ლეონიდე (ATP. 2019. VII ამბავი)

იანვარში სტეფანოსი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. 

ATP. 2019 წლის 10 მოვლენა

სამი წლის წინ სტეფანოს ციციპასი კარგი ჩოგბურთელების კარგი სპარინგ-პარტნიორი იყო. ბერძენმა ავარჯიშა დომინიკ ტიმი და ავსტრიელმა მოუმატა. ბერძენი ერთი თვით აიყვანა როჯერ ფედერერმა და შვეიცარიელი კმაყოფილი იყო.

დღეს, ციციპასი ფედერერს და ტიმს უგებს.

დღეს, ციციპასი პირველი ათეულის სტაბილური წევრია.

დღეს, ბერძენი ამაყად იღებს მილოცვებს და ახალი გამოწვევისთვის ემზადება. ციციპასმა სეზონი მაგრად გახსნა და იდეალურად დაამთავრა.

იანვარში სტეფანოსი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. მოუგო ნიკა ბასილაშვილს. მოუგო პირველ წრეში მატეო ბერეტინის. მოუგო როჯერ ფედერერს. ნახევარფინალში მისი ატონალური სიმფონია რაფაელ ნადალის ტანგომ გადაფარა.

სეზონი კარგად დაიწყო.

ციციპასმა საკუთარი მწვანე მილი ლონდონში, ყველაზე პრესტიჟული და რთული ტურნირით შეკრა. სადაც კიდევ ერთხელ აწყენინა როჯერს, ფინალში გაესაუბრა ტიმს და გაძლო. ავსტრიელი იყო აკადემიური და ციციპასი - მოურიდებელი. ავსტრიელი იყო აკურატული და ციციპასი - რისკით იგებდა. ავსტრიელი იგებდა ელეგანტური კომბინაციებით და ციციპასი - ლაზერებით.

მან მოიგო ის, რაც დაიმსახურა.

მან მოიგო ტურნირი, რომელიც ჯერ არ მოუგია ნადალს.

2001 წლის შემდეგ, სტეფანოსი შემაჯამებელი კვირის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. ლეიტონ ჰიუიტის შემდეგ.

ერთი წლის წინ სტეფანოსმა გადაჯოკრა მილანში, პატარების გარჩევებში. ერთ სეზონში ბერძენი გაიზარდა და უკვე დიდები გაატარა სისხლის წვიმაში.

პრო ტურზე ლეონიდე გამოჩნდა.

თავი დახარეთ.