მარადიული აწმყო

დღეს ვინმეს შეიძლება გაეცინოს. მე კი ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი...


ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს თავის დუქანთან მიბმული ყოჩით, —  წერდა იოსებ გრიშაშვილი როდესაც ძველ თბილისს იხსენებდა.

მართლაც სადღა ნახავ. უვლის და უვლის დედამიწა მზეს ულმობლად და ყოველ ახალ თაობას ჰგონია, რომ მისი დროება სამუდამოა, მისი სიტყვა — საბოლოო. მეც ასე ვიყავი. არა, გონებით რასაკვირველია ვიცოდი, რომ ოდესმე ჩვენი დროც ჩაბარდებოდა წარსულს, მაგრამ გული თავისას უბერავდა. 

ახლა რომ ვიხსენებ, იმ დიდმა დინამომ სულ ხუთი წელიწადი გაძლო. ხუთად ხუთი. ნუ, თუ გინდა ექვსი. 1976-ში საბჭოთა კავშირის თასი მოიგო და 1981-ში თასების მფლობელთა თასი. შუაში კიდევ ერთხელ მოიპოვა სსრკ თასი და ერთხელაც ჩემპიონიც გახდა. გარდა ამისა იყო დაუვიწყარი შეხვედრები ლივერპულთან, ინტერთან, გრასჰოპერთან, ჰამბურგთან, ვესტ ჰემთან, ფეიენოორდთან, ნაპოლისთან, სტანდარდთან… ზოგი მოვიგეთ, ზოგი ალალად წავაგეთ, ზოგი წაგვაგებინეს, ზოგ შეხვედრაში კი თავსაც გადავახტით და მსაჯსაც.

მაშინ, ის ხუთი თუ ექვსი წელიწადი მარადიული მეგონა. დრო თუ გადიოდა ვერ ვხვდებოდი. ვერც ის წარმომედგინა, რომ ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, დარასელია, ჩივაძე და სხვები ოდესმე ფეხბურთიდან წავიდოდნენ. ვინმეს ცხოვრებიდან წასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

ვცხოვრობდი დიდი დინამოს სამყაროში და ხუთი-ათი წლის წინანდელი ამბები მითოლოგიად მეჩვენებოდა. არადა, რამდენჯერმე მიშა მესხი მყავს ვეტერანებში ნანახი. კიდევ, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა.


ძველებისგან ვიცოდი, რომ მესხისტები მეორე ტაიმში ტრიბუნას იცვლიდნენ. იქით გადადიოდნენ, საითაც დიდ მიშას უნდა შეეტია. თუ ვინმემ ვერ წარმიდგინა, მოგახსენებთ, რომ მაშინდელი ფეხბურთელები ერთმანეთს ადგილებს თითქმის არ უცვლიდნენ და ამას თავისი მუღამი, კოლორიტი ჰქონდა. იცოდი მესხი სად იყო. ისიც იცოდი სადაც ის იყო, რა მოხდებოდა. თითქოს, სამყაროში ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მორგებული. 

ჰოდა, ერთხელ დინამოზე ვეტერანების თამაში გამოაცხადეს. წავედი და… მესხი ვნახე. ჩემი თვალით ვიხილე პილიგრიმობა — როგორ ადგნენ შესვენებაზე მესხისტები და როგორ გადავიდნენ იქით, დიაგონალზე, გადასწვრივ.

დღეს ვინმეს შეიძლება გაეცინოს. მე კი ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი. მართალია, ყველაფერი დაგრაგნილი ეტრატებიდან ცოტა ხნით გაცოცხლებული ხილვა მეგონა, მაგრამ ლეგენდარული პილიგრიმობის ცოცხალი მოწმე ვიყავი. მესხის ფინტიც კი ვნახე ცოცხლად…

ზემოთ, არც მეტრეველი და ხურცილავა მიხსენებია ტყუილად. ფეხბურთელობისას ხურცილავა ერთი-ორჯერ ნანახი მყავდა ტელევიზორით. მისი გაცილების მატჩს კი დავესწარი. აი, მეტრეველი არ ვიცოდი. ჩემთვის მარჯვენა ფრთაზე ცხოვრება ვოვა გუცაევით იწყებოდა. მოკლედ,  ნახვა რასაც ჰქვია, არც ერთი არ მენახა, მაგრამ ვეტერანებმაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს. მეტრეველი ქარივით თუ ისარივით მეჩვენა, ხურცილავა კი ერთ მოძრაობაში თითქოს რამდენიმე ქვე-მოძრაობას ასწრებდა. ოცდაათს გადაცილებულიც არანორმალურად მოქნილი ჩანდა. ზამბარასავით იყო. ფეხბურთისთვის თავი უკვე რამდენიმე წლის დანებებული ჰქონდა, მაგრამ ძალიან მაღლა ხტებოდა.


და იყო კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ვეტერანებში მომაჯადოვა. ის რუსი ედუარდ სტრელცოვი გახლდათ. ადამიანი, ვისაც კომუნისტებმა ვიღაც ჩინოვნიკის შვილთან დაწოლისთვის ზონაში უკრეს თავი. საუკეთესო წლები წაართვეს; თავის ნაკრებსაც ხომ დააკლეს მისი დიდი ნიჭი და მერე, როდესაც ციხეგამოვლილმა მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშა, კომენტატორები მის გვარს არ ასახელებდნენ. მარტო ნომრით აცხადებდნენ. 

აი, სეთი იყო საბჭოთა კავშირი. ასეთი იყო ის ეპოქა. და ასეთი ვიყავი მე, სკოლის მოსწავლე, რომელიც დაჭყეტილი თვალებით ვუყურებდი ჩემს მარადიულ აწმყოსაც და ძველების მითოლოგიურ წარსულსაც. თუნდაც სულ რამდენიმე წლის წინანდელს.

ოღონდ, ახლა ეს ყველაფერი რატომ მოვყევი, ნამდვილად არ ვიცი.