დინამოს მეჩვიდმეტე გაელვება!

თბილისის დინამო ჩემპიონია!

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურს პასუხი უნდა გაეცა, თუ რომელი დინამო გახდებოდა საქართველოს ჩემპიონი. თბილისელები საკუთარ კედლებში უკვე გავარდნილ ვიტ ჯორჯიას დაუხვდნენ და ქულების დაკარგვა, თუ ბათუმის დინამო მოიგებდა, ტიტულის დაკარგვას ნიშნავდა.

 

ამიტომ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მეტოქე თავიდანვე წნეხში მოაქცია. ვიტ ჯორჯიას კართან ბევრი მომენტი შეიქმნა, მაგრამ პირველ ნახევარში გოლი მხოლოდ ერთხელ, 36-ე წუთზე კუტალიას ზუსტი დარტყმის შემდეგ გავიდა.

 

მეორე ტაიმში მოედანზე ყველაფერს ისევ დინამო აკონტროლებდა. ვიტ ჯორჯიას ბურთი ჰქონდა, თუმცა ეს დინამოს ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო და არა უპირატესობის დაკარგვა. 87-ე წუთზე, ზარიას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, დაფემ ცარიელ კარში გოლი გაიტანა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

 

თბილისის დინამომ უფრო დიდი ანგარიშით რომ ვერ მოიგო, პირველ ყოვლისა, ვეტერინართა მეკარის, ისერგიშვილის დამსახურებაა.

 

საბოლოოდ, დინამოს სასარგებლოდ - 2:0  

 

თბილისელები ჩემპიონები ისტორიაში მეჩვიდმეტედ გახდნენ. ბოლოს, ეს ტიტული მათ 2015-16 წლების სეზონში მოიპოვეს.

 

რაც შეეხება ბათუმის დინამოს, მან ლოკომოტივთან უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო და დინამოს ფეხიც რომ დასცდენოდა, ამით ვერ ისარგებლებდნენ.

 

ეროვნული ლიგის ბომბარდირი 19 გოლით ლევან კუტალია გახდა.