ბარბოსა თოფურიასთან ბრძოლას გამოეთიშა – ვინ ჩაანაცვლებს ბრაზილიელს?

13:31 / 28 სექ 2022
ბარბოსა თოფურიასთან ბრძოლას გამოეთიშა – ვინ ჩაანაცვლებს ბრაზილიელს?

MMA Fighing-ის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს გასამართი ორთაბრძოლა, ილია თოფურიასა და ედსონ ბარბოსას შორის აღარ შედგება. როგორც ირკვევა, ბარბოსამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. ილიას და ედსონის ბრძოლა UFC Vegas 63-ის ეგიდით უნდა ჩატარებულიყო, დაპირისპირება კო-მეინ ივენთი იქნებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, ჩაანაცვლებს თუ არა ვინმე ბარბოსას, თუმცა ბრძოლამდე 1 თვეა, რაც არც ისე ცოტა დროა ბრძოლის ასაღებად. განვიხილოთ შესაძლო ვარიანტები:

ვინაიდან და რადგანაც, ილია TOP 15-ში შედის, თანაც წაუგებელი სერია აქვს, უნდა ველოდოთ რომ მისი მეტოქე კვლავ რანკირებული იქნება. ამჟამად, ილიას რეიტინგის შემოგარენში, 2 კონტენდერია ბრძოლის გარეშე. დენ იგე, რომელიც მე-11 პოზიციას იკავებს და ალექს კასერესი მე-15 პოზიციაზე. იგეს, ილია აქამდეც იწვევდა, როცა ევლოევთან ბრძოლა ჩაეშალა. მაშინ იგეს ახალ ნაჩხუბარი ჰქონდა და ასეთი სარისკო ბრძოლა არ აიღო, ახლა კი ვეტერანის ბოლო ბრძოლიდან 4 თვე გავიდა და უკვე დროა ოქტაგონს დაუბრუნდეს. კასერესსაც საკმაოდ დიდი ხანია არ უბრძოლია – ამერიკელმა ბოლო ბრძოლა მარტში გამართა.

მართალია, არც იგე და არც კასერესი ბარბოსას დონის სახელი არაა, თუმცა რეიტინგისთვის იგე მშვენიერი ვარიანტია, არც კასერესის დამარცხების შემთხვევაში დატოვებენ რეიტინგში დაუწინაურებელს ილიას. არ გამოვრიცხოთ ის ფაქტიც, რომ აღნიშნულმა მებრძოლებმა არ ისურვნონ ილიასთან ბრძოლა და ქართველის მეტოქე რეიტინგის მიღმა მყოფი სპორტსმენებიდან შეირჩეს.