ბავშვთა მწვრთნელი – ბავშვთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე, გადაჭრის გზებზე, ახალ იდეებზე…

12:33 / 16 სექ 2021
ბავშვთა მწვრთნელი – ბავშვთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე, გადაჭრის გზებზე, ახალ იდეებზე…

წლებია ისმის, რომ ბავშვთა ფეხბურთში პრობლემებია და უნდა მიეხედოს. ამაზე ყველა საუბრობს, ვისაც ქართულ ფეხბურთთან რაიმე სახის შეხება აქვს, თუმცა ქმედითი ნაბიჯები იშვიათად თუ იდგმება.

ბავშვები ხშირ შემთხვევაში არასწორად იზრდებიან საფეხბურთო განათლების კუთხით, ფიზიკური აღზრდის, მენტალობის თუ სხვა მიმართულებებით. ამ თემაზე სასაუბროდ Leadersport.ge ბავშვთა მწვრთნელს შეხვდა, რომელიც 21 წელია, რაც ამ საქმეშია. შალვა წიქარიშვილს B და C ლიცენზია აქვს და მალე A ლიცენზიაზეც აპირებს საბუთების შეტანას.

“საფეხბურთო კარიერა ტრავმების გამო ადრე დავასრულე და მაშინვე მწვრთნელობას შევუდექი. უკვე 21 წელია, რაც ბავშვთა ფეხბურთში ვარ. ამჟამად საფეხბურთო სკოლა გოლეადორში ვმუშაობ, სადაც 8-12 წლამდე ბავშვებს ვავარჯიშებ. თავის დროზე კლუბ ვოიაჟში გახლდით, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო კლუბი დაიშალა. ასსევე ვიყავი საფეხბურთო სკოლა გრანდში.

რამდენიმე წლის წინ ინტერის აკადემიის ხელმძღვანელები იყვნენ საქართველოში ჩამოსულები და მათთან მუშაობით ძალიან გავიზარდე. ბრიუგეს აკადემიიდანაც მაქვს შემოთავაზება, ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ, თუმცა არ ვიცი მომავალში რა იქნება.

ბავშვთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე

ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ინფრასტრუქტურაა. უმეტეს წილად ხელოვნურ საფარიანი მოედნებია, სადაც ტრავმის რისკი საკმაოდ მაღალია. აქედან ემართებათ ფეხბურთელებს მენისკი, შლატერი და სხვა ტრავმები. სასიხარულოა, რომ მოედნები კეთდება და იმედია კიდევ გაკეთდება. ამისთვის დიდი მადლობა ლევან კობიაშვილს, დავით მუჯირს, კახა კალაძეს და ყველას ვინც ამ პროცესშია ჩართული. მოედნები გაკეთდა ვაკეში, დიდ დიღომში, გლდანში და ვარკეთილში, სადაც თავადაც გახლდით ჩართული. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და იმედია კიდევ არაერთ ახალ მოედანს ვნახავთ. რაც შეეხება ტრავმებს, ტრავმას ხშირად არასწორი კვებაც იწვევს, ხშირად ბავშვი უჭმელი მიდის ვარჯიშზე და ეს რა თქმა უნდა მოქმედებს. ბევრ ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვი გამოკვებოს და ვიტამინები მიაღებინოს.

ჩემი აზრით, ბავშვთა ფეხბურთში გადასახადი არ უნდა იყოს, ან თუ იქნება მიზერული თანხის გადახდა უნდა იყოს საჭირო. ზოგან 150-200 ლარია გადასახადი და ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება ამ თანხას გაწვდეს. გარდა ამისა მწვრთნელმაც კომფორტულად იგრძნოს თავი ვარჯიშისას. სხვანაირად მგონი არაფერი გამოვა. გარდა ამისა, როცა მწვრთნელი წარმატებულ ფეხბურთელს გაზრდის, შემდგომში ამ მოთამაშისგანაც უნდა ეკუთვნოდეს გარკვეული თანხა. ეს ფედერაციის მხრიდან უნდა დარეგულირდეს.

ბავშვის არასწორ აღზრდას დავუბრუნდები, ბავშვებს უმეტესად უცხოური გრანდების მაისურები აცვიათ და არა ქართული კლუბების. ადრეულ ასაკშივე უნდა ყალიბდებოდეს ქართული კლუბის სიყვარული, რომ შემდეგ ამ სიყვარულით გაიზარდოს ბავშვი. ევროპაში სწორედ ამ მიდგომით იზრდებიან. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ქართული გუნდებიდან კვირაში რამდენჯერმე ფეხბურთელები საფეხბურთო აკადემიას ესტუმრებიან და მათთან ერთად ივარჯიშებენ ან ითამაშებენ. ამით ფეხბურთელების ცნობადობაც გაიზრდება და ბავშვებისთვისაც სტიმული იქნება.

ბავშვთა მუშაობის მხრივ კარგი საქმე კეთდება დინამო ბათუმში. როგორც ვიცი აკადემიას დიდ ყურადღებას აქცევენ. რა თქმა უნდა ძალიან კარგი აკადემია აქვს დინამო თბილისს. სამწუხაროა, რომ მთავარი გუნდი ვერ აღწევს წარმატებას.

ბავშვთა მიდგომაზე

უნიჭიერესი თაობა მოდის. თუ ჩვენ სწორ მიმართულებას მივცემთ, წარმატება აუცილებლად იქნება. ხშირად მშობლები პესიმისტურად უყურებენ სიტუაციას. არ უნდათ აქ თამაში და მშობლებს ბავშვები აზერბაიჯანში, ლატვიაში და მსგავს ქვეყნებში მიჰყავთ. აქვე უნდა იყოს განვითარების გეგმა, რომლის შედეგადაც ბავშვი ადრეულ ასაკში არ წავა. ქართველებმა ხშირად ვიცით ფეხბურთელი 2 კარგ თამაშს ითამაშებს და რა მაგარია, მაგარი კი არა მას კარგი უნდა ვუწოდოთ. ბავშვი იჯერებს, რომ უკვე შემდგარი ფეხბურთელია და ძალაუნებურად ზრდას წყვეტს.

ბავშვთა ფეხბურთზე მართლა ბევრი მიფიქრია. გვერდში დგომის შემთხვევაში, მთელ საქართველოს მოვივლიდი, ნიჭიერ ბავშვებს მოვიზიდავდი, ხელს შევუწყობდი და ვეცდებოდი სწორად გამეზარდა.

მშობლების ჩარევაზე

ყველა მშობელს მისი შვილი ყველაზე კარგი ჰგონია. რა თქმა უნდა ჩახედული უნდა იყოს, თუმცა მწვრთნელის საქმეში არ უნდა ჩაერიოს. მშობლები თამაშებისას ხშირად უხეშად ერევიან. თუ მან მწვრთნელზე უკეთ იცის, მაშინ რა აზრი აქვს ფეხბურთზე მიყვანას. როცა ლიცენზირებას გავდიოდი, გვითხრეს, რომ ბავშვი სკამზე არ უნდა იჯდეს. 12 წლამდე ყველა ჩართული უნდა იყოს. ბავშვი ვარჯიშს მოწყურებული უნდა იყოს და კიდევ და კიდევ უნდა უნდოდეს ვარჯიშზე მისვლა. ასე თუ არ ხდება, ეს უკვე მწვრთნელის ბრალია.

ფსიქოლოგის საჭიროებაზე

ფსიქოლოგი აუცილებლად საჭიროა, მისი და ექიმის გარეშე ბავშვთა ფეხბურთი წარმოუდგენელია. როცა ბავშვი თამაშზე მოდის, ოჯახურ პრობლემებს ივიწყებს და იქ იკეთებს ხასიათს. ამაში წვლილი ფსიქოლოგსაც შეაქვს, მასთან საუბარი ბავშვს ეხმარება ხასიათი გამოიკეთოს და სავარჯიშოდ განეწყოს. ევროპაში მსგავსი მიდგომაა.

კერძო სექტორის ჩართულობაზე

როცა რომელიმე გუნდის წარმომადგენელი ბიზნესმენთან მიდის და გვერდში დგომას სთხოვს, ბიზნეზმემი უმალ სვამს კითხვას ამით მე რა ხეირი. ეს მიდგომა არ უნდა იყოს. ბიზნესმენები კლუბების გვერდში დგომით ქვეყნის საქმეს აკეთებენ. ბიზნესის ჩართულობა ქართულ ფეხბურთში აუცილებელია.

მწვრთნელების გადამზადებაზე

აუცილებელია ბავშვთა მწვრთნელების გადამზადება. კვალიფიციური მწვრთნელის გარეშე ფეხბურთელი სწორად ვერ გაიზრდება. ლიცენზირებისას ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ვასილ მაისურაძეს და მის გუნდს.  ეს ცხადია მეც გამომადგება მეც და იმ ბავშვებსაც, რომლებთანაც ვმუშაობ და ვიმუშავებ.