იტალიურის გაკვეთილები (ATP. 2019. VI ამბავი)

სტეფანოსი უკვე იყო ვარსკვლავი. ბერეტინი - გახდა ვარსკვლავი. 

ATP. 2019 წლის 10 მოვლენა

მატეო ბერეტინი 2019 წლის გამორჩეულ მოვლენებში სტეფანოს ციციპასზე წინ დავაყენეთ. იტალიელს არ მოუგია სეზონის შემაჯამებელი ტურნირი. იტალიელს არ მოუგია მასტერსი. იტალიელს არ მოუგია რამდენიმე ტურნირზე როჯერ ფედერერისთვის.

უბრალოდ, ციციპასისგან განსხვავებით, მისი პროგრესი მოულოდნელი, სენსაციური, სასიამოვნო და ეფექტური იყო.

სტეფანოსი უკვე იყო ვარსკვლავი. ბერეტინი - გახდა ვარსკვლავი.

მატეომ 2 ტურნირი მოიგო.

მატეომ 43 თამაში წამოიღო.

მატეო სეზონის ბოლო, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გავიდა, მოხვდა, დაიმსახურა იქ თამაში. ბერეტინის 2019 იყო ბარი უაითის კომპოზიციასავით მოქნილი და გამომწვევი.

უძლიერესი ჩაწოდება, სექსუალური დარტყმები ყველა წერტილიდან, უკომპლექსო თამაში მიღებაზე - ეს იტალიელის მენიუში შეტანილი კერძებია. ალბათ, ჯერ მხოლოდ აპეტაიზერები და ყველაზე გემრიელობები მოგვიანებით წამოვა.

ბერეტინიმ დაგლიჯა დიდი სლემის ორ ტურნირზე.

უიმბლდონზე ის მხოლოდ მეოთხე წრეში გავიდა, მაგრამ ეს გახდა მატეოს კარე. უკვე შემდეგ დიდ გარჩევაში ბერეტინი ამერიკულ სლემზე ოთხთა ფინალამდე მივიდა. პროცესში, გააჩერა დიდი ბიჭები - რიშარ გასკე, ანდრეი რუბლიოვი, გაელ მონფიზი და შემდეგ, ყველაფერი რაფაელ ნადალმა გააფუჭა.

ბერეტინის იტალიურის გაკვეთილები დაიწყო და თუ მატეოს არ მობეზრდება მოგება, ის კიდევ რამდენიმე საკაიფო სეზონს გვაჩუქებს.

მატეო გულშემატკივრობს როჯერ ფედერერს. და, რაფაელ ნადალს. მშვენიერი გამოვნება აქვს.

და, იტალიელის საყვარელი სპორტსმენი არის ლებრონ ჯეიმსი. უკვე ამის გამო, შემდეგ სზონში ბერეტინის ვგულშემატკივრობ.