გასული კვირა

სულ სხვა ბულინგი, რომელსაც მხოლოდ კარგი თამაშით თუ დაამარცხებ…

ვნახე, ვიცი. ბოლო ერთ კვირაში ქართველი გულშემატკივრის მთავარი თემები რაც იყო გასაგებია და ბლოგიც ალბათ მათზე უნდა დაიწოს.
დავიწყოთ. მსაჯები… მსაჯებმა, მე თუ მკითხავ მარტო ახალგაზრდებს კი არა, დიდ ნაკრებსაც გაუფუჭეს საქმე. მე ასე აღვიქვი ყოველ შემთხვევაში. იქ, შვეიცარიაში, პირველ ტაიმში, ერთ ეპიზოდში, ჩვენი შეტევის დროს იმათმა მცველმა ხელით ითამაშა — ბურთს ხელი გაკრა თუ წააშველა. მოკლედ, პენალტი უნდა დანიშნულიყო. ნუ, მე ასე მინდოდა. ეს ამბავი დაახლოებით იმავე პერიოდში მოხდა როდესაც წაქცეულმა გიორგი ქვილითაიამ, ჩემი აზრით, შესანიშნავად აჰკრა ბურთს ფეხი, მაგრამ ის გარეწარი მაინცდამაინც ძელს მოხვდა. 
და ახლა რასაც ვიტყვი შეიძლება ხუმრობად ან სიმთვრალედ ჩამითვალოთ, მაგრამ ბურთთან მართლა სერიოზული პრეტენზია მაქვს. გადაგვეკიდა. თუ დაკვირვებიხართ, სხვისი დარტყმული შეიძლება სადღაც ტრიბუნისკენ წავიდეს, მერე დაბრუნდეს და კარში ისე შევარდეს, ჩვენი დარტყმული კი მაინცდამაინც რაღაცამ უნდა დააბრკოლოს… რა იყო ეხლა, შევარდნილიყო ქვილითაიას ამოკრული იმ დალოცვილი შვეიცარიელების კარში; ანდა, რამდენიმე დღის მერე, ხორვატებთან ამხანაგურ შეხვედრაში, სულ ბოლოს, ოთარ კიტეიშვილის დაყუმბარებული მაინცდამაინც მცველს არ მიგლეჯოდა… კარგი, იმ მომენტზე ხომ არ ვამბობ, ოთარ კაკაბაძის ხონჩით მირთმეული რომელიღაცამ კარში რომ ვერ გადაამისამართა. ამაზე დავწერ, რომ ვერ დაუმიზნა, დარტყმის სიზუსტე არ ეყო და სხვა, მაგრამ ერთხელ, შე მართლა ბურთო შენა, საჭირო მომენტში ხომ შეიძლება იქ შეხტე სადაც ქართველებს გვინდა. ტყუილად ხარ მრგვალი და ჰაერით გაბერილი?

 

თუმცა დავუბრუნდეთ მსაჯებს. მათმა საეჭვო გადაწყვეტილებებმა დიდებზე მეტად ახალგაზრდები დაგვიზარალა. საფრანგეთთანაც ბოლოწამს რაღაც უცნაური პენალტით დაგვსაჯეს და სლოვაკეთთანაც თითქოს არ იყო ლუკა ლეჩოშვილი გასაგდები. უფრო სწორად, ეჭვი მაქვს, რომ ორივე შემთხვევაში მეტოქის საწინააღმდეგოდ რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება მისაღები, არბიტრი თავს შეიკავებდა. და რას ნიშნავს ეს? იმას, რომ საფრანგეთს ასე იოლად პენალტს ვერ გაუბედავენ საქართველოს კი ინებეთ. და ეს ვისი ბრალია? რასაკვირველია ჩვენი. ავტორიტეტი ფეხბურთით მოიპოვება. რა მახსოვს იცით? ქართულ ფეხბურთს მართლა დიდი წონა როცა ჰქონდა, ვოვა გუცაევის ყოველ მეორე წამოწოლაზე მსაჯები სტვენა-სტვენით გარბოდნენ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ. 
ავტორიტეტი რომ გაქვს, მეტოქეც ვეღარ გაღიზიანდება, ამას როგორ ვერ ვუგებო და ბულინგს ვერ დაგიწყებს. ეს კი, ჩემო კარგებო, სულ სხვა ბულინგია. მას მხოლოდ კარგი თამაშით თუ დაამარცხებ…

და მაინც, ქება და დიდება ახალგაზრდებს! ყოჩაღ ბიჭებო. მართალია, წააგეთ (ისე, მეორე წაგებაში მთლად სხვებსაც ნუ დავადანაშაულებთ) მაგრამ თქვენი მეიმედება. თქვენგან დიდ ნაკრებში კარგ შევსებას ველი, ოღონდ ერთს გთხოვთ… თუ ოდესმე შვეიცარიაში გექნებათ თამაში, ტაბლოზე 0:0 ეწერება და მეორე ტაიმში უპირატესობა თქვენს ხელთ იქნება, უცებ ბურთს საკუთარი კარისკენ ნუ წაიღებთ, სიმძიმის ცენტრს იქით ნუ გადაიტანთ, მეტოქეს ნუ მიიპატიჟებთ და აუტკივარ თავს ნუ აიტკივებთ. შემოტრიალდით და ისევ შეუტიეთ, რადგან ჯობია თქვენ გაიტანოთ, ვიდრე თქვენ გაგიტანონ.

ეს ისე, შინაურულად.
და ბოლოს, ამ ალიაქოთში 1964 წლიდან 55 წელი გავიდა. სამოცდაოთხში დინამო პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

 

ჩვენი მოწიწება და პატივისცემა მიშა მესხის, სლავა მეტრეველის, გივი ჩოხელის, სერგო კოტრიკაძის, ბორის და გიორგი სიჭინავების, ჯემალ ზეინკლიშვილის, გურამ ცხოვრებოვის, ილია დათუნაშვილის, სიომა ბარქაიას თაობას.
დიდი იმედი მაქვს, რომ სული უკვდავია. მათი ფეხბურთის სულზე ვამბობ. და თუ ასეა, მაშინ იმედს ნუ გადავიწურავთ.