არჩილ არველაძე: არ მინდა ზედმეტმა აჟიოტაჟმა ნაკრებზე ცუდად იმოქმედოს

არჩილ არველაძე - ფახთაქორზე, ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზე, ვატოზე...

უზბეკეთში ფახთაქორს შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა. გუნდი, რომლის თავკაცი შოთა არველაძეა, სელექციონერი კი მისი ძმა არჩილი, 6 ტურით ადრე ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა თასიც მოიგო და უდავოდ წარმატებული სეზონი გამოუვიდა.

 

უზბეკური გუნდის შთამბეჭდავ სეზონზე, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებზე და კიდევ არაერთ საინტერესო თემაზე ვეტერან ფეხბურთელს, არჩილ არველაძეს ვესაუბრეთ.

 

- ფახთაქორის სეზონს როგორ შეაფასებთ?

 

- სექტემბერში ჩემპიონი ჯერ არავინ გამხდარა. 6 ტურით ადრე ტიტული დავისაკუთრეთ და ამით რეკორდი მოვხსენით. ასევე უზბეკეთის თასიც მოვიგეთ. 100-ზე მეტი გოლი გავიტანეთ წლის მანძილზე და კიდე 4 მატჩია დარჩენილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სეზონს წარმატებულად შევაფასებ.

 

- კარგი სეზონის შემდეგ გუნდის ამბიციებიც გაიზრდებოდა

 

- 7 ტურით ადრე ჩემპიონობის გაფორმებზე არ ვფიქრობთ, ფახთაქორს ყოველთვის დიდი მიზნები აქვს დასახული. უზბეკეთში საუკეთესო გუნდია, სეზონის წინ ჩემპიონობასთან და თასის აღებასთან მიზანი აზიის ჩემპიონთა ლიგაში კარგად გამოსვლაა, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. აზიური ტურნირი ევროპული ჩემპიონთა ლიგისგან ძალზედ განსხვავდება და შეიძლება ითქვას, რომ ბევრად რთულია. აზიურ ლიგაში ბევრი მდიდარი გუნდი თამაშობს, ჩინური, არაბული, ირანული, იაპონური ჩემპიონატებიდან.

 

- რომელიმე ვარსკვლავის დამატებას ხომ არ აპირებთ? როგორც მაგალითად ბაბელი და ბენაიუნი...

 

- გამორიცხული არაა, თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით. ეგეთი ფეხბურთელების დამატება დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ასევე არ გვინდა აზიის დისბალანსი დავარღვიოთ. ზოგადად მაღალი დონის ფეხბურთელები აზიაში კარიერის ბოლოს მიდიან. ტრანსფერის დროს გამოსაცნობია ფეხბურთელი, რომელსაც დიდი თანხა არ დასჭირდება და თან გამოგადგება.

 

- 21 წლამდე ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებთ ამ შესარჩევში?

 

- პირველი ორი მატჩი მოვიგეთ, შემდეგ შეხვედრები ბრძოლაში წავაგეთ. სამწუხაროდ ბავშვური შეცდომები მოგვივიდა და დავისაჯეთ. უკვე დიდები არიან და საკმარისი გამოცდილება აქვთ, რომ მსგავსი შეცდომები არ დაუშვან. ისიც ფაქტია, რომ გუნდი სტაბილურად თამაშობს და მწვრთნელის ხელი ეტყობა. ბევრი შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს.  სამწუხაროა, რომ 21 წლამდელებმა ბოლო შეხვედრები დათმეს, თუმცა შანსი კიდევაა და საშინაო მატჩების მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

 

- მთავარ ნაკრებზეც გადავიდეთ.

 

- მიხარია, რომ შესარჩევი სტაბილურად ჩავატარეთ, თუ დანიასთან გასვლით შეხვედრას არ ჩავთვლით. ნაკრები უმეტესად თბილისურ შეხვედრებს ატარებდა კარგად, თუმცა შვეიცარიასთან პირველ ტურში შედარებით პასიურად გამოიყურებოდა ნაკრები. ამ თამაშში რამდენიმე ის ფეხბურთელი რომელთაც მეტი მოეთხოვებათ, არ იყვნენ ოპტიმალურ ფორმაში. თუნდაც ყაზაიშვილი, რომელიც ლიდერია. ჩემი აზრით მან ორივე ტაიმი კარგად უნდა ითამაშოს. გასაგებია რთულია, მაგრამ მაინც.

 

როცა ნაკრებს ვაკო, ოქრიაშვილი, ანანიძე აკლია, გუნდს ძალიან უჭირს. ხშირად დატვირთვა ახალგაზრდებზე გადადის, მაგალითად კიტეიშვილი, რომელიც ძალიან სტაბილურია. დაცვაშიც ასე თუ ისე კარგად გამოიყურება ნაკრები. აღსანიშნავია ქვილითაია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გულდასაწყვეტია, რომ ხშირად აკლია ნაკრებს. ისიც სათქმელია, რომ გიბრალტარის გარდა მინიმუმ ერთი შეხვედრა მაინც უნდა მოგვეგო. მაინც ვფიქრობ. რომ ჩვენი მთავარი მიზანი ერთა ლიგაში წარმატების მიღწევაა.

 

- ამ შესარჩევში ერთი დადებითი მომენტი იყო ის, რომ ბევრმა ახალგაზრდამ თავი კარგად წარმოაჩინა. კიტეიშვილი, არველაძე, ტაბიძე ...

 

- აქ მწვრთნელის ფაქტორია გამოსარჩევი. მიხარია, რომ ახალგაზრდებს მარტივად ენდობა. ზოგადად ვაისზე ბევრი იძახის, რომ შეცვლები უჭირს, თუმცა მწვრთნელია და უნაკლო არავინაა. ხარვეზები მას კი არა გვარდიოლასაც აქვს ხოლმე, ეს ჩვეულებრივი მომენტია.

 

როცა დიდ გუნდს წვრთნი არჩევანი დიდია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ასე არაა. ბევრი მწვრთნელია, რომელიც ახალგაზრდებს მარტივად ვერ ენდობა, ვაისი კი პირიქით, მათ საკმაო დროს უთმობს და ეს დიდი პლიუსია. შესაძლოა ვიღაცას მისი რჩეული 11 კაცი არ მოსწონდეს, თუმცა არავინ იცის ვარჯიშზე ვინ როგორ გამოიყურება. 

 

- ბელარუსთან რას ელით?

 

- ამ მატჩისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბელარუსი ჩვენზე ცუდი თუ არა ჩვენზე კარგი ნამდვილად არ არის. ჩვენი მომავალი მეტოქე ბატედან აწყობილი გუნდია და ეს მათთვის დიდი პლიუსი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია სახლის თამაშის ფაქტორი. არ მინდა გადამატებულმა მოლოდინმა ნაკრებზე ცუდად იმოქმედოს. მარტივ მაგალითს მოვიყვან, შარშან როცა მორაგბეთა ნაკრები იტალიაში ჩავიდა, ბევრი გულშემატკივარი მოგებას ელოდა, თუმცა საპირისპირო შედეგი დაფიქსირდა. იმის შემდეგ უფრო ძლიერ გუნდებთან უფრო კარგად ვითამაშეთ.  

 

- საქართველოს ჩემპიონატში პროგრესს თუ ამჩნევთ?

 

- დროის სიმცირიდან გამომდინარე, მატჩებს ვერ ვუყურებ და ამიტომ შეფასება გამიჭირდება. ფაქტია დაძაბულობა არის და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩემპიონატის საზომად ბევრი მაინც ევროტურნირებს მიიჩნევს, ქართული გუნდების მეტოქეები უმეტესად უცხოელებით არიან დაკომპლექტებულები, არარატიც კი.

 

კლუბებს უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეთ, ფეხბურთელებს ხელფასის პრობლემა უნდა მოეხსნათ. საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კარგი მწვრთნელი არის, თუმცა კახა ცხადაძე მაგალითად არ ჩამოვა, რადგან შესაბამის პირობებს ვერ შეუქმნიან.

 

ბათუმის დინამომ წლევანდელ ჩემპიონატს გარკვეული ხიბლი შესძინა. ვფიქრობ გეგუჩაძის შეგირდებისთვის ეს სეზონი მაინც წარმატრებულია. ახლად გადმოსული გუნდისთვის მეორე ადგილი მშვენიერი შედეგია. მართალია ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდათ და ზედიზედ რამდენიმე წარუმატებელმა შეხვედრამ უკან დახია, თუმცა მაინც კარგი სეზონი გამოუვიდათ.

 

- ვატოზე მინდა გკითხოთ, ტრავმირებულია და როდისთვის დაუბრუნდება მოედანს?

 

- წესით მალე განაახლებს ვარჯიშს, ოღონდ მსუბუქად და მერე იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ იგრძნობს თავს. სამწუხაროდ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები გამოტოვა კლუბშიც და ნაკრებშიც. ვატოც დააკლდა გუნდს და თავად მასაც სურდა ამ თამაშებში მონაწილეობის მიღება. იგივე უნდა ვთქვა გიორგი არაბიძეზეც, რომელმაც ბოლო მატჩები გამოტოვა.

 

ზოგადად ფეხბურთში ტრავმები გახშირდა, თუმცა ჩვენ უფრო გვეტყობა ხოლმე, რადგან 1 და 2 ფეხბურთელის შეცვლა ძალიან რთულია. ბარსელონას უჭირს 2-3 ტრავმირებულის ფონზე თამაში და ქართულ გუნდსაც რომ გაუჭირდეს, ამაში გასაკვირი არაფერია.