაც კი დაწერა. წესები ძალიან იოლია, სულ 12 და არა 40, როგორც რაგბიშიო - წერდა გამოცემა.

შოტლანდიაში მაშინ სულ 10 კლუბი ყოფილა. მათგან საუკეთესო - ქუინზ პარკი. სწორედ ამ კლუბის მოთამაშეებმა შეადგინეს მასპინძელთა ნაკრების შემადგენლობის უმეტესობა.

 

 

საინტერესოა, რომ შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაცია, იმ მომენტისთვის არ არსებობდა, მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ შეიქმნა. გლაზგო რეინჯერსი სულ რამდენიმე თვის დაარსებული გახდათ, სელტიკი, ჰართსი და აბერდინი მოგვიანებით მოევლინენ ქვეყანას.

ადგილობრივმა გაზეთებმა მერე დაწერეს - ეს ყველაზე ხალხმრავალი მატჩი იყო, რომელიც ოდესმე გვინახავსო. სხვადასხვა ციფრს ასახელებდნენ 2 500-დან 4 ათასამდე.

სტადიონზე შესვლა ერთი შილინგი ღირდა, ქალბატონებისთვის უფასო იყო.

თუმცა, ჩანს ინტერესი მთლად საყოველთაო არ ყოფილა. მაგალითად გარდიანმა მხოლოდ 124 სიტყვა მიუძღვნა მატჩს. ამის ნახევარი კი შემადგენლობების ჩამონათვალი გახლდათ. იმავე გვერდზე გაცილებით დიდი მასალა იყო რქოსანი პირუტყვის ბირმინგემულ გამოფენაზე. თაიმზს საერთოდ არაფერი დაუწერია. 

Aberdeen Press კი წერდა: „ეს იყო საუკეთესო თამაში, რომელიც შოტლანდიაში უნახავთ. მასპინძლებს პირველ ტაიმში უპირატესობა ეპყრათ. ინგლისელებიც რამდენჯერმე დაემუქრნენ სქოთთა კარს. ყველაზე რეალური მომენტი კი შოტლანდიელ რობერტ ლეკის ჰქონდა, მის დარტყმას მაყურებელთა დიდი ნაწილი ტაშით შეეგება, რადგან გოლი ეგონათ (მაშინ კარს ბადეები ჯერ არ ჰქონდა), მაგრამ გაირკვა, რომ ბურთი ოდნავ აცდენოდა კარს.

 

 

ინგლისელებმა მეორე ნახევარში იძალეს. გამოირჩეოდნენ ჩარლზ ჩენერი და არნოლდ კირკ სმიტი. კატბერტ ოტაუიმ კი ყველა რაღაც უცნაური დრიბლინგით გააოცა.

საბოლოოდ გოლები არ გასულა. თუმცა, გოლები არც არავის ადარდებდა. შედეგი მაყურებლებმა მქუხარე ტაშით მიიღეს. აპლოდისმენტები მანამდე არ ჩამცხრალა, სანამ ბოლო ფეხბურთელმა არ დატოვა მინდორი.

კარგი დრო იყო. იდეა ისე მოეწონათ, რომ მომდევნო შეხვედრებში სტადიონზე უკვე 15 ათასამდე მაყურებელი გროვდებოდა.

ამჟამად ინგლისსა  და შოტლანდიას ერთმანეთში 114 მატჩი აქვთ გამართული და იმ პირველი თამაშის გარდა, უგოლოდ მხოლოდ ორი დათავრდა - 1970 წლის აპრილში და 1987-ის მაისში.