ბასილაშვილმა ფაბიო ფონინი დაამარცხა

ბასილაშვილმა ფაბიო ფონინი დაამარცხა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაიწყო ATP-ის 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი. MUTUA MADRID OPEN-ზე წარმატებული სტარტი აიღო ნიკოლოზ ბასილაშვილმა – ქართველმა ჩოგბურთელმა 7:5 6:4 სძლია ფაბიო ფონინის და მეორე წრის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტი ნიკას უკეთესი გამოუვიდა – ზედიზედ ორჯერ მოიგო გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე და 5:2 დაწინაურდა. თითქოს საქართველოს პირველ ჩოგანს სეტი იოლად უნდა მიეყვანა ლოგიკურ გამარჯვებამდე, თუმცა ნაადრევად მოდუნდა და ამისთვის დაისაჯა. იტალიელმა ჩოგბურთელმა სწრაფ ტემპში მოიგო 3 გეიმი და წონასწორობა აღდგა. ნიკა დროულად გამოფხიზლდა – პარტიის მიწურულს შეძლო მობილიზება, მომდევნო 2 გეიმის მოგება და პირველი პარტია სათავისოდ დაიტოვა 7:5.

მეორე სეტის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. იტალიელი ვერ ახერხებდა პირველი მცდელობით ბურთის თამაშში შეყვანას,რაც ფაბიოს ნერვულ სისტემაზე მოქმედებდა და ემოციური ფონი იზრდებოდა. მე-5 გეიმში ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ შეასრულა ბრეიკი, მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე.

null

მატჩი 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 3 ეისი და 5 ბრეიკი იყო, თავისმხრივ ფონინიმ 1 ეისის წილ 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა და სამჯერ აიღო ქართველის ჩაწოდება. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 1:1 გახდა.

ტურნირის მეორე რაუნდში, ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება.

null